Facebook Twitter

ას-611-837-08 25 ნოემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი – ლ.სანიკიძე

კასატორი _ შ. ო-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,თ-ი”

წარმომადგენელი _ გ. წ-ელი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონოდ დარიცხული თანხის ჩამოწერა, ელექტროენერგიის აღრიცხვის შემოწმების აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. ო-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს ,,თ-ის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ მისთვის ფართის მიხედვით გადასახადის დარიცხვის, ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტისა და მის საფუძველზე დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის, სულ 1001,72 ლარის ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სს ,,თ-მა” შ. ო-შვილს უკანონოდ დააკისრა ელექტროენერგიის გადასახადი საცხოვრებელი ფართის აღრიცხვის მიხედვით, ვინაიდან მოსარჩელეს დაკისრებული ოდენობის ელექტროენერგია რეალურად არ მოუხმარია. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ფართის მიხედვით ელექტროენერგიის აღრიცხვის წესის გაუქმების შემდეგ მოსარჩელე ვარაუდობდა, რომ აღნიშნული დავალიანება მას ავტომატურად ჩამოეწერებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. 2007 წლის 22 მარტს, შ. ო-შვილის მრიცხველის დათვალიერებისას, მოპასუხის წარმომადგენლებმა შეადგინეს ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის ¹141674 აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ მოსარჩელე ელექტროენერგიას მოიხმარდა მრიცხველის გვერდის ავლით, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად უდევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სემეკის ¹15 დადგენილებით ფიქსირებული გადახდის წესი, თუმცა 2003 წლის 6 იანვრამდე დარიცხულ თანხაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზეგავლენას ვერ იქონიებს, ვინაიდან მას უკუქცევითი ძალა არ გააჩნია. ამასთან, ფიქსირებული დავალიანების _ 264 ლარის ნაწილში სარჩელი ხანდაზმულია. შ. ო-შვილს ერთჯერადი აქტით, სემეკის 2001 წლის ¹15 დადგენილების საფუძველზე, ასევე მართებულად დაერიცხა 631,04 ლარი, ვინაიდან 2007 წლის 20 მარტს სს ,,თ-ის” თანამშრომლებმა დააფიქსირეს, რომ აბონენტი მრიცხველის გვერდის ავლით, ძალოვანი კაბელიდან მოიხმარდა არალეგალურ ხაზს, რომელშიც გადიოდა 4,8 ამპერი დენი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. ო-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შ. ო-შვილი არის სს “თ-ის” აბონენტი და 2000 წლის 28 დეკემბრიდან დაუმონტაჟდა მრიცხველი. 1999 წლის 15 ნოემბრიდან 2001 წლის 25 იანვრამდე სს “თ-მა” დაარიცხა ფიქსირებული გადასახადი 263,99 ლარის ოდენობით. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილებით დამტკიცებული “ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვის წესის” მიღებამდე უმრიცხველოდ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვის წესს აწესრიგებდა სემეკის 1999 წლის 16 ივნისის ¹29 გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა და, შესაბამისად, არც გაუქმებულა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19, 23-ე მუხლებით და ჩათვალა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებას უკუქცევითი ძალა არ გააჩნია და მის გამოქვეყნებამდე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ გამოყენებული ვერ იქნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ.ოქრუაშვილისათვის დაკისრებული 263,99 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ 2007 წლის 20 მარტს სს “თ-ის” წარმომადგენელმა შეადგინეს ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების ¹141674 აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ აბონენტი მრიცხველის გვერდის ავლით, ძალოვანი კაბელიდან მოიხმარდა არალეგალურ ხაზს, რომელშიც გადიოდა 4.8 ამპერი დენი. მითითებული აქტის საფუძველზე მოსარჩელეს დაეკისრა 631,04 ლარის გადახდა. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ სადავო აქტის საფუძველზე აპელანტს ერთჯერადი გადასახადი დაერიცხა სემეკის ¹15 დადგენილების მე-3 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული აქტის შედგენის, დარიცხვის პროცედურებისა და მეთოდების დაცვით, რის საწინააღმდეგო არგუმენტზე შ.ოქრუაშვილს არც სარჩელსა და არც სააპელაციო საჩივარში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, არ მიუთითებია. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სემეკის ¹15 დადგენილების მე-9 მუხლით და მიიჩნია, რომ აპელანტს მართებულად დაეკისრა არალეგალური ხაზის პოვნა-მოხსნისათვის მომსახურების საფასურის _ 35 ლარის გადახდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ შ. ო-შვილს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ უნდა დაეკისროს 71,69 ლარის გადახდა, რაც შეადგენს მიმდინარე გადასახადების დაუფარავ დავალიანებას. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს ეკისრება მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულება და სარჩელი ამ ნაწილშიც სწორად არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შ. ო-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლომ არასწორად განმარტა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროში მოქმედების საკითხი, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამართლის ნორმები და არასაკმარისად დაასაბუთა გასაჩივრებული განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები: შ. ო-შვილი არის სს “თ-ის” აბონენტი, რომელსაც 2000 წლის 28 დეკემბრიდან დაუმონტაჟდა მრიცხველი. სს “თ-მა” ო-შვილს 1999 წლის 15 ნოემბრიდან 2001 წლის 25 იანვრამდე დაარიცხა ფიქსირებული გადასახადი 263,99 ლარის ოდენობით. 2007 წლის 20 მარტს სს “თ-ის” წარმომადგენლების მიერ შედგენილ იქნა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების ¹141674 აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ აბონენტი ო-შვილი მრიცხველის გვერდის ავლით ძალოვანი კაბელიდან მოიხმარდა არალეგალურ ხაზს, რომელშიც გადიოდა 4.8 ამპერი დენი. მითითებული აქტის საფუძველზე აბონენტს დაეკისრა 631,04 ლარის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ო-შვილის საკასაციო საჩივარი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის ბათილად ცნობის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება ელექტროენერგიის ფიქსირებული და მიმდინარე გადასახადების გადახდის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების კანონიერი საფუძველი, კერძოდ:

სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შ.ოქრუაშვილს სს “თ-მა” 2000 წლის 28 დეკემბერს დაუმონტაჟა რა მრიცხველი, ამ ფაქტამდე, 1999 წლის 15 ნოემბრიდან 2001 წლის 25 იანვრამდე, დაარიცხა ფიქსირებული გადასახადი 263,99 ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად არ გაიზიარა შ. ო-შვილის მითითება საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილებით დამტკიცებული “ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი” საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას და უთითებს ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტზე, რომლითაც ზემოხსენებული ნორმატიული აქტი იურიდიულად ძალადაკარგულად გამოცხადდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 და 23-ე მუხლების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკუქცევითი ძალა არა აქვს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა შ. ო-შვილისათვის ფიქსირებული გადასახადის დაკისრების ნაწილში კანონიერია. ამასთან, შ. ო-შვილისათვის ფიქსირებული გადასახადის დაკისრების პერიოდში უმრიცხველოდ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვის წესს აწესრიგებდა სემეკის 1999 წლის 16 ივნისის ¹29 გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა და, შესაბამისად, არც გაუქმებულა.

საკასაციო სასამართლო ასევე დასაბუთებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას შ. ო-შვილისათვის მიმდინარე გადასახადის _ 71,69 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. გასაჩივრებული განჩინებით პალატამ აღნიშნულთან მიმართებით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აბონენტ შ. ო-შვილს ელექტროენერგიის მიმდინარე გადასახადების არასრულად გადახდის შედეგად დაუგროვდა 71,69 ლარის დავალიანება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ დადგენილ გარემოებასთან დაკავშირებით კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია _ მითითება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დაშვებულ პროცესუალურ დარღვევებზე, რის შედეგადაც ფაქტობრივი გარემოებები არასწორად შეფასდა და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა არასწორად იქნა გამოყენებული და განმარტებული. ელექტროენერგიის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წარმოიშობა ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ძალითაც მომხმარებელი _ ელექტროენერგიის შემძენი, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, ვალდებულია, ელექტროენერგიის მიმწოდებელს გადაუხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის თანხა. ამდენად, აბონენტი შ. ო-შვილი ვალდებულია, გადაიხადოს მის მიერ მოხმარებული პროდუქტის _ ელექტროენერგიის ღირებულება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შ. ო-შვილის საკასაციო საჩივარი აბონენტ შ. ო-შვილის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების თაობაზე სს ,,თ-ის” 2007 წლის 20 მარტის ¹0074403 აქტის ბათილად ცნობის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2007 წლის 20 მარტს სს “თ-ის” წარმომადგენლებმა შეადგინეს ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების ¹141674 აქტი, რომლითაც შ.ოქრუაშვილს დაეკისრა 631,04 ლარი. აქტში მითითებულია, რომ აბონენტი, მრიცხველის გვერდის ავლით, ძალოვანი კაბელიდან მოიხმარდა არალეგალურ ხაზს, რომელშიც გადიოდა 4,8 ამპერი დენი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სემეკის ¹15 დადგენილების საფუძველზე არასწორად შეაფასა აქტის შედგენის კანონიერება, კერძოდ:

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) ¹15 დადგენილებით დამტკიცდა “სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელეტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკა”, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა განსაზღვრული წესების სისტემის ჩამოყალიბება აღურიცხავი და დატაცებული ელექტროენერგიის საფასურის მაქსიმალური ობიექტურობით გამორკვევის მიზნით. აღნიშნული მეთოდიკის მე-3 მუხლით განსაზღვრულია სს “თ-ის” თანამშრომლების მიერ აბონენტთა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევისას აქტის შედგენის პროცედურა, ხოლო ამავე მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, აქტის შედგენას ესწრება აბონენტი, ან მისი წარმომადგენელი. დარღვევის აქტზე ხელს აწერენ როგორც სს “თ-ის” წარმომადგენლები, ასევე _ შემოწმებაზე დამსწრე აბონენტის წარმომადგენლები. ამავე მეთოდიკის მე-4 მუხლის მესამე პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააბონენტო სექტორში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სს “თ-ის” თანამშრომელი ადგილზე აფორმებს აქტს, რომელშიც აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს აბონენტის, ან იმ პირის გვარი, ვინც ესწრებოდა შემოწმებას.

