ას-612-993-06 30 მარტი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
სხდომის მდივანი – ეკატერინე ხაჩიძე
კასატორი – შპს „ .. ..“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი – მ. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ო-ა, ტ.ჭ-ი, ზ. ბ-ი
და სხვები
წარმომადგენელი – რ. ფ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ სახელფასო და კვების თანხების დავალიანების გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ო-მ, ტ. ჭ-მა, ზ. ბ-მა და სხვებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების - შპს „ .. ..“ და საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ს...ს“ მიმართ და მოითხოვეს ფულადი დავალიანების გადახდა, თბომავალ „ფ...სა“ და „ა...ის“ მათთვის საკუთრებაში გადაცემა და გემების ფასში ეკიპაჟების წინაშე არსებული დავალიანების გაქვითვა. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ სოხუმის ნავსადგური შედიოდა ... სტრუქტურაში, რომელიც გემების 16 ერთეულს ითვლიდა. საქართველოს ... დეპარტამენტის უფროსის 1993 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებით აღნიშნული კატარღები გადავიდა ... სამმართველოს ბალანსზე, რომლის სამართალმემკვიდრეა მოპასუხე შპს „ .. .. ..“. გემები „ფ...“ და „ა...“ მოსარჩელეებს მფლობელობაში ჰქონდათ გადაცემული და ისინი ინახავდნენ არსებული წესით. კვების თანხა თითოეული მეზღვაურისათვის შეადგენდა დღე-ღამეში 2 აშშ დოლარს, ხოლო ხელფასი კი 12 ლარამდე, რაც მოპასუხეს შპს „ .. ..“ 2000 წლის 1 სექტემბრიდან არ გადაუხდია. აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელეებმა მოითხოვეს შპს „ .. ..“ „ფ...ს“ ეკიპაჟის სასარგებლოდ დაეკისროს 67 340 ლარის გადახდა, ხოლო „ა...ის“ ეკიპაჟის სასარგებლოდ 72 800 ლარის გადახდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „.. ..“ თბომავალ „ფ...ს“ ეკიპაჟის სასარგებლოდ დაეკისრა 67 340 ლარის გადახდა, ხოლო თბომავალ „ა...ის“ ეკიპაჟის სასარგებლოდ 72 800 ლარი. მოსარჩელეების მოთხოვნა თბომავალ „ფ...სა“ და „ა...ის“ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ .. ..“ წარმომადგენელმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; „ფ...ს“ ეკიპაჟის, რ. ო-ს, ტ. ჭ-ის, ჯ. ჭ-ის, ო. ს-ის, ჯ. მ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 46 461,33 ლარის გადახდა; „ა...ს“ ეკიპაჟის, ზ. ბ-ის, დ. გ-ის, თ. გ-ის, ზ. ჩ-ს, ჯ. კ-ის სასარგებლოდ 46 348,55 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლო დაეყრნო შპს „ .. ..“ გენერალური დირექტორისა და მთავარი ბუღალტრის მიერ ხელმოწერილ 2005 წლის 23 მაისს გაცემულ ცნობას, რომლის თანახმად, კვების საფასურისა და სახელფასო დავალიანების ოდენობა 1997 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის თბომავალ „ფ...ს“ მიმართ შეადგენს 57 693,33 ლარის, ხოლო „ა...ის“ მიმართ 57 580,55 ლარს. სასამართლომ აღნიშნული ცნობა მიიჩნია მოპასუხის მიერ ფაქტის აღიარებად და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად და საფუძვლად დაუდო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ .. ..“ წარმომადგენელმა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვტილების მიღებას შემდეგი საფუძვლებით:
1. სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც საქმეზე არ დადგინდა რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებები;
2. სასამართლო დაეყრდნო არაუფლებამოსილი პირების მიერ გაცემულ ცნობებს;
3. საერთოდ არ შეაფასა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ თბომავალი „ა...ი“ საერთოდ გაურკვეველი მიმართულებით გავიდა საქართველოს ტერიტორიული წყლებიდან და დღემდე არ დაბრუნებულა, რის შესახებაც მიმართეს ფინანსურ პოლიციას;
4. სასამართლო დაეყრდნო 2005 წლის 23 მაისს გაცემულ ცნობას, რომელიც მოსარჩელეებმა სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინეს ასლის სახით. ამასთან, აღნიშნული ცნობით დავალიანების ოდენობა დაანგარიშებულია თბომავალ „ფ...სა“ და „ა...ის“ მიმართ და არა კონკრეტულად ეპიკაჟების იმ წევრების მიმართ, რომლებმაც სარჩელი აღძრეს სასამართლოში;
5. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი, ვინაიდან მოპასუხეს ფაქტი არ უღიარებია.
