Facebook Twitter

¹ას-605-943-07 7 მარტი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ნ. გ-ე, შ. ხ-ი, ზ. წ-ე, ნ. ბ-ე, ე. ბ-ი, ო. ლ-ე, დ. წ.-ჯ-ი, გ. ჩ-ე, ა. პ-ე, ზ. ლ-ე, მ. ს-ე, მ. ბ-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ კოოპერატივი «ქ. ქ.» და კახეთის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხეები)

დავის საგანი _ ყადაღის აქტების ბათილად ცნობა და ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

კორპორაცია «ქ-ის» მეანაბრეთა ჯგუფმა 2001 წლის აგვისტოში სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს აღმასრულებელი გ. მ-ის, კოოპერატივ «ქ. ქ-ს» დირექტორის, ... ბიუროს მიმართ, მესამე პირად მოპასუხეების მხარეს მიუთითეს დედოფლისწყაროს რაიონის საგადასახადო ინსპექცია და მოითხოვეს დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს ყოფილი აღმასრულებლის ზ. ბ-ის მიერ გამოცემული 1999 წლის 30 აპრილის და 2000 წლის 19 მაისის ყადაღის აქტების არაიურიდიული ძალის მქონედ გამოცხადება და ბათილად ცნობა, უკანონო ყადაღისაგან კოოპერატივ «ქ. ქ-ან» 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით საკუთრებაში გადმოცემული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. მათ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით სააღსრულებო ფურცლებით მისაღები აქვთ სხვადასხვა ოდენობის თანხები: ნ. გ-ეს მისაღები აქვს 2097 აშშ დოლარი, დ. წ.-ჯ-ს 17948,46 აშშ დოლარი, ე. ბ-ს _ 29649 აშშ დოლარი, კ. ლ-ეს _ 65597 აშშ დოლარი, ზ. ლ-ეს 5113 აშშ დოლარი, მ. ბ-ს _ 409 აშშ დოლარი, მ. ს-ეს _ 649 აშშ დოლარი. სასამართლო გადაწყვეტილებების რეალურად აღსრულების უზრუნველყოფა ეკისრებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს აღმასრულებლებს, რომლებმაც კანონის დარღვევით, მოვალისათვის ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ წინადადების მიცემამდე 1999 წლის 30 აპრილს მოახდინეს 140000 ლარის ღირებულების ქონების დაყადაღება, საიდანაც 118000 ლარის ქონება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნისას გაკოტრების დროებითი მმართველისა და გაკოტრების მმართველის მიერ სხვადასხვა პირებზე იყო გასხვისებული და კოოპერატივის ბალანსზე აღარ ირიცხებოდა. ამასთან აღნიშნული ყადაღის აქტი გაგზავნილი არ არის ნოტარიუსისათვის, ტექბიუროს, საჯარო რეესტრისა და სათანადო უწყებებისათვის. მოსარჩელეთა მითითებით, სასამართლო რეფორმის განხორციელებისა და სააღსრულებო ბიუროების შექმნის შემდეგ ნ. გ-ემ მეანაბრეთა სახელით სააღსრულებო ბიუროს უფროსთან გააფორმა ხელშეკრულება ¹2/89 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 57,688 აშშ დოლარის ამოღებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც 1999 წლის 25 ივნისს აღმასრულებელმა ზ. ბ-მა სააღსრულებო კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად წერილობით მიმართა კოოპერატივ «ქ. ქ-ის» დირექტორს 5 დღის ვადაში ნებაყოფლობითი აღსრულების მოთხოვნით. კოოპერატივმა დაიწყო ნებაყოფლობითი აღსრულება და მეანაბრეთა რწმუნებულს ნ. გ-ეს თანხის სანაცვლოდ ნატურით გადასცა კოოპერატივის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონება, რის შემდეგაც მათ მოითხოვეს ტექბიუროში, საჯარო რეესტრში და სხვა ორგანოებში ქონების გადაფორმება, სადაც დააყოვნეს მათ განცხადებებზე პასუხის გაცემა. 2000 წლის 19 მაისს აღმასრულებელმა ზ. ბ-მა მიუხედავად იმისა, რომ 1999 წლის 12 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი ქონება აღარ იყო კოოპერტივის საკუთრება და მოხსნილი იყო მისი ბალანსიდან, საგადასახადო ინსპექციის უფროსთან ერთად შეადგინა ყადაღის აქტი დედოფლისწაროს რაიონის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რომელშიც შეტანილია მათი კუთვნილი ქონება.