საქმე №128აპ-16 ქ. თბილისი
კ-ე რ. 128აპ-16 28 ივლისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ელიზბარ გოზალიშვილის, მაია სილაგაძის
ადვოკატების - გ. ფ-ს, ვ. ტ-ს, ი. გ-ს
მსჯავრდებულების - ა. ც-ს, რ. კ-ს
მონაწილეობით განიხილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის, მსჯავრდებულ ა. ც-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ტ-ს, მსჯავრდებულ რ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ლ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის განაჩენით რ. კ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 3391-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
2. რ. კ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 20 იანვრიდან.
3. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 20 ივლისიდან იმავე წლის 23 ივლისის ჩათვლით, ასევე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 26 ივლისიდან იმავე წლის 17 სექტემბრის ჩათვლით.
4. რ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. რ. კ-ს სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
5. ა. ც-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 25,338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 25,3391-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
6. ა. ც-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,3391-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 20 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 20 ივლისიდან იმავე წლის 26 ივლისის ჩათვლით.
7. ა. ც-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
8. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა უნდა მოეხსნას ა. ც-ს მიმართ გამოყენებულ, გირაოს უზრუნველსაყოფად ჯ. გ-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე: ….., სოფელ ….., საკადასტრო კოდი …..).
9. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ამსახველი ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერი 6 DVD დისკზე, რ. ც-ს მიერ წარმოდგენილი აუდიოჩანაწერი ერთ დისკზე, ჯ. შ-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ერთ დისკზე, გარესათვალთვალო კამერის მიერ აღბეჭდილი ინფორმაცია ერთ დისკზე შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით; ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა - 27000 ლარი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; რ. ც-ს მიერ წარმოდგენილი ფულადი თანხა - 3000 ლარი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; ა. ც-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 10 ლარი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; ავტომანქანიდან ამოღებული მობილური ტელეფონი სიმბარათით და პირადობის მოწმობა უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; რ. კ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მეტრომანის ბარათი და სავიზიტო ბარათი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
10. განაჩენით მსჯავრდებულების - ა. ც-სა და რ. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2012 წლის 25 ოქტომბრის №….. განკარგულების საფუძველზე რ. კ-ე არჩეულ იქნა ….. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ და ითვლებოდა მოხელედ. ….. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის №….. ბრძანებით იგი იმავდროულად წარმოადგენდა ….. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.
11. რ. ც-მ რ. კ-ე გაიცნო ა. ც-ს მეშვეობით, რომლისგანაც გაიგო, რომ ….. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები იყო გასაყიდი და მყიდველს დაეხმარებოდა მიწის ნაკვეთების ყიდვაში შეღავათიანი პირობებით. 2013 წლის ივლისში რ. ც-ე დაუკავშირდა ა. ც-ს და აცნობა, რომ ინვესტორს სურდა მიწის ნაკვეთის ყიდვა და თუ დაეხმარებოდნენ, ინვესტორისგან მიიღებდნენ ფულად სარგებელს. ა. ც-მ აღუთქვა მას დახმარება. იგი დაუკავშირდა რ. კ-ს და მოახსენა ზემოაღნიშნული. რ. კ-მ, მიუხედავად იმისა, რომ მის უშუალო უფლებამოსილებაში არ შედიოდა მიწის საკითხის გადაწყვეტა, დაუდასტურა ა. ც-ს, რომ მას შეეძლო აღნიშნული საკითხის მოგვარებაში დახმარების გაწევა და უთხრა, რომ გასაყიდი იყო 6000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შეეძლო მოეგვარებინა ისე, რომ შეღავათიანი პირობებით ეყიდა. კერძოდ, თუ საბაზრო ფასი იყო 120 აშშ დოლარი, იგი 1 კვ.მ მიწის ნაკვეთს გაყიდდა 55 ლარად. რ. კ-მ დახმარების სანაცვლოდ მოითხოვა მისთვის 20 ლარის გადახდა 1კვ.მ-ზე, ანუ 6000 კვ.მ-ზე - 120.000 ლარი, თუმცა მას თანხასთან დაკავშირებით ინვესტორთან არანაირი ურთიერთობა არ უნდა ჰქონოდა. ეს საკითხი უნდა მოეგვარებინა ა. ც-ს. რ. კ-ე რამდენჯერმე შეხვდა ა. ც-ს, ასევე რ. ც-ს, რა დროსაც მათ შორის საუბარი გაიმართა გასაყიდი მიწის თაობაზე და აქედან გამომდინარე, მისთვის გადასაცემ თანხაზე. 2013 წლის 20 ივლისს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში რ. ც-მ ა. ც-ს გადასცა რ. კ-ს მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 30.000 ლარი რ. კ-სათვის გადასაცემად.
12. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
13. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ რ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით, ხოლო ა. ც-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით.
14. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო, რადგან მსჯავრდებულთა ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია. სასამართლომ განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა აღნიშნა, რომ რ. კ-ს უშუალო უფლებამოსილებაში არ შედიოდა მიწის საკითხის გადაწყვეტა და მას არ შეეძლო ერთპიროვნულად გადაეჭრა ….. ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასის განსაზღვრისა და პროვატიზაციის საკითხი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. კ-ს თანამდებობრივი უფლებამოვალეობებიდან გამომდინარე არ შეეძლო ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ქმედების განხორციელება, არამედ ის პირდებოდა დაინტერესებულ პირს, რომ მოახდენდა არამართლზომიერ ზეგავლენას იმ პირებზე, ვის კომპეტენციაშიც შედიოდა მიწის გასხვისების საკითხის გადაწყვეტა.
15. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ზემოაღნიშნული მსჯელობა არის უკანონო შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ ….. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 ოქტომბრის N….. განკარგულების თანახმად რ. კ-ე აირჩიეს ….. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ და ითვლებოდა მოხელედ. ….. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის N….. ბრძანებით იგი იმვდროულად წარმოადგენდა ….. მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს. 2011 წლის 6 იანვრის ….. მუნიციპალიტეტის საკრებულოს N….. დადგენილებით დამტკიცდა ….. მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი. ამ წესის მიხედვით აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს „ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია“, ხოლო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება ….. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით მოწმეების - თ. ზ-ს, მ. მ-ს ჩვენებითა და გამორკვეული დოკუმენტაციით დადგინდა ის პროცედურები, თუ რა გზით ხდება მიწის ნაკვეთის პრივატიზება აუქციონის გზით. ამ პროცედურებში მონაწილეებს, როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობა, ასევე საკრებულო და ბოლოს სააუქციონო კომისია. კერძოდ დაინტერესებული პირი მიწის შეძენის სურვილით მიმართავს ….. მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით. აღნიშნული საკითხი გამგეობაში გადის რამოდენიმე ინსტანციას, პირველად საკითხი იხილება ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურში, ხოლო შემდეგ გადაეცემა გამგეობის ქონების განკარგვის მიზანშეწონილობის განკარგვის ფორმებისა და პირობების განსაზღვრის კომისიას. ეს კომისია იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ქონების გასხვისების მიზანშეწონილობის თაობაზე. დადებითად გადაწყვეტის შემდეგ მოწონებული საკითხი ეგზავნება საკრებულოს შესაბამის სხდომაზე გასატანად. საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ საკითხს და თუ დაუჭერენ მხარს იღებენ გადაწყვეტილებას ქონების განკარგვის შესახებ, ასევე საკრებულოს ამავე სხდომაზე წყდება ქონების პროვატიზაციის ნუსხაში ჩასმის და საწყისი ფასის განსაზღვრა. მას შემდეგ რაც საკრებულოზე დადებითად გადაწყდა საკითხი, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ცხადდება აუქციონი.
16. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ რ. კ-ს გააჩნია ის უფლებამოსილება, რაც დაეხმარებოდა მას ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში.
17. რ. კ-ს მხრიდან სახეზე გვაქვს ქრთამის აღება, როგორც მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების, ასევე მისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით.
18. არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რ. კ-ს მხრიდან სხვა თანამდებობის პირებზე არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა შეფასებულ იქნეს როგორც ზეგავლენით ვაჭრობა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რ. კ-ე სხვა პირებზე ზემოქმედებას გეგმავს მისი თანამდებობიდან გამომდინარე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ეს ზემოქმედება მათზე განპირობებულია სწორედ მისი მაღალი თანამდებობით, რაც აკუთვნებს ამ დანაშაულს ქრთამის აღების შემადგენლობას და არა ზეგავლენით ვაჭრობას, რა დროსაც ზეგავლენით მოვაჭრე იყენებს არა მის თანამდებობას არამედ მეგობრულ ან ნათესაურ კავშირს.
19. მსჯავრდებული ა. ც-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ტ-ა საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და ა. ც-ს გამართლებას.
20. კასატორების მოსაზრებით, განაჩენი არის უკანონო, უსაფუძვლო და უსამართლო. როგორც წინასწარი გამოძიება, ისე სასამართლო განხილვა ჩატარდა არასრულად, შეგნებულად არ იქნა გამოვლენილი საპროცესო კოდექსის, სისხლის სამართლის კოდექსის, ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტები. საქმეზე წინასარი გამოძიება ჩატარდა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის თაობაზე საქართველოს სსსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის დარღვევით, რის გამოც დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ა. ც-ს მიმართ ძირითადად ეყრდნობა კანონის დარღვევით მოპოვებულ დაუშვებელ მტკიცებულებებს. მსჯავრდებულების - ა. ც-სა და რ. კ-ს მიმართ ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელების მიერ თაღლითური ქმედებით, ნდობის ბოროტად გამოუყენებით ახლო ნათესავი აგენტის ა. ც-სთან მიგზავნით განხორციელდა ოპერატიული ღონისძიებები, რომელიც მიმართული იყო მოტყუებისკენ და მიზნად ისახავდა მათ დაპატიმრებას. სააპელაციო სასამართლომ გამოკვლევისა და მსჯელობის მიღმა დატოვა კანონის დარღვევის ფაქტები და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო დაუშვებელი მტკიცებულება - კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება - 2013 წლის 13 ივლისის აუდიო ჩანაწერი. დანაშაულებრივ ჯგუფში ოპერატიული მუშაკის ჩართვის შესახებ დადგენილებაში ფიქტიურად არის მითითებული ს. ჯ-ს ლეგენდირებით ჩართვის მიზან-ამოცანები, ვინაიდან ფარული მიყურადებით სატელეფონო საუბრებში 12 პირი ფიგურირებს და არცერთის ვიანობა არ ყოფილა დადგენილი გამოძიების მიერ.
21. მსჯავრდებული რ. კ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ლ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და რ. კ-ს გამართლებას.
22. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მიერ არათუ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, არამედ თვით სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები უგულებელყო, რომლებიც რ. კ-ს სრულ უდანაშაულობას ადასტურებენ და გამოიტანა აშკარად უკანონო განაჩენი. სააპელაციო სასამართლომ დაუშვა და მთლიანად დაეყრდნო არაავთენტურ მტკიცებულებას და ფარული ვიდეოჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით არსებული ეჭვი არ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.
