ას-607-944-07 12 სექტემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ლ. წ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ბავშვთა სანატორიუმი “.. ..” (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – რეგისტრაციის გაუქმება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. წ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს მანგლისის ბავშვთა სანატორიუმ „.. ..ს“ მიმართ და მოითხოვა სანატორიუმ „.. ..ს“ რეგისტრაციის გაუქმება, რომელიც თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში რეგისტრირებულ იქნა 2001 წლის 21 დეკემბერს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ რეგისტრაცია კანონის უხეში დარღვევით არის გატარებული, კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის თანახმად არ არის წარმოდგენილი რეგისტრაციის დოკუმენტაცია. მოსარჩელე მიუთითებს ასევე, რომ კანონის თანახმად, უნდა განხორციელებულიყო ობიექტის პრივატიზაცია და 1994 წლამდე მომუშავე პერსონალის საერთო კრების გადაწყვეტილებით უნდა განხორციელებულიყო სანატორიუმ “.. ..ს” შესყიდვის პრივატიზაცია. ვინაიდან პროვატიზაცია არ განხორციელებულა, ამით შეილახა მთელი კოლექტივის კანონიერი უფლება და ინტერესი.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. წ-ს სარჩელს უარი ეთქვა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. წ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით ლ. წ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე ლ. წ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ლ. წ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ლ. წ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ლ. წ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ლ. წ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 107-108).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე ლ. წ-ს გაეგზავნა 2007 წლის 2 აგვისტოს (ს.ფ. 109); განჩინების ასლი კასატორს პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 21 აგვისტოს (ს.ფ. 110), თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში მხარეს დაუდგინდა ხარვეზი, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს იგი არ გამოუსწორებია, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. წ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.