ას-617-954-07 12 სექტემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ბ. გ-ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი – გ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ხ. უ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინება
დავის საგანი – ბავშვების საცხოვრებელი ადგილია განსაზღვრა და აღსაზრდელად გადაცემა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. უ-მ სარჩელით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს და განმარტა, რომ 1998 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ბ. გ-თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი – ა. გ-ა, დაბადებული 1999 წელს და ალ. გ-ი, დაბადებული 2001 წელს. თავდაპირველად მათი ურთიერთობა ნორმალური იყო. ბოლო წლებში მეუღლეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მას უკრძალავდნენ ნათესავებთან ურთიერთობას, ავიწროვებდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, 2005 წელს ხ. უ-ა იძულებული გახდა წასულიყო სახლიდან, რის შემდეგაც ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ ქ.რუსთავში, ... 7ა-ში მდებარე ¹14 ბინაში. მას წამოსვლისას ბავშვები არ გამოატანეს, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ უბნის რწმუნებულის დახმარებით მოახერხა შვილების წამოყვანა საკუთარ სახლში. მოპასუხე ბ. გ-ს დროდადრო მიჰყავდა შვილები თავისთან. 2006 წლის თებერვალში მოპასუხემ წაიყვანა ბავშვები, მაგრამ უკან აღარ დაუბრუნებია. მიუხედავად ხ. უ-ს არაერთგზის მცდელობისა, მან ვერ მოახერხა შვილების დაბრუნება. მოსარჩელის განმარტებით, ბ.გ-მა მისი წასვლის შემდეგ მოიყვანა მეორე ცოლი, რომელთანაც ჰყავს ერთი შვილი, თავად ხ.უ-ა მუშაობს, გააჩნია შემოსავალი და ყველა პირობა იმისათვის, რომ მისი შვილები ღირსეულ ა-ებად და საქართველოს მოქალაქეებად აღზარდოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ხ.უ-მ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მითითებით, მოითხოვა ა. გ-ასა და ალ. გ-ს საცხოვრებელ ადგილად მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მცირეწლოვანი ბავშვების აღსაზრდელად მისთვის გადაცემა.
მოპასუხე ბ. გ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი ან მისი ოჯახის მხრიდან მოსარჩელის შეზღუდვის ან შეურაცხყოფის ფაქტები არ ყოფილა. მოსარჩელემ თვითონ მოინდომა მასთან განშორება. ბავშვები ზ.უ-ს მან ნებაყოფლობით გაატანა, ვინაიდან მიიჩნია, რომ მცირეწლოვანი ბავშვები დედასთან უნდა იზრდებოდნენ, მაგრამ მოპასუხემ დაარღვია ბავშვების აღსაზრდელად გადაცემის დროს დადებული პირობა, მიატოვა ბავშვები და გაემგზვრა თურქეთში ოთხი თვით საქმეებზე. ბავშვებს უვლიდა მისი ყოფილი სიდედრი - მოსარჩელეს დედა. ბავშვები დაავადდნენ, ისინი არ მიიყვანეს სკოლაში, რის გამოც ბ.გ-ი იძულებული იყო წაეყვანა ბავშვები და ეზრუნა მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ამჟამად მას აქვს ყველა საჭირო პირობა, შემოსავალი, ჰყავს ცოლი, რომელიც უვლის ა. და ალ. გ-ებს თავის შვილთან ერთად, ბავშვები იმყოფებიან ოჯახში და იზრდებიან ოჯახურ გარემოში.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ხ. უ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, 1999 წელს დაბადებული ა. გ-ა და 2001 წელს დაბადებული ა. გ-ე აღსაზრდელად გადაეცა მოსარჩელეს - ბავშვების დედას და მათ საცხორებელ ადგილად განისაზღვრა ხ. უ-ს საცხოვრებელი ადგილი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინებით ბ. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინებაზე ბ. გ-ს წარმომადგენელმა გ. გ-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მისაზრებით, საპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მოსარჩელე ცხოვრობს ქ.რუსთავში, არ აქვს სათანადო პირობები და საშუალება, რათა აღზარდოს შვილები, მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობს თურქეთში. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ბ. გ-ს წარმომადგენელს გ. გ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ბ. გ-ს წარმომადგენელის გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ბ. გ-ს წარმომადგენლის გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ბ. გ-ს წარმომადგენელს გ. გ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 174-175).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე ბინად გ-სა და მის წარმომადგენელს გაეგზავნა 2007 წლის 2 აგვისტოს (ს.ფ. 176-177); განჩინების ასლი ბინად გ-ს პირადად არ ჩაჰბარდა, სასამართლო გზავნილი ჩაიბარა მეზობელმა 2007 წლის 12 აგვისტოს. (ს.ფ. 179);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია საპროცესო მოქმედების შესახებ წერილობითი ფორმით აცნობოს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, თუმცა სასამართლო უწყება თუ გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჩაბარდა მხოლოდ მხარეს, ან მხოლოდ მის წარმომადგენელს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს წარმომადგენლის ვალდებულებას, აცნობოს მხარეს მის მიერ სასამართლოდან მიღებული ინფორმაცია. ამდენად, სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის მხარისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მისი კანონიერი ინტერესები არ იზღუდება, თუ მითითებული დოკუმენტები მის წარმომადგენელს ჩაბარდება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება ჩაბარდა არა მხარეს, არამედ მის წარმომადგენელ გ. გ-ს, რომელმაც სასამართლო გზავნილი ჩაიბარა 2007 წლის 4 აგვისტოს (ს.ფ.178), თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს დაუდგინდათ ხარვეზი, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს იგი არ გამოუსწორებია, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. გ-ს წარმომადგენლის გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.