ას-610-919-09 21 სექტემბერი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. დ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. დ-ძის მიმართ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის _ 17 467,52 ლარის, ჯარიმის _ 14000 ლარისა და 2005 წლის 14 ნოემბრიდან აღნიშნული თანხის 0,2%-ის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 აპრილის ¹822 ბრძანებით მოპასუხე გაწვეულ იქნა სამხედრო საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში. ნ. დ-ძის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის ¹3061 ბრძანებით იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. მოპასუხის სამხედრო სამსახურისათვის მომზადებაში დაიხარჯა 3467,52 ლარი და ნ.დ-ძის დათხოვნის შემდეგ მოსარჩელე იძულებული გახდა, აღნიშნული თანხა ხელახლა გადაეხადა სხვა სამხედრო მოსამსახურის მოსამზადებლად, შესაბამისად, სამინისტროს მიადგა ზიანი სადავო თანხის ოდენობით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ნ.დ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების _ 1502,43 აშშ დოლარისა და მიყენებული ზიანის _ 2437,96 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში გამოეყო ცალკე წარმოებად და განსჯადობის წესის დაცვით გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 აპრილის ¹822 ბრძანებით ნ. დ-ძე გაწვეულ იქნა სამხედრო საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში და დაინიშნა მეორე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ბატარეის მართვის ოცეულის დაზვერვის ათეულის მზვერავად და მიენიჭა კაპრალის სამხედრო წოდება. მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის ¹3061 ბრძანების საფუძველზე, ნ. დ-ძის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. ნ.დ-ძის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადამ შეადგინა 7 თვე და 14 დღე. ხელფასის სახით 2005 წლის 31 მარტიდან 14 ნოემბრამდე მან მიიღო 2753,52 ლარი, ხოლო საერთო საჯარისო სასურსათო იჯარისათვის _ 714 ლარი. მხარეთა შორის არსებული კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამსახურის ვადა შეადგენს 4 წელს, 3.2 პუნქტით კი სამხედრო სამსახურის პირველი სამი თვე სამხედრო მოსამსახურის სწავლებისა და მომზადების პერიოდია, რაც შედის 3.1 მუხლში აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. კონტრაქტის მე-4 მუხლის 4.1 პუნქტის თანახმად, “სამხედრო მოსამსახურეს” ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მიეცემა ანაზღაურება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით დადგენილი 1ა კატეგორიის ხელფასის სახით თვეში 447 ლარის ოდენობით, მე-5 მუხლის 5.1.2 პუნქტის თანახმად, სამინისტრო ვალდებულია, სამხედრო მოსამსახურეს გადაუხადოს 4.1 მუხლში აღნიშნული ხელფასი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტის გაფორმების მომენტიდან, მათ შორის, მომზადების პერიოდშიც უზრუნველყოფილია სათანადო ანაზღაურებით, ხელფასით. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ, ნ. დ-ძის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, მეორე მხარე _ სამინისტრო იძულებული გახდა, შეეწყვიტა ხელშეკრულება. პალატის მითითებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება არ განსაზღვრავს ერთი წლის გასვლამდე კონტრაქტის შეწყვეტის პირობებში მოსამსახურის პასუხისმგებლობას, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 407-ე და 414-ე მუხლებს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მისი ვადამდე შეწყვეტა უნდა შეიცავდეს სამართალდარღვევის შემადგენლობის ყველა იმ მახასიათებელ აუცილებელ ელემენტს, როგორიცაა მართლწინააღმდეგობა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი და ბრალი. სასამართლოს მოსაზრებით, ნ.დ-ძემ ბრალეულად დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, ანუ არსებობს მართლწინააღმდეგობა და ბრალი, თუმცა არ დასტურდება ზიანის ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია, ამდენად, ზიანის არარსებობისას ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება, ვინაიდან ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ნ.დ-ძის მიერ მიყენებული ზიანი 3467,52 ლარით უნდა განისაზღვროს, რადგან აღნიშნული თანხა ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებისათვის დამატებით უნდა დაიხარჯოს, აღნიშნული მოსაზრება სათანადო მტკიცებულებით გამყარებული არ არის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ვერ დაადასტურა, თუ რა თანხა იქნა დახარჯული ნ. დ-ძის, როგორც სამხედრო მოსამსახურის მომზადებაში, კონტრაქტის დარღვევის შემდეგ მოამზადა თუ არა ახალი სამხედრო მოსამსახურე და რა თანხა დაიხარჯა ამისათვის, ასევე სადავო კონტრაქტის დარღვევით მიადგა თუ არა სამინისტროს მატერიალური ზიანი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ სადავო თანხა წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული კონტრაქტის დარღვევის გამო სამინისტროსათვის მიყენებულ ზიანს, რაც კონტრაქტის 8.2, 8.3, 8.4 მუხლებით დასტურდება, კერძოდ, სამინისტრომ მოითხოვა ის თანხა, რაც მან სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯა და ნ.დ-ძის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, ხელახლა გაიღო სხვა მოსამსახურის მოსამზადებლად. კასატორის მიერ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს სამინისტროსათვის მიყენებულ ზიანს, რისი ანაზღაურების უფლებამოსილებას მხარეს ანიჭებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, 407-ე და 414-ე მუხლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით დადგენილი განსჯადობის წესები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს, ვინაიდან სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავები განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 აპრილის ¹822 ბრძანებით ნ. დ-ძე გაწვეულ იქნა სამხედრო საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში და დაინიშნა მეორე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ბატარეის მართვის ოცეულის დაზვერვის ათეულის მზვერავად და მიენიჭა კაპრალის სამხედრო წოდება. მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის ¹3061 ბრძანების საფუძველზე, ნ. დ-ძის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ. ამდენად, მხარეთა შორის დავა წარმოიშვა ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციული სამართლის ნორმებით, შეეფასებინა სადავო ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების კანონიერება “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონთან, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონსა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებასთან მიმართებით, აღნიშნულის შემდეგ კი ემსჯელა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამოქალაქო-სამართლებრივ საკითხებზე. ამასთან ნიშანდობლივია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეხუთე თავი დასაშვებად თვლის ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმების გამოყენებას.
ამდენად, მოცემული დავა განხილულია კანონით დადგენილი განსჯადობის წესების დარღვევით, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინება და საქმე განსჯადობით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.