23. სააპელაციო სამართლოში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით კიდევ უფრო აშკარა გახდა, რომ შსს ანტიკოროფციულ სამსახურში დაიგეგმა და განხორციელდა მთელი რიგი უკანონო ღონისძიებები იმ მიზნით, რომ რ. კ-ე საბოლოოდ ჩამოეშორებინათ პოლიტიკური მოღვაწეობისაგან ხელოვნური კრიმინალიზაციის გზით.
24. განაჩენი უკანონოა, დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 და სსსკ-ის 259-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. ძირითადი მტკიცებულებები, რომლებიც რ. კ-ს მიმართ წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა და რომელსაც ასევე სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო არის ფარული ჩანაწერები, რომელთა რეალური შინაარსის გარკვევა ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების მოთხოვნების გაცნობის, საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მსჯავრდებულ ა. ც-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ტ-ს, მსჯავრდებულ რ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ლ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულების - რ. კ-სა და ა. ც-ს საკასაციო საჩივრების მოთხოვნა მათი გამართლების თაობაზე არის უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საკასაციო პალატა იზიარებს აგრეთვე სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულების - რ. კ-სა და ა. ც-ს ქმედებებებს 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მიეცათ არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
3. დაცვის მხარის - მსჯავრდებულების - რ. კ-სა და ა. ც-ს და მათი ადვოკატების პოზიციას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ ჩაუდენიათ არანაირი დანაშაული, ხოლო სინამდვილეში ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას და, აქედან გამომდინარე, მათ უკანონო და დაუსაბუთებელ მსჯავრდებას, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ასეთი პოზიციის დასადასტურებლად საქმეში არ მოიპოვება საამისოდ საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ რ. კ-ე 2012 წლიდან მუშაობდა ….. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ. ამასთანავე ის ასევე წარმოადგენდა ….. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილად არის მიჩნეული, რომ რ. კ-ე, რომლის სამსახურებრივი საქმიანობის სფეროში შედიოდა ..... მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის პრივატიზების საკითხი, 2013 წლის ივლისში, თავის ნაცნობ ა. ც-სთან ერთად, შეხვდა რ. ც-ს, რომელმაც განუცხადა, რომ მისი ნაცნობი ბიზნესმენი, ვინმე „გ.“, დაინტერესებული იყო ….. მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთის შეძენით. რ. კ-მ, ა. ც-სთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას, განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღება. ამ მიზნით რ. კ-მ რ. ც-ს შესთავაზა ..... მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის შეძენის სურვილის არსებობის შემთხვევაში, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ხსენებული ინვესტორის სასარგებლოდ გადაწყდებოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხი. საამისოდ მან მოითხოვა მისთვის თანხის - 120000 ლარის გადახდა, ხოლო ამ თანხის მისთვის გადაცემა უნდა უზრუნველეყო ა. ც-ს ანუ ამ უკანასკნელს უნდა ეკისრა შუამავლის როლი ინვესტორის მხრივ აღნიშნული თანხის გაცემასა და რ. კ-ს მიერ ამ თანხის აღებაში.
5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია როგორც მოწმეების ჩვენებებით, ასევე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით მოპოვებული მტკიცებულებებით. აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებისას რ. ც-მ ა. ც-ს გადასცა რ. კ-ს მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 30000 ლარი, რაც ამ უკანასკნელს უნდა მიეტანა
რ. კ-სთან.
6. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულთა უდანაშაულობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოწმე რ. ც-ე არის აგენტ-პროვოკატორი, ხოლო მსჯავრდებულების - რ. კ-სა და ა. ც-ს მიმართ ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას. საკასაციო პალატა აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს შემდეგი მოსაზრებებით: საქმეში არავითარი მტკიცებულება არ მოიპოვება იმის დასადასტურებლად, რომ მოწმე რ. ც-ე მოქმედებდა როგორც აგენტ-პროვოკატორი; ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მექრთამეობის საქმეებზე, ლატენტური დანაშაულის გამოსავლენად ოპერატიული ექსპერიმენტის სახით, მართლზომიერი ქმედებაა და იგი სრულად განსხვავდება პროვოკაციისაგან. დანაშაულის გამოსავლენად, აღსაკვეთად და თავიდან ასაცილებლად“ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის შესაბამისად მოქმედება დამნაშავეთა მხილების მიზნით, კანონის მთავარი ამოცანაა. რ. ც-ე, რომელსაც დანაშაულში მონაწილე პირები (ა. ც-ე და რ. კ-ე) ანდობენ დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილებას, უხსნიან ფულის აღების სქემას, აძლევენ რჩევა-დარიგებას ინვესტორთან (მოსკოვში მცხოვრებ გ-თან) ურთიერთობისათვის, ერთად ჩადიან დანაშაულს-იღებენ და ინაწილებენ ქრთამის სახით შეთავაზებულ 30 000 ლარს, ვერ ჩაითვლება დანაშაულის პროვოკატორად. დაცვის მხარე აპელირებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები რ. ც-ს იყენებდნენ როგორც ფარულ თანამშრომელს, რომელსაც იხსენიებენ აგენტ-„…..“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში პირდაპირ მიუთითებს, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას. ზოგადად, ფარული აგენტის მიერ პირის წაქეზება არ გამორიცხავს ამ უკანასკნელის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. დანაშაულის პროვოკაცია არ ათავისუფლებს პროვოცირებულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (Ramanauskas v. Lithuania, 74420/01, 2008 წლის 5 თებერვალი).
