Facebook Twitter

ას-617-842-08 10 ნოემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სსიპ „საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტო” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. გ-აძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სარჩოს დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, ზედმეტად გადახდილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ „საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ ლ. გ-აძისა და სს ,,ტ-ის” გაკოტრების მმართველის მიმართ, მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩოს დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და ზედმეტად გადახდილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დაბრუნების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: “ს-ის” დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის ¹429-ა ბრძანებულებისა და ,,საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე 1992 წლამდე ,,ს-ის” სისტემის შახტაში მომხდარი ავარიების შედეგად დასახიჩრებული და დაავადებული მუშაკების რეგრესულ პენსიებს 1997 წლის განმავლობაში გასცემდა სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი დეპარტამენტ ,,ს-ის” გაანგარიშების საფუძველზე. 2006 წლიდან ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 და სსიპ “საქართველოს სოციალური დაცვის ერთიანი სახელმწიფო ფონდის” ჩამოყალიბების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის ¹558 ბრძანებულებებში ცვლილებებისა და დამატებების თანახმად, დაზარალებულთა აღრიცხვის სარჩოს გაანგარიშებისა და ზიანის ანაზღაურების ფუნქცია სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში დაევალა მოსარჩელეს, რომელმაც მონიტორინგის შედეგად გამოავლინა სარჩოს დანიშვნის თაობაზე კანონსაწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, საწარმოო ტრავმით დაზარალებული და 1999 წლის 10 ნოემბერს გარდაცვლილი უშანგი გვენეტაძის მეუღლე ლ. გ-აძისათვის სს “ტ-ის” ადმინისტრაციის მიერ 2000 წლის 2 თებერვლის ¹33 ბრძანებით 1999 წლის 10 ნოემბრიდან უკანონოდ დანიშნული ყოველთვიური სარჩო. 1996 წლიდან მოპასუხე იღებდა ინვალიდობის პენსიას, თუმცა აღნიშნული პერიოდის შემდეგ ლ. გ-ძის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ შემოწმების დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, 48 ბრძანებულების 35-ე მუხლით შესაბამისად, მას სარჩო არ უნდა დანიშვნოდა. სადავო ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

მოპასუხემ ლ.გვენეტაძემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 1981 წლის დეკემბერში ტყიბულის ლენინის სახელობის შახტაში მუშაობის დროს მოპასუხის მეუღლე უ. გ-ძემ მიიღო საწარმოო ტრავმა და დაინვალიდდა. 1996 წლიდან ლ. გ-ძე ცნობილ იქნა ინვალიდად, დაენიშნა პენსია და იმყოფებოდა მეუღლის კმაყოფაზე. 1999 წელს უ.გვენეტაძე გარდაიცვალა და სს “ტ-ის სადავო ბრძანებით მოპასუხეს, მარჩენალის გარდაცვალების გამო, სავსებით სწორად დაენიშნა ყოველთვიური სარჩო. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ლ. გ-ძე 48 ბრძანებულების პირველი თავის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებულ გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფ პირს წარმოადგენდა. მოპასუხე სს “ტ-ს”, სადავო სარჩოს დანიშვნისას, ლ. გ-ძის ინვალიდობის 1996 წლის შემდგომ პერიოდში გადამოწმების დამადასტურებელი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის წარდგენა არ მოუთხოვია, წინააღმდეგ შემთხვევაში ლ. გ-ძე მას წარადგენდა. რაც შეეხება უ. გ-ძის გარდაცვალების მიზეზსა და მის მიერ მიღებულ ტრავმას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას, აღნიშნულის დასადგენად მიზანშეწონილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქმეში სსიპ „საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის” უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება სსიპ „საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტო”.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინებით სსიპ „საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ 1981 წელს ლ. გ-ძის მეუღლე უ. გ-ძემ მიიღო საწარმოო ტრავმა და წლების განმავლობაში იმყოფებოდა სამედიცინო ზედამხევდელობის ქვეშ. 1999 წლის 10 ნოემბერს უ. გ-ძე გარდაიცვალა. სს “ტ-ის” 2000 წლის 2 თებერვლის ¹33 ბრძანებით ლ. გ-ძეს, მარჩენალის გარდაცვალების გამო, დაენიშნა სარჩო. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ლ.გვენეტაძისათვის სარჩოს დანიშვნისას აუცილებელი იყო მიზეზობრივი კავშირის არსებობა მარჩენალის გარდაცვალებასა და საწარმოო ტრავმას შორის. პალატამ მიიჩნია, რომ მარჩენალის გარდაცვალების გამო შრომისუუნარო პირებისათვის სარჩოს დანიშვნის წესს განსაზღვრავდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება, რომლის მიზანს წარმოადგენდა შრომისუუნარო პირების სოციალური უფლებების დაცვა, რათა მარჩენალის გარდაცვალების შედეგად მის კმაყოფაზე მყოფი შრომისუუნარო პირები უსახსროდ არ დარჩენილიყვნენ, ამდენად, სწორედ აღნიშნულ მოსაზრებაზე დაყრდნობით, დაზარალებულის კმაყოფაზე მყოფ შრომისუუნარო პირებს უპირობოდ ენიშნებოდათ სარჩო დაზარალებულის გარდაცვალებასა და საწარმოო ტრავმას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის მიუხედავად. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საწარმო ვალდებული იყო, დაზარალებულის კმაყოფაზე მყოფი შრომისუუნარო პირებისათვის დაენიშნა სარჩო დაზარალებულის გარდაცვალების მიზეზის გაუთვალისწინებლად. სასამართლოს მითითებით, სადავო მიზეზობრივი კავშირის არსებობა აუცილებელი გახდა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 სექტემბრის ¹443 ბრძანებულების მიღების შემდეგ, რომელსაც უკუქცევითი ძალა ვერ მიენიჭება და სადავო ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ „საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტომ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო სარჩოს დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ სრულად არ იმსჯელა სააპელაციო საჩივარში დასახელებულ გარემოებებზე. პალატამ არ გამოიყენა ლ.გვენეტაძისათვის სარჩოს დანიშვნის დროს მოქმედი საექიმო-საექსპერტო კომისიის დებულების მე-17 მუხლი, რომლითაც კომისიას ევალებოდა, გარდაცვლილი მარჩენალის ოჯახის წევრისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას დაედგინა მიზეზობრივი კავშირის არსებობა მარჩენალის გარდაცვალებასა და საწარმოო ტრავმას შორის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ „საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, თუმცა გადაწყვეტილება არსებითად სწორია, ამასთან, აღნიშნულ გარემოებაზე სათანადოდ იმსჯელა და კანონიერად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ, კერძოდ:

მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა რა მოპასუხე ლ. გ-ძის მეუღლე უ.გვენეტაძის საწარმოო ტრავმასა და გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირი, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასაბუთა ამგვარი კავშირის არსებობა. ამავე საქმეზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულება 2003 წლის ცვლილებებამდე გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფთათვის სარჩოს დასანიშნად მიზეზობრივი კავშირის არსებობის სავალდებულოობას არ ითვალისწინებდა და აღნიშნული სავალდებულო გახდა 2003 წელს ¹48 ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, რაც სადავო ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება, შესაბამისად, მიიჩნია, რომ დავაზე მიზეზობრივი კავშირის დადგენა საჭირო არ იყო. ამასთან, საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ძალაში დატოვა მისი გადაწყვეტილება ფაქტობრივი დასაბუთების კუთხით და შეცვალა მხოლოდ მისი სამართლებრივი შეფასება. აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, არ გააუქმოს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება, ვინაიდან იგი არსებითად სწორია და სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ძალაშია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მიზეზობრივი კავშირის დადგენის შესახებ.

საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარს უსაფუძვლოდ მიიჩნევს, ვინაიდან მოცემულ დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მიზეზობრივ კავშირს უ. გ-ძის საწარმოო ტრავმასა და გარდაცვალებას შორის. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს არც სააპელაციო და არც საკასაციო საჩივარში პრეტენზია არ განუცხადებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება საწარმოო ტრავმებთან დაკავშირებულ დავებზე მიზეზობრივ კავშირის არსებობის საკითხს, საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს შემდეგს:

სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობის განმსაზღვრელი ისეთი აუცილებელი პირობების არსებობა, როგორიცაა მართლწინააღმდეგობა, ზიანი, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ_ერთ აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ შედეგი ნებისმიერი სხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგად დადგება(სხვა პირის ბრალით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან თუ ფორსმაჟორული გარემოებიდან გამომდინარე) და ის არ იქნება მიზეზობრივ კავშირში პირის კანონსაწინააღმდეგო განზრახ ან გაუფრთხილებელ ქმედებასთან, პირი გათავისუფლდება ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან. მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხოლოდ იმ პირს, ვისი ქმედების გამოც დადგა კანონსაწინააღმდეგო შედეგი. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი ისაა, რომ ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი ქმედების უშუალო შედეგს. ზიანი როგორადაც არ უნდა იყოს სავარაუდო წინასწარ, თუ იგი პირის უშუალო მოქმედებით ან უმოქმედობით არ იქნება გამოწვეული, ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობა გამორიცხულია ანუ, რომ არა ეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი არ დადგებოდა.

მიზეზობრივი კავშირის დადგენის აუცილებლობას ითვალისწინებდა ადრე მოქმედი კანონმდებლობაც. აღნიშნულს მოწმობს მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1992 წლის 29 აპრილის დადგენილება, რომლის თანახმადაც შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკისათვის მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს იმ ორგანიზაციამ, რომელთანაც იგი ზიანის მიყენებისას შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მხოლოდ ამ ორგანიზაციის ბრალის არსებობის შემთხვევაში და მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, მიყენებულია თუ არა ზიანი ამ ორგანიზაციის ტერიტორიაზე ან მის გარეთ. მოცემული დადგენილებისა და ზიანის მიყენების დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე სახელმწიფო დაზარალებული გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფ პირებს, რომელთა წრესაც განსაზღვრავს სამოქალაქო სამართლოს კოდექსის 473-ე მუხლი (1964 წლის რედაქცია) სარჩოს დაუნიშნავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულის გარდაცვალება გამოწვეულია საწარმოო ტრავმით და არა ნებისმიერი სხვა გარემოებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მიყენებულ საწარმოო ტრავმასა და დაზარალებულის გარდაცვალებას შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო თავისუფალი იქნება პასუხისმგებლობისაგან, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, ¹48 ბრძანებულების 2003 წლამდე მოქმედი რედაქციის მე-4 პუნქტში 2003 წელს განხორციელებულ ცვლილებამდე, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მიზეზობრივი კავშირის აუცილებლობას გარდაცვალებასა და საწარმოო ტრავმას შორის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ, თუ პირის გარდაცვალების ფაქტი დაკავშირებული არ არის საწარმოო ტრავმასთან, ორგანიზაციის პასუხისმგებლობა გამორიცხულია და, შესაბამისად, არც გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის სარჩოს დანიშვნის ვალდებულება არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ „საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.