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით კორპორაცია «ქ-ის» შპს «ა-ას» დაზარალებულ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულის ნ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნას დედოფლისწყაროს ყოფილი აღმასრულებლის ზ. ბ-ის მიერ გამოცემული 1999 წლის 30 აპრილის და 2000 წლის 19 მაისის ყადაღის აქტების არაიურიდიული ძალის მქონედ გამოცხადებისა და ბათილად ცნობის შესახებ, კოოპერატივი «ქ. ქ-ან» 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით საკუთრებაში გადაცემული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კორპორაცია «ქ-ის» შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებით კორპორაცია «ქ-ის» სამართალმემკვიდრე შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კორპორაცია «ქ-ის» შპს «ა-ას» დაზარალებულ მეანაბრეთა ჯგუფმა სარჩელი აღძრა მოპასუხეების კოოპერატივ «ქ. ქ-სა» და ... ბიუროს მიმართ ყადაღის აქტების ბათილად ცნობისა და ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 30 ოქტომბრის ¹6/35 გადაწყვეტილებით დედოფლისწყაროს რაიონის კოოპერატივ «ქ. ქ-ს» კორპორაცია «ქ-ის» სამართალმემკვიდრე შპს «ა-ას» სასარგებლოდ დაეკისრა 74.879 ლარის (57687,98 აშშ დოლარის) გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილებისა და დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების საფუძველზე ამავე სასამართლოს მიერ 1999 წლის 30 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. იმავე დღეს დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს აღმასრულებლის ზ. ბ-ის მიერ ყადაღა დაედო კოოპერატივ «ქ. ქ-ის» ქონებას. 1999 წლის 12 ოქტომბერს კოოპერატივ «ქ. ქ-ის» დირექტორ ა. პ-სა და კორპორაცია «ქ-ის» სამართალმემკვიდრე შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულ ნ. გ-ეს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების ორი აქტი, რომლებითაც მოსარჩელეს სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალის დაფარვის მიზნით გადაეცა კოოპერატივ «ქ. ქ-ის» ბალანსზე რიცხული ქონება. აღნიშნული ქონების ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე კოოპერატივ «ქ. ქ-ის» დავალიანების გამო შეტანილ იქნა დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს აღმასრულებლის ზ. ბ-ის მიერ 2000 წლის 19 მაისს შედგენილ ქონების აღწერის აქტში. სააპელაციო სასამართლომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მითითებით ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მოსარჩელე მოითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაყადაღებული ქონებიდან მისი კუთვნილი ქონების ამორიცხვას, კოოპერატივ «ქ. ქ-ან» ერთად სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს ასევე საგადასახადო ინსპექცია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ არ ჩააბა სათანადო მოპასუხედ საგადასახადო ინსპექცია, ამით დაარღვია კანონის მოთხოვნა, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შემცირდება იმ ქონების ოდენობა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დასაფარავადაა დაყადაღებული, რაც უშუალოდ შეეხება მოპასუხის ინტერესს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სათანადო მოპასუხის მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისითაც. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილი და ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თავისი მოთხოვნის საფუძვლად უთითებს კოოპერატივ «ქ. ქ-ის» დირექტორ ა. პ-სა და კორპორაცია «ქ-ის» სამართალმემკვიდრე შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულ ნ. გ-ეს შორის გაფორმებულ 1999 წლის 12 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტებზე, რომლითაც მოსარჩელეს ვალის დაფარვის მიზნით გადაეცა კოოპერატივ «ქ. ქ-ის» ბალანსზე რიცხული ქონება და რომლის ნაწილიც თავის მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე კოოპერატივ «ქ. ქ-ის» დავალიანების გამო შეტანილ იქნა დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს აღმასრულებლის ზ. ბ-ის მიერ 2000 წლის 19 მაისს შედგენილ ქონების აღწერის (დაყადაღების) აქტში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ ისე მიიჩნია სარჩელი უსაფუძვლოდ, რომ არანაირი შეფასება არ მისცა საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ კოოპერატივ «ქ. ქ-ის» დირექტორ ა. პ-სა და კორპორაცია «ქ-ის» სამართალმემკვიდრე შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულ ნ. გ-ეს შორის გაფორმებულ 1999 წლის 12 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტებს. სასამართლომ ასევე არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, რომელი ქონება გადაეცა კორპორაცია «ქ-ის» სამართალმემკვიდრე შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულ ნ. გ-ეს კოოპერატივ «ქ. ქ-ის» დირექტორ ა. პ-აგან 1999 წლის 12 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტებით და ამ ქონებიდან რომელი იქნა შეტანილი დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლო აღმასრულებელის ზ. ბ-ის მიერ 2000 წლის 19 მაისს შედგენილ ქონების აღწერის (დაყადაღების) აქტში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს კორპორაცია «ქ-ის» შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე პალატის სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ დაიცვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნა და არ შეამოწმა სააპელაციო საჩივარი დედოფლისწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. კასატორებმა მიუთითეს, რომ თელავის საგადასახადო ინსპექცია საქმეში ხან მოპასუხეა და ხან მესამე პირი .... ბიუროს მხარეს, დადგენილი და დადასტურებულია ისიც, რომ საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ დედოფლისწყაროს აღმასრულებელმა ზ. ბ-მა 2000 წლის 19 მაისს შეადგინა ყადაღის აქტი კოოპერატივ «ქ. ქ-ის» მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანების ამოსაღებად და ქონების აღწერის აქტში შეიტანა კოოპერატივ «ქ. ქ-ის» მიერ 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად გადაცემული სხვადასხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონება. 2000 წლის 19 მაისის ყადაღის აქტი აღმასრულებელს არ ჰქონდა წარდგენილი და საკასაციო საჩივრის შეტანის მომენტისათვისაც არ არის გაგზავნილი ნოტარიუსთან, საჯარო რეესტრში და სხვა სამსახურებში და ცხადია, რომ იგი არაიურიდიული ძალის მქონეა; მაგრამ ამ უკანონო და არაიურიდიული ძალის მქონე აქტით კოოპერატივ «ქ. ქ-ის» ხელმძღვანელი და საგადასახადო ინსპექციის მუშაკები უქმნიან პრობლემებს, რის გამოც სარჩელი შეიტანეს სასამართლოში. კასატორების მითითებით, განსახილველ საქმეში დადასტურებულია, რომ საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანებასთან დაკავშირებით 1999 წლის 16 დეკემბერს დაიწყო აღსრულება და 2000 წლის 19 მაისის ყადაღის აქტი შედგა სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების ამოსაღებად. სადავოდ არ არის გამხდარი ასევე, რომ კასატორების მიერ სარჩელი წარედგინა მოვალეს კოოპერატივ «ქ. ქ-ს» და კრედიტორს, რომელსაც ამ შემთხვევაში სახელმწიო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოსაღებ თანხაზე წარმოადგენს კახეთის სააღსრულებო ბიურო. კასატორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო პალატამ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 32-ე მუხლს არ მისცა სამართლებრივი შეფასება და არ გამოიყენა ამავე კანონის მე-18 მუხლი. კასატორების მოსაზრებით, თუ მესამე პირს შეუძლია სარჩელის წარდგენა მოვალისა და კრედიტორზე და სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოვალეა «ქ. ქ-ის კოოპერატივი, კრედიტორია «საგადასახადო ინსპექცია», ამ სარჩელზე მხარეები არ არსებობს, მაშინ კახეთის სააღსრულებო ბიურო არასათანადო მოპასუხე ყოფილა და სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, უნდა მიეთითებინა, რომ კახეთის სააღსრულებო ბიურო არასათანადო მოპასუხეა და იგი უნდა ამოირიცხოს საქმიდან და შეიცვალოს სათანადო მოპასუხით, რაც არ მიუთითებია. სააპელაციო სასამართლოს ასევე უნდა დაედგინა, რომ ვინაიდან ისინი არიან კოოპერატივ «ქ. ქ-ის» კრედიტორები და არ არიან «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 32-ე მუხლში აღნიშნული მესამე პირები, ამიტომ ისინი არასათანადო მოსარჩელეები არიან. კასატორებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიუთითა საგადასახადო ინსპექციის მოპასუხედ ჩართვასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად არ უთითებს არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, არც იმაზე, რომ სააღსრულებო ბიურო არის არასათანადო მოპასუხე. რაც შეეხება თანამოპასუხეს, მათ საგადასახადო ინსპექცია არ მიუთითებია საქმეში მოპასუხედ. საგადასახადო ინსპექციას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად შეეძლო შეეტანა დამოუკიდებელი სარჩელი მათ წინააღმდეგ. საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელს სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას არანაირი განცხადება და პროტესტი არ გამოუთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი მოპასუხე უნდა ყოფილიყო და რადგან მესამე პირს წარმოადგენს შეილახა მისი უფლებები.

