ას-618-955-07 12 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), მაია სულხანიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. მ-ის, ა. ვ-ის, გ. ო-სა და გ. ბ-ს საკასაციო საჩივრისა და ა. ქ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის პირველი ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 2 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ა. მ-მ, ა. ვ-მ, გ. ო-მა, ნ. ქ-მ და გ. ბ-მა მოპასუხე საქართველოს ... კავშირისა და ა. ქ-ს მიმართ და მოითხოვეს საქართველოს ... კავშირის 2006 წლის 31 მარტის გამგეობის სხდომის დადგენილების, საქართველოს ... კავშირის დე-იურე ხელმძღვანელის 2006 წლის 3 აპრილის ბრძანების გაუქმება, საქართველოს ... კავშირის საარჩევნო ყრილობის ჩატარების არაკანონიერად აღიარება, აგერთვე პარიტეტულ საწყისებზე ობიექტური საარჩევნო კომისიის შექმნა და საარჩევნო წესდების შემუშავების დავალდებულება. მოსარჩელეთა განმარტებით, ჩატარებული საარჩევნო ყრილობა არაკანონიერია, ვინაიდან გამგეობის სხდომაზე მიღებული დადგენილებით დარღვეულია თანასწორობის პრინციპი, საქართველოს ... კავშირის ფილიალებში ასარჩევ დელეგატთა კვოტა დისკრიმინაციულია, მისი განსაზღვრისას არ არის განსაზღვრული წევრთა ის რაოდენობა, რომელიც ამოსავალ პუნქტს უნდა წარმოადგენდეს. ამასთან, ყრილობის მოწვევის თარიღი და მასში მონაწილე დელეგაცია საქართველოს ... კავშირის წესდების 10.5 მუხლის შესაბამისად, უნდა განსაზღვროს კავშირის გამგეობამ და არა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, არჩევნები სამართლიანად და ზეწოლის გარეშეE უნდა ჩატარდეს, რისთვისაც დამოუკიდებელი, პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი საარჩევნო კომისიის ჩამოყალიბებაა აუცილებელი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოსარჩელეთა პრეტენზიებს არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ის, ა. ვ-ის, გ. ო-ს, ნ. ქ-ისა და გ. ბ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ-მ, ა. ვ-მ, გ. ო-მა, ნ. ქ-მ და გ. ბ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის პირველი ივნისის განჩინებით ა. მ-ის, ა. ვ-ის, გ. ო-ს, ნ. ქ-ისა და გ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ 2004 წლის 31 მარტის დადგენილება მიღებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელშიც 2006 წლის 24 მაისის დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება ფონიჭალის ფილიალისათვის დადგენილი განსხვავებული კვოტის გაუქმების შესახებ, შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელეთა პოზიცია თანასწორუფლებიანობის პრინციპის დარღვევისა და ფილიალებში ასარჩევი დელეგატების კვოტის დისკრიმინაციულობის შესახებ და, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ... კავშირის გამგეობის 2006 წლის 31 მარტის დადგენილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მოსაზრება ა. ქ-ს, როგორც ... კავშირის თავმჯდომარის, მიერ გამოცემული 2006 წლის 3 აპრილის ¹2 ბრძანების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით და აღნიშნული მოთხოვნა მიიჩნია აღიარებითი ხასიათის მოთხოვნად, რომლის მიმართაც მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს იურიდიული ინტერესი, რის გამოც აღნიშნულ მოთხოვნას უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ შეფასებებსა და დასკვნებს, რომლებიც საფუძვლად დაედო საქართველოს ... კავშირის საარჩევნო ყრილობის ჩატარების უკანონოდ აღიარების, საარჩევნო კომისიის შექმნისა და საარჩევნო წესდების შემუშავების დავალდებულების მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ა. მ-მ, ა. ვ-მ, გ. ო-მა, ნ. ქ-მ და გ. ბ-მა, ასევე საქართველოს ... კავშირის თავმჯდომარემ _ ა. ქ-მ.
ა. მ-მ, ა. ვ-მ, გ. ო-მა, ნ. ქ-მ და გ. ბ-მა მოითხოვეს აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს ... კავშირის თავმჯდომარემ _ ა. ქ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო. 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ა. მ-ის, ა. ვ-ის, გ. ო-სა და გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი, ხოლო 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ა. ქ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის, ა. ვ-ის, გ. ო-სა და გ. ბ-ს და ასევე ა. ქ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. მ-ის, ა. ვ-ის, გ. ო-სა და გ. ბ-ს და ა. ქ-ს საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. მ-ის, ა. ვ-ის, გ. ო-სა და გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი და ა. ქ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.