¹ ას-613-994-06 15 იანვარი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ. მ-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ზ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ჩ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა, მემკვიდრედ ცნობა, სესხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ჩ-ის მიმართ 2005 წლის 23 თებერვალს დ. და გ. ჩ-ებს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, გ. ჩ-ის დ. ჩ-ის მემკვიდრედ ცნობისა და მისთვის მამკვიდრებლის მიერ 2000 წლის 15 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულებით მიღებული 6500 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ.
საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაერთო ლ. ჭ-ა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი, მოპასუხე გ. ჩ-ის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2005 წლის 23 თებერვალს დ. და გ. ჩ-ებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება, გ. ჩ-ი ცნობილ იქნა დ. ჩ-ის კანონიერ მემკვიდრედ და დაეკისრა დ. ჩ-ის მიერ 2000 წლის 25 ივლისს გ. მ-საგან სესხის სახით აღებული 6500 აშშ დოლარის, გ. მ-ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 260 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 80 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გ. ჩ-მა შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რაც გ.ჩ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის განჩინებით გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2006 წლის 16 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გაუქმდა და საქმე განსახილველად დაუბრუნდა პირველ ინსტანციის სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 28 დეკემბერს საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის შესახებ სასამართლოს უწყება გ. ჩ-ს გაეგზავნა, თუმცა იგი ჩაბარდა არა პირადად ადრესატს, არამედ მის მეზობელ დ.რ-ს, რომელმაც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მიცემულ განმარტებაში დაადასტურა, რომ სასამართლო უწყება მხარეს დროულად არ გადასცა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 74-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სადავო უწყება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, ამდენად, ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაეყრდნო რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველ ნაწილის “ა” ქვეპუნქტსა და 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. მ-ის წარმომადგენელმა ზ. ც-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ასევე 2006 წლის 16 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, როდესაც მიიჩნია, რომ გ.ჩ-ს სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია და მისთვის სხდომის დღე ცნობილი არ იყო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო სასამართლო უწყება ჩაბარდა დ. რ-ს, რომელიც გ.ჩ-ის არა მეზობელი, არამედ მასთან ერთად მცხოვრები პირია. ამდენად, მოპასუხეს სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მაგრამ, საქმის გაჭიანურების მიზნით, თავს არიდებდა, როგორც უწყების ჩაბარებას, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას. A
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით გ. მ-ის წარმომადგენელ ზ. ც-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ გ. მ-ის წარმომადგენელ ზ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერების საკითხზე სასამართლო პრაქტიკა ემყარება სწორედ იმ ნორმებს, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2006 წლის 7 ივლისის განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ სავსებით მართებულად გააუქმა და გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის, 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის დანაწესები.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. მ-ის წარმომადგენელ ზ. ც-ის საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორ გ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 565 ლარის 70% _ 395,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. მ-ის წარმომადგენელ ზ. ც-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩეს განუხილველი.
კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 395,5 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.