სადავო ურთიერთობა თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს რა სახელშეკრულებო-სამართლებრივ ურთიერთობას, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მხარე დაამტკიცებს ნაკისრი ვალდებულების დარღვევის არსებობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სასამართლომ მტკიცებულება უნდა შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული ძალის შემოწმების გზით. სასამართლომ უნდა დაასაბუთოს მტკიცებულების შინაარსის იურიდიული ძალა _ დამაჯერებლობა, რაც გულისხმობს მტკიცებულების დეტალურად გამოკვლევას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აბონენტი ო-შვილი არც პირადად და არც უფლებამოსილი პირის მეშვეობით არ ესწრებოდა აქტის შედგენას. საკასაციო სასამართლო საკმარისად არ მიიჩნევს სადავო აქტში მითითებულ გარემოებას აბონენტის სახლში არყოფნის თაობაზე. აღნიშნული გარემოებაც და აღრიცხვიანობის დარღვევაც დასტურდება მხოლოდ სს “თ-ის” წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი აქტით. სასამართლოს ეს დასკვნა გამომდინარეობს ზემოხსენებული აღრიცხვის მეთოდიკის ნორმებიდან, რომლის ანალიზითაც ირკვევა, რომ მხარის ან მისი წარმომადგენლის დასწრება აღრიცხვიანობის აქტის შედგენის პროცედურის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. სხვა შემთხვევაში მხარემ უნდა ამტკიცოს აღრიცხვიანობის დარღვევის არსებობა, ვინაიდან მხარის მიერ ცალმხრივად დარღვევის ფაქტის დაფიქსირება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს ასეთი გარემოების უტყუარად დასადგენად. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სს “თ-ის” წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ აქტი ხელმოწერილია სს “თ-ის” რამდენიმე თანამშრომლის მიერ, ვინაიდან ამავე უწყების წარმომადგენელთა ნეიტრალური დამოკიდებულება და სრული ობიექტურობა ფაქტის არსებობასთან დაკავშირებით სარწმუნოდ არ საბუთდება.

ამასთან, სამოქალაქო კოდექსი აგებულია რა თანასწორობის პრინციპზე, ზოგ შემთხვევაში გათვალისწინებულია გარკვეული კატეგორიის სუბიექტთა _ მეწარმეთა მომეტებული სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც განსაკუთრებულად ვლინდება სტანდარტული პირობებით დადებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში. ამ მხრივ სამოქალაქო კოდექსი ადგენს ამკრძალავ ნორმებს, რომლებიც ზღუდავს მეწარმეთა მცდელობას, სამოქალაქო ბრუნვის რისკი გადაიტანონ იმ სუბიექტებზე, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას. მოცემულ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეს წარმოადგენს სს “თ-ი”, რომელსაც დომინირებული მდგომარეობა უკავია ბაზარზე და იგი ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს სამართლიანი სახელშეკრულებო პირობები და ბოროტად არ გამოიყენოს თავისი ძალაუფლება სამეწარმეო საქმიანობის სფეროში, რომელიც მეორე მხარისათვის წარმოადგენს საარსებო მოთხოვნილების დაკმაყოფილების ერთადერთ საშუალებას. სს “თ-ი” რიგ საკითხებში შეზღუდულია და მოქმედებს რა სახელმწიფო ორგანოს მიერ განსაზღვრული წესებით (სემეკის დადგენილებებით), იგი ვალდებულია, გაითვალისწინოს და თავისი საქმიანობა დააფუძნოს სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე მომხმარებელთან მიმართებით. ეს დამოკიდებულება ნათლად გამოკვეთილია ზემოხსენებული დარღვევის აქტის შედგენისას მომხმარებლის სავალდებულო მონაწილეობაში. შესაბამისად, სს “თ-ი” ვალდებულია, იმოქმედოს სწორედ ამ აქტის ფარგლებში და ამგვარად განხორციელოს თავისი საქმიანობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ელეტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტით უტყუარად არ დგინდება ელეტროენერგიის აღრიცხვიანობის დარღვევა, რაც ამ ნაწილში შ.ოქრუაშვილის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

შ. ო-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 მარტის განჩინება ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

შ. ო-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს: ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,თ-ის” 2007 წლის 20 მარტის ¹0074403 აქტი აბონენტ შ. ო-შვილის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების თაობაზე და შ. ო-შვილი გათავისუფლდეს ამ აქტის საფუძველზე დარიცხული თანხის _ 666,04 ლარის გადახდისაგან. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩეს უცვლელი.

სს ,,თ-ს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.