6. სასამართლოს არ გამოუკვლევია მოსარჩელეები ასრულებდნენ თუ არა სამუშაოს იმ პერიოდში, რა პედიოდზეც ისინი მოითხოვენ შრომისა და კვების თანხების ანაზღაურებას. 2000 წლის შემდეგ მოსარჩელეებს სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასტურება, (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას ამავე კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობა ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირი აღიარება აღინიშნება სასამართლო სხდომის ოქმში.
ფაქტის აღიარება არის მხარეთა ახსნა-განმარტების ერთ-ერთი სახესხვაობა – მტკიცებულება, რომლითაც ხდება ისეთი ფაქტის დადასტურება, რომელზეც მოწინააღმდეგე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნას ან შესაგებელს, ანუ ერთი მხარე ახსნა-განმარტების დროს აღიარებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც უნდა დაედასტურებინა მის მოწინააღმდეგე მხარეს. ასეთი აღიარება (ახსნა-განმარტება) მხარეს შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს შესაგებელში, წერილობით პასუხში, განცხადებაში ან სასამართლო სხდომაზე ზეპირი ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე მხარემ წერილობით ან ზეპირი ფორმით მიცემულ ახსნა-განმარტებით აღიარა მოსარჩელეთა მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი 2005 წლის 23 მაისის ცნობა სააპელაციო სასაართლოს უნდა მიეჩნია წერილობით მტკიცებულებად და სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად განეხილა ყოველმხრივ და სრულად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2003 წლის 23 მაისის ცნობით დავალიანების ოდენობა დაანგარიშებულია თბომავალ „ფ...სა“ და „ა...ის“ ეკიპაჟების მიმართ და არა კონკრეტულად იმ პირების მიმართ, რომლებმაც სარჩელი აღძრეს სასამართლოში. დადგენილია, რომ მოსარჩელეები მოითხოვენ სახელფასო და კვების თანხების დავალიანების ანაზღაურებას. სასამართლო დაეყრდნო ზემოთ აღნიშნულ ცნობას, რომელშიც მითითებულია როგორც ეკიპაჟის ცალკეული წევრების მიმართ დავალიანების ოდენობა, ასევე ეკიპაჟების მიმართ არსებული დავალიანების ჯამი. სასამართლომ მთლიანი თანხა დააკისრა მოპასუხეს რო. ო-ს, ტ. ჭ-ის, ჯ. ჭ-ის, ო. ს-ის, ჯ. მ-ს, ზ. ბ-ის, დ. გ-ის, თ. გ-ის, ზ. ჩ-სა და ჯ. კ-ის სასარგებლოდ, მაშინ, როცა აღნიშნულ ცნობაში რ. ო-ს, თ. გ-ის, ზ. ჩ-ს და ჯ. კ-ის მიმართ დავალიანება საერთოდ არ არის მითითებული, ასევე აღნიშნულ ცნობაში ეკიპაჟების წევრებად მითითებულია სხვა პირებიც, სასამართლომ კი სხვა პირების მიმართ არსებული დავალიანების თანხაც მიაკუთვნა მოსარჩელეებს.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო დაეყრდნო არაუფლებამოსილი პირების მიერ გაცემულ ცნობებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ... აგენტირების განყოფილების (უკრაინა) მიერ გაცემული ცნობა ვერ გამოდგება იმის დასტურად, რომ ზ. ბ-ი, თ. გ-ი, დ. გ-ი, ზ. ჩ-ა და თ. კ-ი დასაქმებული არიან მოპასუხე საწარმოში. სასამართლოს საერთოდ არ გამოუკვლევია ამ პირების მიერ რა საფუძვლით არის თბომავალი „ა-ი“ გაყვანილი საქართველოს ტერიტორიული წყლებიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და სრულად უნდა დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელეები დასაქმებული არიან თუ არა მოპასუხე საწარმოში, რა სამუშაოს ასრულებენ და, შესაბამისად, თითოეულზე ცალ-ცალკე განსაზღვროს სახელფასო და კვების თანხების დავალიანების ოდენობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ .. ..“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.