7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რ. ც-ე მოქმედებდა როგორც დაინტერესებული პირი, რომელმაც ხელოვნურად შექმნა თითქოსდა დანაშაულის ჩადენის ვითარება, რის გამოც სასამართლოსათვის მის მიერ მიცემული ჩვენება, რაც ერთ-ერთ საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს, არ უნდა იქნეს მიღებული სარწმუნო მტკიცებულებად. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ რ. ც-ე მოქმედებდა კეთილსინდისიერად და მისი თითოეული ნაბიჯი განპირობებული იყო იმ მოტივით, რომ ის შეესწრო დანაშაულის ჩადენის ფაქტს და სწორად მის თაობაზე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.
8. დაცვის მხარის წარმომადგენლებს, ცდილობენ რა მსჯავრდებულთა მოქმედებების გამართლებას, თავიანთ საკასაციო საჩივრებში მოაქვთ ცალკეული ამონარიდები საქმეში არსებული მასალებიდან მთლიანი კონტექსტიდან ამოღებული ცალკეული დეტალების სახით, რომლებიც თითქოს ადასტურებენ რ. კ-სა და ა. ც-ს უდანაშაულობას. მაგალითად, რ. კ-ს ადვოკატი თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნავს: ….. საკრებულოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ….. პირველ ზოლში აუქციონით გასაყიდი მიწის ნაკვეთის ერთი კვადრატული მეტრის ფასი იყო 54 ლარი. რ. კ-მაც სწორედ ამ ფასად შესთავაზა აღნიშნულ ზოლში მიწის ნაკვეთის ყიდვა ინვესტორის წამომადგენელს მასთან მოლაპარაკებისას. დაცვის მხარე ასევე უთითებს ფარულ ჩანაწერებში ცალკეული საუბრების ზოგიერთ მომენტზე, სადაც რ. კ-ე ეუბნება ა. ც-ს - „ინვესტორს ქრთამს ხომ არ მოვთხოვ“; „ხალხს ხომ დაასაქმებს ადგილობრივ“; „ქალაქს ხომ გაალამაზებს და დამსვენებლებს ჩამოიყვანს“ და ა.შ. ამ შემთხვევაში დაცვის მხარე მთლიანად გვერდს უვლის საქმის მასალებში დაფიქსირებული იმ საუბრების მთლიან შინაარსს, რომლებსაც მსჯავრდებულები აწარმოებდნენ როგორც ბრალდების მოწმეებთან - რ. ც-სა და ს. ჟ-თან, ისე ერთმანეთთან, ხოლო ამ საუბრების შინაარსი უტყუარად ადასტურებს მსჯავრდებულთა დანაშაულებრივ განზრახვებსა და მათ შესაბამის ქმედებებს.
9. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დაცვის მხარის წარმომადგენელი კასატორები, მსჯავრდებულთა გამართლების მიზნით, ცალკეულ შემთხვევაში მიმართავენ საქმის ფაქტობრივი გარემოებების აშკარად არასწორი რაკურსით წარმოდგენას. მაგალითად, ისინი ბრალდების მოწმეებთან წარმოებულ დანაშაულებრივ მოლაპარაკებებში მსჯავრდებულების - რ. კ-სა და ა. ც-ს საუბარს იმის თაობაზე, რომ ინვესტორის მიერ გადახდილი თანხიდან, კერძოდ, ყოველი 100 ლარიდან 20 ლარი რჩება მათ, 20 ლარი მიდის სხვებთან, ხოლო 60 ლარი წარმოადგენს სააუქციონოდ შესატან თანხას, ისე განმარტავენ, რომ თითქოს აღნიშნული საუბარი ეხებოდა არა მათთვის გადასახდელ თანხას, არამედ აუქციონზე გასაყიდი მიწის ნაკვეთის - 6000 კვ.მ. ფართობის 20%-ს, რომელზეც უნდა განთავსებულიყო შენობა-ნაგებობები. სინამდვილეში საქმე სწორედ პირიქით იყო, რადგან საუბარი ეხებოდა თანხის იმ წილებს, რომელიც მსჯავრდებულებს უნდა მიეღოთ როგორც თავისი სარგებელი ინვესტორის მიერ გადახდილი მთლიანი თანხიდან. აღნიშნული კასატორები მიუთითებენ ასევე იმის თაობაზე, რომ რაც შეეხება 30000 ლარს, რომლის თაობაზეც ფარულ ჩანაწერებშია საუბარი და რომელიც ამოღებულ იქნა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას ა. ც-სგან, წარმოადგენდა ინვესტორის მიერ გამოგზავნილ, აუქციონის გამართვასთან დაკავშირებით წინასწარ შესატან თანხას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, რომლებიც მოპოვებულია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით, დადასტურებულია, რომ აღნიშნული თანხა მსჯავრდებულმა ა. ც-მ მიიღო, როგორც რ. კ-სა და პირადად მისთვის განკუთვნილი გასამრჯელო, მიწის ნაკვეთის შესაძენად გამართულ აუქციონში ინვესტორისათვის საჭირო დახმარების გაწევის სანაცვლოდ. გარდა აღნიშნულისა, დაცვის მხარე ასევე უთითებს რ. კ-სა და ა. ც-ს ჩვენებებზე, რომელთა მიხედვით ინვესტორის წარმომადგენლებთან უშუალო კონტაქტისას მათი მხრივ არც ქრთამზე და არც რაიმე სხვა თანხაზე საერთოდ საუბარიც კი არ ყოფილა. გარდა ამისა, ისინი მიუთითებენ, რომ ფარულ ჩანაწერებში, რომლებიც სასამართლომ ძირითად მტკიცებულებებად გამოიყენა გამამტყუნებელი განაჩენისათვის, არსად არაა დაფიქსირებული რ. კ-ს მიერ ვინმესგან ქრთამის ან სხვა რაიმე მატერიალური სარგებლის მოთხოვნა. ყოველივე ეს, მათი განმარტებით, ადასტურებს იმას, რომ მსჯავრდებულებს არავითარი დანაშაულებრივი განზრახვა არ ამოძრავებდათ. სინამდვილეში კანონიერი გზით მოპოვებული ფარული ჩანაწერებით დასტურდება, რომ რ. კ-ე ა. ც-სა და რ. ც-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის გადასახდელ თანხებსა და მათ ოდენობაზე თვითონ ინვესტორის წამომადგენელს არ დაელაპარაკებოდა, ეს საკითხი ა. ც-ს უნდა მოეგვარებინა.
