¹ას-61-410-07 10 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. შ-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ თ. ტ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს”-- -- -- “ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. შ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „-- -- --“მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე მუშაობდა სს „-- -- --“ ვადიანი შრომით ხელშეკრულების საფუძველზე, საიდანაც 2005 წლის 16 სექტემბრის ¹კ-911 ბრძანებით გათავისუფლდა შრომითი კონტრაქტის ვადის გასვლის გამო. მ.შ-ე სამსახურიდან დაითხოვეს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, მოსარჩელის ვადიანი კონტრაქტი ძალაში იყო 2005 წლის 16 სექტემბრამდე. მოცემულ შემთხვევაში კი მ.შ-ე 2005 წლის 16 სექტემბერს სამუშაოზე ჩვეულებრივ გამოცხადდა, აუნაზღაურდა ამ დღის ხელფასი, რაც, შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის უვადოდ გაგრძელების საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე საზოგადოების ¹კ-911 სადავო ბრძანებას იურიდიული ძალა არ უნდა მიენიჭოს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე საზოგადოებაში მუშაობდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით, რომლის მოქმედების ვადა გრძელდებოდა ყოველი ერთი თვის შემდეგ. ბოლო ხელშეკრულება დაიდო 2005 წლის 19 აგვისტოს და მოქმედების ვადა განესაზღვრა 2005 წლის 16 სექტემბრამდე. ამდენად, 2005 წლის 16 სექტემბერს ¹კ-911 ბრძანებით მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულება სრულიად კანონიერად შეუწყდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით მ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა სს “-- -- --” მხარე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებანი მ. შ-ის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. შ-ე სს „-- -- --“ მუშაობდა კადრების დეპარტამენტის ... თანამდებობაზე. მხარეებს შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულება 2005 წლის 16 მაისიდან სამჯერ გაგრძელდა. 2005 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2005 წლის 16 სექტემბრამდე, სს „-- -- --“ 2005 წლის 16 სექტემბრის ¹კ-911 ბრძანებით კი აპელანტი თანამდებობიდან გათავისუფლდა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლით და ჩათვალა, რომ შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ _ 2005 წლის 16 სექტემბერს აპელანტი ასრულებდა რა თავის სამსახურებრივ მოვალეობებს, აღნიშნული სადავო შრომითი კონტრაქტის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელების საფუძველი ვერ იქნება, ვინაიდან ამავე დღეს სს “-- -- --” ¹კ-911 ბრძანებით გამოხატა თავისი ნება აპელანტთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. შ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლი, რადგან მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის ვადის გასვლის შემდეგ, 2006 წლის 16 სექტემბერს, მ.შ-ე დაშვებულ იქნა სამუშაოზე და მიიღო შესაბამისი ანაზღაურება, ხოლო თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე მხარემ შეიტყო მხოლოდ 19 სექტემბერს არაოფიციალურად. ამდენად, შრომითი ურთიერთობის გაგრძელებისას, მოწინააღმდეგე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტა არ მოუთხოვია, რის გამოც შრომითი კონტრაქტი უნდა ჩათვლილიყო უვადოდ გაგრძელებულად. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილი, ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები, ზემოხსენებულ გარემოებათა გამო, იურიდიულად ამართლებდა მ.შ-ის მოთხოვნას. მოპასუხის გამოუცხადებლობის პირობებში სასამართლოს უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დაეკმაყოფილებინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ მ. შ-სა და მის წარმომადგენელ თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. შ-სა და მის წარმომადგენელ თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. შ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. შ-სა და მის წარმომადგენელ თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
კასატორს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.