სააპელაციო სასამართლომ არანაირი სამართლებრივი შეფასება არ მისცა 2002 წლის აპრილის სასამართლო სხდომის ოქმში დაფიქსირებულ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლითაც დადგენილია, რომ ნოტარიუსმა და აღმასრულებელმა ჩაიდინეს სამსახურებრივი სიყალბე, სააპელაციო პალატამ ასევე არანაირი შეფასება არ მისცა აღმასრულებელი ზ. ბ-ის და ნ. ბ-ის ქმედებებს, არ მოხდა დოკუმენტების სიყალბის შემოწმება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად.

სააპელაციო პალატამ არ შეაფასა საქართველოს კონტროლის პალატის დასკვნა და არც ყოფილი კოოპერატივ «ქ. ქ-ის» დირექტორის წერილობითი დოკუმენტაციები, რითაც როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლომ უგულვებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნა. კასატორებმა მიუთითეს, რომ სს «მ-ას» მათთან 135 ჰა ვენახზე გააჩნია უსაფუძვლო პრეტენზია, 2000 წლის 19 მაისის ყადაღის აქტში კი რომელზედაც მათ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე შეიტანეს საჩივარი, ვენახი შეტანილი არ იყო, მოსამართლის მიერ ამ საქმეების გაერთიანებას ადგილი არ ჰქონია, არც ამ საკითხზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ. საქმეში არსებობს ურთიერთგამომრიცხავი უამრავი დოკუმენტაცია, არ არსებობს საჯარო რეესტრის ცნობა იმის შესახებ, რომლის თანახმადაც «ქ-ის» მეანაბრეებზე გადაცემული ქონება დაყადაღებულია. სასამართლო აღმასრულებლები და დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახური მათ ქონების დარეგისტრირებაში უშლის ხელს. სააპელაციო პალატამ ასევე უგულვებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილი, რადგან მას თვითონ შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. გ-ის, შ. ხ-ის, ზ. წ-ის, ნ. ბ-ის, ე. ბ-ის, ო. ლ-ის, დ. წ.-ჯ-ის, გ. ჩ-ის, ა. პ-ის, ზ. ლ-ის, მ. ს-ის, მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს აღმასრულებელმა ზ. ბ-მა საგადასახადო ინსპექციის უფროსი თ. გ-ის, კოოპერატივ «ქ. ქ-ის» დირექტორ ა. პ-ის თანდასწრებით 2000 წლის 19 მაისს შეადგინეს აქტი იმის თაობაზე, რომ ყადაღა დაედო კოოპერატივის ქონებას დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კოოპერატივ «ქ. ქ-ის» 287 850 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული დავალიანების დასაფარავად (ტ. I ს.ფ. 15). დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მოპასუხეებად მიუთითა კოოპერატივი «ქ. ქ-ი» და კახეთის სააღსრულებო ბიურო (ტ.I, ს.ფ.3). მართალია, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 14 თებერვლის განჩინებით დედოფლისწყაროს რაიონის ..... საქმეში ჩაბმულ იქნა თანამოპასუხედ (ტ. I, ს.ფ. 60), მაგრამ ამავე სასამართლოს 2002 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის რწმუნებულის ნ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოპასუხე დედოფლისწყაროს საგადასახადო ინსპექცია ამოირიცხა მოპასუხეობიდან და საქმეში ჩაება როგორც მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მოპასუხეების – .... ბიუროს აღმასრულებლის, კახეთის სააღსრულებო ბიუროსა და კოოპერატივ «ქ. ქ-ის» მხარეზე (ტ. I, ს.ფ. 141). 2002 წლის 1 აპრილს მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, სადაც მოპასუხეებად მიუთითა დედოფლისწყაროს რაიონის აღმასრულებელი, .... ბიურო და კოოპერატივი «ქ. ქ-ი», ხოლო მესამე პირად აღმასრულებლის მხარეზე დაასახელა დედოფლისწყაროს რაიონის საგადასახადო ინსპექცია (ტ. 1, ს.ფ. 195-197). ამასთან, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ საქმის შემდგომ განხილვაში თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექცია მონაწილეობას იღებდა როგორც მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნულ ყადაღის აქტთან მიმართებაში სააპელაციო პალატამ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 32-ე მუხლი არ გამოიყენა სწორად. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ); ხოლო იმავე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნაა, რომ სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ 2000 წლის 19 მაისის ყადაღის აქტში მითითებულ პირთა სამართლებრივი მდგომარეობა სწორად განსაზღვრა და მიუთითა, რომ კოოპერატივ «ქ. ქ-ან» (მოვალე) ერთად სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს ასევე საგადასახადო ინსპექცია (კრედიტორი). მართალია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის თანახმად დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მოსარჩელე ირჩევს მოპასუხეს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონმა მიუთითა მოპასუხის მხარეზე სავალდებულო თანამონაწილეობის შესახებ. აღნიშნულის გამო საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა იმავე კანონის 181-ე მუხლი. ამ ნორმის მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ თუ გადაწყვეტილება გამოტანილია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს სააღსრულებო ბიურო და მას ეკისრება კრედიტორის უფლებამოვალეობები. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააღსრულებო ბიურო მხოლოდ მაშინ წარმოადგენს სახელმწიფოს, როგორც კრედიტორს თუ აღსასრულებლად მისაქცევ ქონებაზე მესამე პირებს არ გააჩნიათ პრეტენზია.

საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოტივად ვერ მიიჩნევს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნა და მათი სააპელაციო საჩივრის ყველა მოთხოვნაზე არ იქონია მსჯელობა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კორპორაცია „ქ-ის“ შპს „ა-ას“ მეანაბრეთა ჯგუფმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა 1999 წლის 30 აპრილის, 7 ივნისის და 2000 წლის 19 მაისის ყადაღის აქტების ჩათვლა არაიურიდიული ძალის მქონედ და ბათილად; ასევე მოითხოვეს იმ განჩინებების გაუქმება, რომლითაც საქმეში მესამე პირებად ჩართული იქნენ სს „მ-ის“ დირექტორი ვ. კ-ი, ლ. ა-ი, ს. ი-ე, გ. ჩ-ე და სხვები, რადგან სასამართლომ არ დაადგინა ამ პირებს რა ურთიერთობა ჰქონდათ განსახილველ საქმესთან; აპელანტებმა მოითხოვეს ასევე სასამართლოს იმ განჩინებების გაუქმება, რომელთაც სარჩელის უზრუნველყოფაზე ეთქვათ უარი; ასევე მოითხოვეს მოსამართლე თ. ჭ-ის საქმის განხილვიდან აცილებაზე უარის თქმის განჩინების გაუქმება, ყველა იმ სასამართლოს განჩინების გაუქმებაც მოითხოვეს, რომლითაც მათი საქმის განხილვა უკანონოდ შეჩერდა. აპელანტებმა მოითხოვეს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე კოოპერატივ „ქ. ქ-ის“ ქონების დაყადაღების ყალბად აღიარება და მისი მტკიცებულებებიდან ამორიცხვა; აღმასრულებელი ზ. ბ-ის და ნ. ბ-ის მიერ გაკეთებული ყადაღის მიმართვების ყალბად მიჩნევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად (ტ. II ს.ფ. 315-333). საკასაციო პალატა თვლის, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნია ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებლად და იგი გააუქმა აბსოლუტური საფუძვლით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად და ასევე მიუთითა, რომ მოცემულ საქმეში სათანადო მოპასუხე საგადასახადო ინსპექციის სახით არ მონაწილეობდა, ამიტომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველა პროცესუალური საკითხი, მათ შორის მესამე პირთა ჩართვის საკითხი უნდა განიხილოს სათანადო მხარის მონაწილეობით და მისი განმარტებების გათვალისწინებით.

საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია ასევე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თვითონ შეეძლო მოცემულ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან გადაწყვეტილება გაუქმდა აბსოლუტური საფუძვლით და სათანადო მხარეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში. ამიტომ, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

არ დაკმაყოფილდეს ნ. გ-ის, შ. ხ-ის, ზ. წ-ის, ნ. ბ-ის, ე. ბ-ის, ო. ლ-ის, დ. წ.-ჯ-ის, გ. ჩ-ის, ა. პ-ის, ზ. ლ-ის, მ. ს-ის, მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინება. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.