10. მსჯავრდებულ რ. კ-ს ადვოკატი თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ მის წინააღმდეგ ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად გამოიყენა არაავთენტური ფარული აუდიო-ჩანაწერი, რომლის შესახებ სასამართლოში დაკითხვისას ექსპერტმა განაცხადა, რომ იმის დადგენა, აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს თუ არა მონტაჟს, შეუძლებელია, რადგან ის არაავთენტურია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხსენებული ფარული აუდიო-ჩანაწერის შინაარსის ნამდვილობა დასტურდება სხვა ფარული ვიდეო-ჩანაწერებით, რომელთა შინაარსი სრულიად უდავოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულები სწორედ მართლსაწინააღმდეგო მიზნებითა და მოტივებით ახორციელებდნენ თავიანთ დანაშაულებრივ ქმედებებს.
11. რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. ც-ს ადვოკატის - ვ. ტ-ს საკასაციო საჩივარს, იგი ძირითადად ეთმობა იმის მტკიცებას, რომ მსჯავრდებულების მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევებით, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ფარული აგენტის - რ. ც-ს მიერ კანონის აკრძალული ხერხების გამოყენებას, კერძოდ, მოტყუებას, დანაშაულებრივი ვითარების ხელოვნურად შექმნას, ნდობის ბოროტად გამოყენებას, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას, მასთან კონტაქტში მყოფი პირების შეცდომაში შეყვანასა და სხვა მსგავს ქმედებებს მსჯავრდებულთა წინააღმდეგ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით. მანვე შემდგომში წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში მისცა აშკარად ცრუ ჩვენებები, რაც მთლიანობაში გახდა რ. კ-სა და ა. ც-ს უკანონო მსჯავრდების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი. საკასაციო პალატა კასატორის ამგვარ პოზიციას ვერ დაეთანხმება, რადგან საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ მსჯავრდებულთა მიმართ ფარული თუ სხვა საგამოძიებო მოქმედებისას კანონმდებლობის არსებით დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ასევე, მათი ბრალდების საქმის როგორც 1-ლი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მსჯავრდებულთა საპროცესო უფლებების დარღვევა არ ვლინდება. იგივე უნდა აღინიშნოს მსჯავრდებულ რ. კ-ს ადვოკატის მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებულ ზოგად მსჯელობებზე მათ მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას, აგრეთვე სასამართლოებში საქმის განხილვისას კანონიერების უხეში დარღვევების შესახებ, რადგან საკასაციო სასამართლოში აღნიშნული საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შესწავლით კანონიერების რაიმე არსებითი დარღვევები არ დგინდება.
12. საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა ბრალდების მხარის წარმომადგენლის, პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მოტივები, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ რ. კ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილისს „გ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, ხოლო მსჯავრდებულ ა. ც-ს ქმედების აღნიშნული კოდექსის 25-ე მუხლზე, აგრეთვე 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საკასაციო პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულების ქმედებების იმ სამართლებრივ შეფასებებს, რაც მოცემულია სააპელაციო სასამართლოს განაჩენში. საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მოპოვებულია კანონიერი გზით, დასტურდება, რომ მსჯავრდებულ რ. კ-ს ჩადენილი აქვს არა ზეგავლენით ვაჭრობა, არამედ ქრთამის აღება, ესე იგი მოხელის მიერ პირდაპირ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნა თავის სასარგებლოდ, რათა მას თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას სხვა პირის სასარგებლოდ განეხორციელებინა ქმედება და გამოეყენებინა თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ხოლო მსჯავრდებულ ა. ც-ს ჩადენილი აქვს იმავე დანაშაულში თანამონაწილეობა დამხმარის სახით.
