Facebook Twitter

საქმე №11აპ-16 ქ. თბილისი

გ-ი ზ. 11აპ-16 28 ივნისი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 ივლისის განაჩენით ზ. გ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი.

2. განაჩენით მსჯავრდებულ ზ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ზ. გ-მ დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა საბრძოლო მასალა - 1 ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის, 7,62მმ კალიბრიანი ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისათვის განკუთვნილი ვაზნა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. 2015 წლის 27 მარტს ზ. გ-ი იმყოფებოდა თბილისში, ..... და ..... ქუჩების კვეთაზე, რა დროსაც პირადად, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა აღნიშნულ 7,62 მმ კალიბრიან ვაზნას.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებულ ზ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და ზ. გ-ს გამართლებას იმ საფუძვლით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ზ. გ-ს ქმედება ფორმალურად შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ნიშნებს ანუ წარმოადგენს დანაშაულს, მაგრამ, მცირე მნიშვნელობის გამო, არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს ანუ გარდაუვალს გახდიდა მისი ჩამდენის პასუხისმგებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, ზ. გ-ს აღიარებითი ჩვენებით, ადმინისტრაციული დაკავებისა და პირადი გასინჯვის ოქმებით, დათვალიერების ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის #..... დასკვნითა და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ. გ-მ ჩაიდინა ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.

3. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას დაცვის მხარის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება, რომ, მართალია, ზ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა მის მიერ მხოლოდ ერთი ცალი ვაზნის ტარებაში და, შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული ქმედება ფორმალურად შეიცავს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ აღნიშნულ ქმედებას არ გამოუწვევია არანაირი ზიანი და არ შეუქმნია საფრთხე საზოგადოებრივი უშიშროებისათვის, რაც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის პასუხისმგებლობას.

4. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა. იგი დამთავრებულად ითვლება მასში ჩამოთვლილი ნებისმიერი ქმედების (შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების, გადაზიდვის, გადაგზავნის ან გასაღების) ჩადენისთანავე, მიმართულია საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ და მძიმე შედეგის დადგომა არაა საჭირო. მსჯავრდებულის ქმედებას რაიმე ზიანი რომ გამოეწვია, დამატებით დაკვალიფიცირდებოდა ჩადენილი ქმედების შესაბამისად.

5. ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ზ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, კერძოდ: ზ. გ-ი არ არის ნასამართლევი, მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელიც აღიარა - უკანონოდ შეიძინა საბრძოლო მასალა - 1 ცალი ქარხნული წესით დამზადებული ვაზნა და მიაჩნია, რომ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება იმ მიმართებით, რომ მას გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 წელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ზ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. ზ. გ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

4. პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი