Facebook Twitter

¹ას-60-409-07 26 აპრილი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საკასაციო საჩივრის ავტორი – ც. წ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. წ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ც. წ-მ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თ. წ-ის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით და ბავშვების აღსაზრდელად დედისათვის მიკუთვნება.

მოპასუხე თ. წ-მ სარჩელი არ ცნო და, თავის მხრივ, მოითხოვა ბავშვების აღსაზრდელად მამისთვის გადაცემა და ორივე მშობლისათვის ალიმენტის თანაბრად დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მას ყველანაირი პირობა გააჩნია ბავშვების ნორმალურად აღზრდა-განვითარებისათვის და ამასთან, როგორც მამა, ყოველთვის ზრუნავდა და ზრუნავს ბავშვებზე.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ც. წ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არასრულწლოვანი შვილები ს. და თ. წ-ები აღსაზრდელად დარჩნენ დედასთან, მამას _ თ. წ-ს მიეცა შვილების წაყვანის უფლება ყოველ შაბათს 10 საათიდან 20 საათამდე. თ. წ-ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახადა ყოველთვიურად 35-35 ლარის ოდენობით მათ სრულწლოვანებამდე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. წ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება რაიონული სასამართლოსათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა ც. წ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა თ. წ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ც. წ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ც. წ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. წ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ მისი და ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, იძულებული იყო შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც არ ჩაბარდა სასამართლო სხდომის შესახებ უწყება და შესაბამისად, ვერ შეძლებდა პროცესზე მოსვლას. კასატორის განმარტებით, საქმეში არსებობდა ცნობა მისი სამუშაო ადგილიდან და სასამართლოს შეეძლო შეტყობინება მისი სამუშაო ადგილის მიხედვითაც გაეგზავნა. გარდა ამისა, მიაჩნია, რომ, სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების თანახმად, სასამართლო ვალდებული იყო, უწყებები გაეგზავნა მისი წარმომადგენლისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ც. წ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვერ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან დადგენილია, რომ ც. წ-ს სსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა უწყება სხდომის შესახებ, თუმცა სასამართლოში შემოსული შეტყობინებით გაირკვა, რომ ც. წ-ე მის მიერ მითითებულ მისამართებზე (თბილისში, ... ქ. ¹20-ის ¹21 ბინაში და თბილისში, ... ქ. ¹41-ის ¹20 ბინაში) არ ცხოვრობს (ს.ფ.251, 252).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

აღნიშნული მუხლის თანახმად, რადგან უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება, სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე და გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო ის გარემოება, რომ მას მისამართის შეცვლის გამო უწყება ვერ ჩაბარდა, ვერ ჩაითვლება გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.

კასატორის განმარტება იმის თაობაზე, რომ მან მისი და ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ვერ ჩაითვლება გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, რადგან მითითებული მუხლის თანახმად, იგი ვალდებული იყო სასამართლოსათვის ეცნობებინა შეცვლილი მისამართის შესახებ, რაც ც. წ-ს არ გაუკეთებია.

ასევე კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ, სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების თანახმად, სასამართლო ვალდებული იყო უწყებები გაეგზავნა მისი წარმომადგენლისათვის, საკასაციო სასამართლოს აზრით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია არასაპატიო მიზეზად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო, ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში და მოქალაქეთა მიერ გაცემული მინდობილობები დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ ც. წ-მ მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის განხილვის დღეს წარმოადგინა რწმუნებულება, რომელიც გაცემულია 2006 წლის 6 დეკემბერს (მას შემდეგ, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი), საქმეში წარმოდგენილი ადვოკატის ორდერით კი დგინდება, რომ წარმომადგენელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში (ს.ფ.11). სხვა ორდერი ან რწმუნებულება საქმეში მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ც. წ-ს წარმომადგენელ ნ. ფ-ს არ გააჩნდა სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილება და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს, საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება, მისთვის 2006 წლის 7 ივლისის სასამართლო სხდომის შესახებ უწყების გაგზავნის თაობაზე, არ გააჩნდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს; ც. წ-ის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდება საქმის მასალებით, განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ც. წ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.