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემებები სწორად იქნა დადგენილი, თუმცა მათ მიეცათ არასწორი სამართლებრივი შეფასება სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის თვალსაზრისით. პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მოხელე თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას იყენებს ქრთამის მიმცემის ინტერესების სასარგებლოდ, ადგილი აქვს ქრთამის აღებას, რომელიც დამთავრებულია მის მიერ ქრთამის მოთხოვნის ან მისთვის ქრთამის შეთავაზებაზე თანხმობის მიცემის მომენტიდან. სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში რ. კ-ს მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 339-1 მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ა. ც-ს მსჯავრდებას - სსკ-ის 25, 339-1 მუხლის მე-2 ნაწილით ასაბუთებს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
15. 2011 წლის 6 იანვრის ….. მუნიციპალიტეტის საკრებულოს №….. დადგენილებით დამტკიცებული ….. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის თანახმად, აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია. ამდენად, რ. კ-ს არ ჰქონდა ….. რაიონის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების ნორმატიული ფასის განსაზღვრისა და პრივატიზაციის საკითხის ერთპიროვნულად გადაჭრის უფლებამოსილება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ რ. კ-ს თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე არ შეეძლო ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ქმედების განხორციელება. განსახილველ შემთხვევაში ქრთამის მიმცემის ინტერესსა და მოთხოვნას წარმოადგენდა ….. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის გზით შეძენა, რომლის განხორციელებაც არ შედიოდა რ. კ-ს უფლებამოსილებაში, რადგან აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიური წესით.
16. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ა. ც-მ ჩაიდინა დახმარება ზეგავლენით ვაჭრობაში პირის მიერ, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე თავისი ან სხვა პირის სასარგებლოდ იმ პირისაგან, რომელიც მოქმედებს საკუთარი ან სხვა პირის ინტერესებისათვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მოთხოვნა ან მიღება, ასევე ასეთის თაობაზე დაპირების ან შეთავაზების მიღება, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ასეთი ზეგავლენა ან/და მიღებულ იქნა თუ არა ამ ზეგავლენით სასურველი შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 25-ე მუხლითა და 339-1 მუხლის მე-2 ნაწილით.
17. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ამგვარ დასაბუთებებს მსჯავრდებულთა ქმედებებში ზეგავლენით ვაჭრობის შემადგენლობის ნიშნების არსებობის თაობაზე, რადგან ის არ შეესაბამება ერთი მხრივ ქრთამის აღებისა და მასში თანამონაწილეობის, ხოლო მეორე მხრივ ზეგავლენით ვაჭრობისა და მასში თანამონაწილეობის არსის მართებულ განსაზღვრას. საკასაციო პალატა განმარტავს: მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დანაშაულები თითქოს ერთმანეთს ჰგავს, ამავე დროს ისინი ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქრთამის აღების სუბიექტია მხოლოდ მოხელე, რომელიც ქრთამის სანაცვლოდ სხვა პირის კანონიერი თუ უკანონო ინტერესების სასარგებლოდ იყენებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას. რაც შეეხება ზეგავლენით ვაჭრობას, ამ დანაშაულის სუბიექტი, როგორც წესი, არ არის მოხელე. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს დანაშაული ჩაიდინოს მოხელემაც, მაგრამ არა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების, არამედ საჯარო სამსახურში მყოფ სხვა მოხელეებთან მისი პირადი ურთიერთობების გამოყენებით. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი მოხელე ვინმეს სასარგებლოდ სხვა მოხელეზე ზეგავლენის მოსახდენად იყენებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ამის სანაცვლოდ ის შესაბამის საზღაურს ან სხვა სარგებელს მოითხოვს ანდა მას ასეთს პირდებიან, ადგილი აქვს ქრთამის აღებას და არა ზეგავლენით ვაჭრობას. გარდა აღნიშნულისა, ქრთამის აღებისას მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი ქრთამის სანაცვლოდ უშუალოდ თვითონ ახორციელებს შესაბამის ქმედებას ქრთამის გამცემის სასარგებლოდ, ხოლო ზეგავლენით მოვაჭრეს არ გააჩნია შესაძლებლობა სხვა პირის ინტერესების სასარგებლოდ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი პირი მხოლოდ თავისი პირადი დამოკიდებულებების გამოყენებით აღწევს იმ პირისათვის სასურველ შედეგს, რომლის სასარგებლოდაც ის მოქმედებდა.
18. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები მსჯავრდებულების - რ. კ-სა და ა. ც-ს მიერ ჩადენილი ქმედებების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის თაობაზე, სრულიად მოკლებულია შესაბამის აუცილებელ მტკიცებულებით ბაზას. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ა. ც-ს ქმედება დააკვალიფიცირა რა ზეგავლენით ვაჭრობაში თანამონაწილეობად დამხმარის სახით, მას არ დაუდგენია კონკრეტულად რაში გამოიხატა მისი ასეთი ქმედება.
19. საქმის მასალებით რ. კ-ს, რომელიც იყო ….. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და იმავდროულად ის ასევე წარმოადგენდა ….. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, მართალია, უშუალოდ ქრთამი თანხის სახით არ მიუღია, მაგრამ მან ბრალდების მოწმე რ. ც-სთან პირადი საუბრისას პირდაპირ მოითხოვა ინვესტორისგან მისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კერძოდ, 120000 ლარის გადახდა მისთვის შეღავათიან პირობებში ….., პრესტიჟულ ადგილზე, 6000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აუქციონის გზით შეძენაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ. მართალია, მას არ შეეძლო ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება ქრთამის გამღები ინვესტორის სასარგებლოდ, მაგრამ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით მას შეეძლო როგორც თავისი წვლილის შეტანა კოლეგიური გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისებაში მონაწილე სხვა ოფიციალურ პირებზე ზეგავლენის მოხდენა, რის დაპირებასაც ის იძლეოდა კიდეც ქრთამის სანაცვლოდ. ყოველივე აღნიშნული დადგენილია საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით - რ. კ-ს საუბრების ფარული აუდიო ჩანაწერებითა და ბრალდების მოწმეთა ჩვენებებით.
20. მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 2013 წლის 17 ივლისს განხორციელებული ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერის გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ რ. ც-ე შეხვდა ა. ც-ს ქ. ….. და ისინი ერთად გაემართნენ ….., რ. კ-სთან შესახვედრად. გზაში ისინი საუბრობდნენ, რომ ჩამოსულია ინვესტორი და ელოდებიან მის ჩამოსვლას აჭარაში. ა. ც-მ აღნიშნა, რომ რ. კ-სთვის ჰქონდა ნათქვამი, რომ ინვესტორი აგზავნიდა 60000 ლარს, ახლა უნდა უთხრან, რომ ამჯერად ის აგზავნის 30000 ლარს, ხოლო დანარჩენს მოიტანს, როცა დაინიშნება აუქციონი და დანარჩენს - რომ გაიმარჯვებენ აუქციონში, მერე მისცემენ. ამის შემდეგ ისინი მსჯელობდნენ თავიანთთვის რამდენი მოეთხოვათ, რაზედაც ა. ც-ე აღნიშნავდა, რომ ეთქვათ 50000 ლარი. ამის შემდეგ ა. ც-ე და რ. ც-ე შეხვდნენ რ. კ-ს მის სამუშაო კაბინეტში. მათ დაიწყეს საუბარი ინვესტორთან დაკავშირებით. ა. ც-მ უთხრა რ. კ-ს, რომ ხმა აუწიოს ტელევიზორს, რის შემდეგაც დაბალ ხმაზე გააგრძელა საუბარი. მან რ. კ-ს ანიშნა 6 თითი და უთხრა, რომ ამდენს არაო, არამედ მას უჩვენა 3 თითი, ამდენს ვაკეთებ ახლაო. დანარჩენი მოვა განცხადების დაწერის შემდეგ, ხოლო აუქციონის დასრულების შემდეგ მოვიდოდა ყველა დანარჩენი. ამაზე რ. კ-მ უპასუხა, რომ ყველაფერი გაიგო. ამის შემდეგ რ. კ-მ ფურცელზე დაიწყო წერა და თქვა: ეს ხომ არის 60000, რაზეც ა. პასუხობს, რომ 60000 ანუ სულ გამოდის 120000, საიდანაც 120-დან 60 მოდის, როგორც ადრე ითქვა. იყო სამი მეწილე, თითოეული დებს 10000-ს და 30000 ლარი წამოვა წინასწარო. რ. კ-მ მათ ნახაზზე აჩვენა მიწის ნაკვეთი, ასევე აუხსნა რ. ც-ს, თუ როგორ უნდა დაწეროს განცხადება. რ. კ-მ თქვა, რომ თუ გ-ს მეგობარი ბრუნდებოდა თბილისში, ისიც გაყვებოდა. განცხადების დაწერის შემდეგ ისინი გამოვიდნენ კაბინეტიდან.
21. გარდა ამისა, სასამართლო ბრძანების საფუძველზე 2013 წლის 17 ივლისს განხორციელებული ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერის გამოკვლევით დადგენილია, რომ რ. ც-ე, რომელიც აღჭურვილი იყო ფარული ჩამწერი მოწყობილობით, შეხვდა ა. ც-ს, რ. კ-სა და ს. ჟ-ს. ისინი წავიდნენ ….., მიწის სანახავად. ა. ც-მ უთხრა ს. ჟ-ს, რომ მიწის ყიდვის საკითხი „კეთდებოდა“ მათი ხათრით, თორემ იმ დროისათვის ყველაფერი გაჩერებული იყო. თუ სხვებს ასეთ საქმეში ჩასადები ექნებოდათ 5 და 3 მილიონი, მას გაუკეთებდნენ 2 მილიონად. თუ სხვებს აძლევდნენ მშენებლობისათვის 2 წლიან ვადას, მას მისცემდნენ 3 წელს. მიწის ნაკვეთზე გასვლის შემდეგ მათ შეუერთდათ რ. კ-ე, რომელმაც აუხსნა ინვესტორს საინვესტიციო პირობები. ამის შემდეგ, რ. კ-ე და რ. ც-ე განცალკევდნენ, რა დროსაც მან აუხსნა რ-ს , რომ 1 კვ.მ. მიწის საწყისი ფასი იქნებოდა 54 ლარი, თუმცა აუდიტის მიერ შეიძლება შეფასებულიყო 120 დოლარად. რ-მ ჰკითხა რ-ს, თანხა როდის მოეტანათ, რაზეც რ. უპასუხა, რომ ის მიდიოდა თბილისში და რომ ჩამოვიდოდა თანხა დაეხვედრებინათ და მერე დაეწყოთ საქმის კეთება.
22. სასამართლოს ბრძანების საფუძველზე 2013 წლის 19 ივლისს განხორციელებული ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერის გამოკვლევით დადგენილია, რომ რ. ც-ე შეხვდა ა. ც-ს და მათი საუბარი წარიმართა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ა. ც-მ უთხრა რ. ც-ს, რომ რ. კ-ე მას შეეხვეწა გაეშიფრათ ს. ჟ-ი მოგზავნილი არ ყოფილიყო, არც თავი დაეღუპათ და არც ის. მან ასევე აღნიშნა, რომ რ. კ-ს ყველასთან ჰქონდა საკითხი შეთანხმებული და მილიონი პროცენტით დარწმუნებული იყო, რომ ეს საქმე გაკეთდებოდა.
