საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-604-942-07 18 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე,მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ჩ-აძე, შ. ქ-აძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – გ. ს-აძე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-აძე, მ. მ-აძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 23 აგვისტოს თ. ჩ-აძემ და შ. ქ-აძემ მოპასუხეების – მ. გ.იძის და მ. მ-აძის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მ. გ.იძესა და მ. მ-აძეს შორის 2003 წლის 17 ივნისს სანოტარო წესით დამოწმებული ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩა ¹58, ბინა 8-ში არსებული საცხოვრებელი ბინის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი დადებული იყო მოჩვენებით, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა.
მოსარჩელეთა მითითებით, 2002 წლიდან მოსარჩელეებსა და მ. გ.იძეს შორის მიმდინარეობს დავა თანხებთან დაკავშირებით და მოპასუხე მ. გ.-ემ იმ მიზნით, რომ ვერ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება თანხების დაკისრების თაობაზე, 2003 წლის 17 ივნისს მის სახელზე რიცხული ბინა აჩუქა მეუღლეს – მ. მ-აძეს. აჭარის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. გ.იძეს დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ 27 450 აშშ დოლარისა და 3000 ლარის გადახდა, რაზედაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე, მოსარჩელეთა მითითებით, მათ გაიგეს მ. გ.-ის მიერ ბინის გასხვისების შესახებ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს 2003 წლის 17 ივნისს სანოტარო წესით გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ჩ-აძისა და შ. ქ-აძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მ. გ.იძესა და მ. მ-აძეს შორის 2003 წლის 17 ივნისს გაფორმებული ბინის ჩუქების ხელშეკრულება. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეილება ძალაში იქნა დატოვებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, რაც მ. გ.-იძისა და მ. მ-აძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის განჩინებით და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ჩ-აძემ და შ. ქ-აძემ
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით თ. ჩ-აძისა და შ. ქ-აძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო უცვლელი დარჩა ბათუმის საქაალქო სასამართლოს 2006 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.
პალატამ მიიჩნია, რომ 2003 წლის 17 ივნისს მ. გ.-ემ თავის სახელზე რიცხული ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹58, ბინა ¹8-ში არსებული ბინა აჩუქა მეუღლეს – მ. მ-აძეს
პალატამ ასევე მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებანი, რაც მოპასუხეთა შორის 2003 წლის 17 ივნისს დადებული ბინის ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებითი ან თვალთმაქცური ბუნების დამადასტურებელი იქნებოდა და გარიგების ბათილობის საფუძველი გახდებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის განჩინება თ. ჩ-აძემ და შ. ქ-აძემ გაასაჩივრეს საკასაციო წესით.
კასატორების აზრით, სააპელაციო სასამართლომ ცალმხრივად არ გაიზიარა და დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ მოპასუხის განმარტებას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ მაშინ, როცა მოხდა სადავო ხელშეკრულების გაფორმება, მხარეებს შორის არ არსებობდა არანაირი დავა, რაც უფლებას აძლევდა მოპასუხეს მოეხდინა იმ უძრავი ქონების მეუღლის სახელზე ფორმალურად გადაფორმება, რათა ვერ აღსრულებულიყო სასამართლოს ის გადაწყვეტილება.
კასატორის განმარტებით სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ და არაკანონიერად გაიზიარა ის გარემოება, რომ მაშინ როცა მოხდა სადავო ბინის გაჩუქება მხარეთა შორის დავა არ არსებობდა. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმის წარმოება 2003 წლის 22 აპრილის განჩინებით შეწყდა არაუფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ კი კასატორთა შვილის მიერ. ამასთან შ. ქ-აძის მიერ მინიჭებულ მინდობილობას ვადა ჰქონდა გასული და იგი ვერ იქნებოდა ამ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.
ასევე კასატორის განმარტებით სასამართლომ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია სრულად საქმის მასალები, ამასთან არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმება.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებით თ. ჩ-აძის და შ. ქ-აძის წარმომადგენლის გ. ს-აძის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელეები მ. გ.იძისა და მისი მეუღლის მარგალიტა მჭედლიძეს შორის 2003 წლის 17 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილობას ითხოვდნენ იმ საფუძვლით, რომ მითითებულმა პირებმა ხელშეკრულება დადეს მოჩვენებით, რათა თავი აერიდებინათ მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად გაჩუქებულ ნივთის რეალიზაციისაგან. აღნიშნული მოსაზრების მართებულად მიჩნევისათვის აუცილებელია მ.გ.-ესათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანხის გადახდის დამავალებელი გადაწყვეტილების არსებობა. ასეთად კი მხარე მოიაზრებოდა მოსარჩელეთა და მერაბ გირველაძეს შორის არსებულ სხვა დავაზე გამოტანილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც გაუქმებულია სასამართლოს მიერ. დღეისათვის კი კანონიერ ძალაშია შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც თ.ჩანლაძეს და შ.ქ.-ეს უარი ეთქვათ მ.გ.-ისათვის მათ სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს. ის ფაქტი, რომ გარიგება მოჩვენებითია მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მხარის განზრახვას გარიგების დადების დროს. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ იმ განზრახვაზე, რომელიც მოსარჩელის განმარტებით გააჩნდათ მხარეებს, მაგრამ აღნიშნული მოსაზრება უსაფუძვლოა, რადგან დღეისათვის მ. გ.-ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით კასატორთა სასარგებლოდ არავითარი ვალდებულება არ დაკისრებია. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობა წარმოადგენს აღიარებით სარჩელს და თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლისა უნდა არსებობდეს იურიდიული ინტერესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ასეთი აღიარებისა. კასატორები გარიგების ბათილობის იურიდიულ ინტერესს აფუძნებდნენ თ.ჩ.-ეს, შ.ქ.-ესა და მ.გ.-ეს შორის არსებულ დავას, რომელიც დღეისათვის დამთავრებულია და ამ უკანაკნელის მიმართ მოთხოვნა უარყოფილია სასამართლოს მიერ. ასეთ შემთხვევაში კი აღარ არსებობს იურიდიული ინტერესი, რაც თავისთავად აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო ფაქტორია. გარიგება კი რომლითაც მ.გ.-ემ თავის მეუღლეს აჩუქა ბინა, არ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ გარიგება ცოლ-ქმარს შორისაა დადებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
თ. ჩ-აძის და შ. ქ-აძის წარმომადგენლის გ.სირაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბლოოა და არ გააჩივრდება.