Facebook Twitter

ას-603-941-07 12 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. ნ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ნ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი _ არასრულწლოვანი შვილის ნახვის წესის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ნ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ნ-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის ნახვის წესის განსაზღვრის შესახებ შემდეგი საფუძვლით: მხარეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2004 წლის 27 იანვარს შეეძინათ შვილი _ ნ. მოსარჩელის სურვილის მიუხედავად, მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში, მოპასუხე მისი ნახვის უფლებას არ აძლევს. ამდენად, ლ.ნ-ს შესაძლებლობა უნდა მიეცეს წაიყვანოს შვილი ყოველ პარასკევს 17.00 საათიდან კვირის 21.00 საათამდე.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და დათანხმდა მოსარჩელისათვის შვილის დღის განმავლობაში გადაცემაზე, ხოლო ღამე, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, იგი უნდა დაუბრუნდეს დედას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. ნ-ს დაენიშნა შვილის _ ნ. ნ-ის ნახვისათვის 2 დღე, შაბათი და კვირა, დღის 10 საათიდან 20 საათამდე, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ლ.ნ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა, ლ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს დაენიშნა შვილთან ნახვის დღეები პარასკევის დღის 17 საათიდან კვირა დღის 21 საათამდე შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ორივე მხარეს ოჯახში შექმნილი აქვთ ბავშვის ნორმალური აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო პირობები. სააპელაციო პალატამ საქმის განხილვისას დაკითხულ ფსიქოლოგ ლ. ნ-ის ჩვენებაზე დაყრდნობით არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს არგუმენტი, რომ ბავშვის მოსარჩელესთან ღამით დატოვება გაუმართლებელია მისი მცირეწლოვნების გათვალისწინებით და სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1200-ე მუხლების, 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საფუძვლიანად ჩათვალა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ნ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად დაეყრდნო ფსიქოლოგის მწირ ახსნა-განმარტებას, ვინაიდან აღნიშნული პირისათვის უცნობია ნ. ნ-ის ხასიათი და ზნე-ჩვეულებები, რის გამოც მისი აზრი ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება. საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში, რომლის შესაბამისად საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

კანონმდებელი მითითებული ნორმებით განსაზღვრავს რა იმ მოთხოვნებსა და დავის კატეგორიებს, რომლებზედაც საკასაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია, სხვა დანარჩენ შემთხვევაში შეტანილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა ჩაითვალოს.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

წარმოდგენილი დავის საგანია მამის მიერ მცირეწლოვანი შვილის ნახვის წესის განსაზღვრა. აღნიშნულ საკითხზე კი არსებობს სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკა, რომელიც ეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1200-ე მუხლებსა და 1202-ე მუხლის პირველი ნაწილს. აღნიშნული ნორმები იმგვარად განიმარტება, რომ სათანადო პირობების არსებობისას არასრულწლოვანი ბავშვის ორივე მშობელს უნდა ჰქონდეს შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობა. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა. ნ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ა. ნ-ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.