Facebook Twitter

ას-614-951-07 12 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს “.. ..” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ხ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ხ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “.. ..ს” მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის დადგენილების გაუქმების, მის საფუძველზე სამეწარმეო რეესტრში შპს “.. ..ს” ჩანაწერში შესული ცვლილების ბათილად ცნობისა და საზოგადოების წილთა სხვაგვარად განაწილების შესახებ შემდეგი საფუძვლით: შპს “.. ..ს” საწესდებო კაპიტალში დ. ხ-ის წილი შეადგენდა 25%-ს, ც. მ-ის წილი _ 25%-ს, ხოლო შპს “მ...ს” წილი _ 50%-ს. 2002 წლის 15 ივლისის შპს “.. ..ს” პარტნიორთა კრების უკანონო გადაწყვეტილებით მოსარჩელე საზოგადოების პარტნიორობიდან გაირიცხა და მისი წილი განაწილდა დარჩენილ პარტნიორთა შორის. გასაჩივრებული დადგენილებით საზოგადოების წილები განისაზღვრა ც. მ-ის _ 34%, ხოლო შპს “მ...ს” _ 66%. სასამართლომ ისე შეიტანა აღნიშნული ცვლილებები, რომ დ.ხ-ის პარტნიორობიდან გარიცხვის მართლზომიერებაზე არ უმსჯელია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც დ.ხ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით დ.ხ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შევიდა ცვლილება შპს “.. ..ს” სამეწარმეო რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემებში და დ. ხ-ე აღირიცხა საწესდებო კაპიტალის 25%-ის მესაკუთრე პარტნიორად, ხოლო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს “.. ..ს” 2002 წლის 15 ივლისის ¹3 კრების გადაწყვეტილებით დ. ხ-ე გაირიცხა საზოგადოების პარტნიორობიდან მის საზიანოდ განზრახ მოქმედების გამო. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით უდავო წარმოების წესით განხილულ იქნა შპს “.. ..ს” განცხადება და, ზემოხსენებული კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს “.. ..ს” სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერში შევიდა ცვლილებები. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საზოგადოების პარტნიორის გარიცხვა დასაშვებია მხოლოდ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 3.5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვით, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორის გარიცხვის შესახებ პირდაპირ არ იწვევს მისი საზოგადოებიდან გარიცხვას. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებამ სარჩელით უნდა მიმართოს სასამართლოს პარტნიორის გარიცხვის თაობაზე, რომელმაც შესაძლებელია სარჩელი არც დააკმაყოფილოს. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლო არ იყო უფლებამოსილი უდავო წარმოების წესით ცვლილებები შეეტანა სამეწარმეო რეესტრში და დ. ხ-ე დაეფიქსირებინა საზოგადოებიდან გარიცხულად, რის გამოც “მეწარმეთა შესახებ” კანონის 2.5 და მე-5 მუხლების, ასევე სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო რეესტრში შეტანილი შესაბამისი ცვლილებით დ.ხ-ე უნდა აღირიცხოს საწესდებო კაპიტალის 25%-ის მესაკუთრე პარტნიორად. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე და განმარტა, რომ მისი ძალაში დატოვება სადავო ცვლილებების შეტანას ვერ დააბრკოლებს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “.. ..მ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა შპს “.. ..ს” პარტნიორის შპს “მ...ს” მონაწილების გარეშე, რითაც მას შესაძლებლობა არ მიეცა, დაეცვა თავისი კანონიერი ინტერესები. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დ.ხ-ს არასწორად აღერიცხა საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 25% ისე, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის დადგენილება არ გაუქმებულა და სარჩელის აღძვრისას იგი კანონიერ ძალაში იყო. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სხდომის ოქმის მხარისათვის გადაცემის ვადა და 2007 წლის 24 მაისის ოქმი კასატორს ჩააბარა 14 ივნისს, 31 მაისის ოქმი _ 28 ივნისს, ხოლო 7 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი მხარეს საერთოდ არ გადასცემია. სასამართლომ დაარღვია შპს “.. ..ს” უფლებები, როდესაც, მოწინააღმდეგე მხარის წინააღმდეგობის გამო, არ მიიღო კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთაც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და მიაკუთვნა მხარეს იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, კერძოდ, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დ.ხ-ს შპს “.. ..ს” 2002 წლის 15 და 30 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმები კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბერის განჩინებით შპს “.. ..ს” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შპს “.. ..ს” დირექტორმა 2007 წლის 26 ივლისის ¹ვ-769-07 განცხადებას დაურთო მტკიცებულებანი 27 ფურცლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს “.. ..ს” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

კანონმდებელი მითითებული ნორმებით განსაზღვრავს რა იმ მოთხოვნებსა და დავის კატეგორიებს, რომლებზედაც საკასაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია, სხვა დანარჩენ შემთხვევაში შეტანილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა ჩაითვალოს.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “.. ..ს” საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

წარმოდგენილი დავის საგანია სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის წესის დარღვევის გამო საწესდებო კაპიტალში გარიცხული პარტნიორის წილის დანარჩენ პარტნიორებზე გადანაწილების კანონიერება. აღნიშნულ საკითხზე კი არსებობს სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკა, რომლის მიხედვით პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვისათვის მხოლოდ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება საკმარისი არ არის. პარტნიორის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საზოგადოებამ სარჩელით უნდა მიმართოს სასამართლოს, რომელიც სასარჩელო წესით განიხილავს სადავო საკითხს და მხოლოდ მითითებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშია შესაძლებელი საზოგადოებიდან გარიცხული პარტნიორის წილის დანარჩენ პარტნიორებს შორის განაწილება. სასამართლო პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “.. ..ს” საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “.. ..ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

რაც შეეხება შპს “.. ..ს” მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, ისინი მხარეს უკან უნდა დაუბრუნდეს, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამდენად, განცხადებაზე თანდართული წერილობითი მასალები 27 ფურცლად, უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “.. ..ს” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

შპს “.. ..ს” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი და მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებანი 27 ფურცლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.