Facebook Twitter

ას-610-947-07 17 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ე. ჟ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჟ-იN (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 13 მაისს გ. ჟ-მა სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს. სარჩელში მიუთითა, რომ მოპასუხე მისი ყოფილი მეუღლეა, რომელთანაც ქორწინება შეწყვეტილი აქვს 2003 წლის 4 ივნისს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. 2003 წლის 10 ნოემბერს კი, როგორც ბინის ერთადერთმა მესაკუთრემ, მან განქორწინებულ მეუღლეს გაუუქმა რეგისტრაცია ბინაში, ასევე ახალი ანდერძის შედგენით გააუქმა ყოფილი მეუღლის სასარგებლოდ შედგენილი ანდერძი, რის შემდეგ მოპასუხემ დაუწყო მას მუქარა და შეურაცყოფა, რაც აუტანელს ხდის მათ ერთად ყოფნას ბინაში. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება ბინიდან.

მოპასუხე მხარეს სარჩელზე წერილობით შესაგებელი არ წარუდგენია.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 სექტემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა მხარეებს შორის ბინაში რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა – გადაწყვეტამდე. 2005 წლის მაისის თვიდან, რაიონული სასამართლოების ლიკვიდაციის გამო, საქმე განსახილველად თბილისის საქლალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას დაექვემდებარა. 2005 წლის 5 აგვისტოს საქმის წარმოება განახლდა, რადგან აღმოიფხვრა გარემოება, რაც საფუძვლად დაედო საქმის წარმოების შეჩერებას. სახელდობრ, ე. ჟ-ს საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ბინაში რეგისტრაციის აღდგენაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ჟ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ე. ჟ-ი მასთან მყოფ პირებთან ერთად გამოსახლებული იქნა ქ. თბილისში, ... ქ. ¹24ა-ში მდებარე და მოსარჩელე გ. ჟ-ს საკუთრების ბინაში მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი და დამხმარე ფართიდან და ეს ფართი თავისუფალ მდგომერეობაში დაუბრუნდა მოპასუხეს. M აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ჟ-მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ე. ჟ-ს სააპელაციო საჩივარი მისი გამოუცხადებლობის გამო. უცვლელად იქნა დატოვებული ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ე. ჟ-მა და აღნიშნა, რომ 2006 წლის 16 მაისს დანიშნული სხდომის შესახებ უწყება არ ჩაბარებია. ამასთან არ არსებობდა მოსარჩელის მხრიდან სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 აპრილის განჩინებით ე. ჟ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

პალატამ მიიჩნია, რომ საქმის ფურცელ 69-ზე წარმოდგენილი შეტყობინებით (საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ) დასტურდება, რომ 2006 წლის 16 მაისს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე გაგზავნილი უწყება, ე. ჟ-ს პირადად ჩაბარდა 2006 წლის 7 აპრილს, რასაც ადასტურებს მისი ხელმოწერა. შესაბამისად მისთვის ცნობილი იყო აღნიშნულის თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. ჟ-ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ჟ-მა.

კასატორის აზრით სასამართლო პროცესის შესახებ უწყება არ ჩაბარებია, რომც ჩაბარებოდა ის ვერ შეძლებდა პროცესზე გამოცხადებას, ვინაიდან, იგი იმყოფებოდა ავად. მის მიერ სასამართლოში წარდგენილი იყო სოციალურად დაუცველი პირის მოწმობა. ის მოკლებულია შესაძლებლობას მისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, შესაბამისად არ შეეძლო წარედგინა სასამართლოსათვის სამედიცინო ცნობა მისი ჯამრთელობის შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ე. ჟ-ს სააპელაციო საჩივარი მისი გამოუცხადებლობის გამო.

ასევე დადგენილია, რომ 2006 წლის 16 მაისს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე გაგზავნილი უწყება, ე. ჟ-ს პირადად ჩაბარდა 2006 წლის 7 აპრილს, რასაც ადასტურებს მისი ხელმოწერა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ უწყება სასამართლო პროცესის შესახებ არ ჩაბარებია, ვინაიდან საქმის ფურცელ 69-ზე წარმოდგენილი შეტყობინებით (საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ) დასტურდება, რომ 2006 წლის 16 მაისს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე გაგზავნილი უწყება, ე. ჟ-ს პირადად ჩაბარდა 2006 წლის 7 აპრილს, რასაც ადასტურებს მისი ხელმოწერა. შესაბამისად მისთვის ცნობილი იყო აღნიშნულის თაობაზე.

რაც შეეხება კასატორის განმარტებას, რომ უწყება რომც ჩაბარებოდა ის ვერ შეძლებდა პროცესზე გამოცხადებას ავადმყოფობის გამო, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული საფუძველი არ განეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველს, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ჟ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 აპრილის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.