23. სასამართლოს ბრძანების საფუძველზე 2013 წლის 20 ივლისს განხორციელებული ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერის გამოკვლევით დადგენილია, რომ ა. ც-ე შეხვდა რ. ც-ს და ისინი გაემართნენ ….. ს. ჟ-თან შესახვედრად. გზაში ა-მ უთხრა რ-ს, რომ ჯობდა სოფელში სადმე საჭმელად დამჯდარიყვნენ, რადგან ს-ს რამე სხვა აზრები არ ჰქონოდა, დაჯდებოდნენ და შეამოწმებდა, მერე რ. გავიდოდა და გამოართმევდა ფულს, სხვაგან დადებდა და კუდი არ ეყოლებოდათ. ა-მ მიმართა რ-ს, რამე რომ იყოს მან არაფერი არ იცის, ავტომატიც რომ მიაბჯინონ არაფერს იტყვის. მანვე უთხრა ფული ს-თვის მას გამოერთმია, ვინაიდან თვითონ არ უნდოდა აღნიშნულში მონაწილეობის მიღება. ამის შემდეგ, ისინი შეხვდნენ ს. ჟ-ს, რა დროსაც ა. ც-მ მიწის ნაკვეთის ესკიზი გადასცა ს. ჟ-ს და დაბრუნდა ავტომანქანაში, ხოლო რ. ც-ე ს-ს ჩაუჯდა ავტომანქანაში, სადაც მან რ-ს გადასცა 30000 ლარი. რ-ი დაბრუნდა ა. ც-ს ავტომანქანაში და მათ დატოვეს თანხის გადაცემის ადგილი. გზაში ა. ც-მ უთხრა რ. ც-ს, თანხა დაედო ავტომანქანის საბარგულში. ამის შემდეგ, რ. ც-მ ა-ს მითითებით „იმასთან წასაღები“ 20000 ლარი დადო უკანა საბარგულში, ხოლო დარჩენილი 10000 ლარიდან აიღო თავის წილი - 3000 ლარი, ა. ც-ს წილი კი - 7000 ლარი, მისივე მითითებით, დადო სავარძლის ქვეშ. რამდენიმე ხანში ა. ც-ს ავტომანქანა გააჩერეს სამართალდამცავებმა, რა დროსაც ამ ავტომანქანიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა აღნიშნული თანხები. ყოველივე აღნიშნული დადასტურებულია ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ასევე ავტომანქანაში გზაზე მსვლელობისას განხორციელებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერით.
24. ზემოხსენებული გარემოებების რეალობა დასტურდება აგრეთვე ბრალდების მოწმეების - რ. ც-სა და ს. ჟ-ს პირდაპირი ჩვენებებით, რომლებშიც ისინი დეტალურად აღწერენ მსჯავრდებულებთან შეხვდრებსა და ამ დროს მათთან გამართული საუბრების შინაარსს, რომელშიც მკაფიოდ და დამაჯერებლად არის წარმოდგენილი ის ბრალეული ქმედებები, რომლებსაც ახორციელებდნენ მსჯავრდებულები - რ. კ-ე და ა. ც-ე თავიანთი დანაშაულებრივი მიზნების მისაღწევად.
25. ყველა ზემომოხმობილი მტკიცებულებები, რომლებითაც მსჯავრდებულები - რ. კ-ე და ა. ც-ე იმხილებიან შესაბამისად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში და ამ დანაშაულში თანამონაწილეობის ჩადენაში დახმარების სახით, მოპოვებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ისინი ასევე იმყოფებიან ურთიერთთანხვედრაში და არ არსებობს საფუძველი მათ უტყუარობაში ეჭვის შესატანად.
26. ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა არ ეთანხმება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას რ. კ-სა და ა. ც-ს მიერ ჩადენილი ქმედებების საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღებისა და მასში თანამონაწილეობისათვის. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ, მოცემულ შემთხვევაში, რ. კ-ს გარდა ქრთამის ამღები სხვა პირიც არსებობდა მოხელის სახით. რაც შეეხება იმას, რომ გაღებული ქრთამიდან ა. ც-მაც მიიღო თანხის გარკვეული ნაწილი, ეს გარემოება ჯგუფს ვერ შექმნის, ვინაიდან ის არ არის მოხელე, არამედ წარმოადგენს აღნიშნული დანაშაულის თანამონაწილე კერძო პირს დამხმარის სახით. აღნიშნული გარემოების გამო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
27. ამრიგად, საკასაციო პალატა საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ. კ-ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოსა სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, როგორც ქრთამის აღება დამამძიმებელ გარემოებაში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ხოლო მსჯავრდებულ ა. ც-ს ქმედება - საქართველოს სსკ-ის 25-ე მუხლითა და 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, როგორც თანამონაწილეობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დამხმარის სახით.
28. რაც შეეხება მსჯავრდებულების - რ. კ-სა და ა. ც-ს მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე მოთხოვნები. ამ მიმართებით საკასაციო პალატა მათთვის სასჯელის დანიშვნისას, ერთი მხრივ, ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომლებიც წარმოადგენენ მათ მიერ ჩადენილი ქმედების მახასიათებლებს, ხოლო მეორე მხრივ, გარემოებებს, რომლებიც ახასიათებენ მათ პიროვნებას. სახელდობრ, პალატა მხედველობაში იღებს, რომ მსჯავრდებულებს არ გააჩნიათ დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო მათთვის პასუხიმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებლად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებები: ისინი პირველად არიან სამართალში, მათი წარსული არაფრით არ არის შებღალული, ხასიათდებიან დადებითად და მათ ქმედებას არ მოჰყოლია რაიმე მძიმე შედეგი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა შესაძლებლად მიიჩნევს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომის დანიშვნას მსჯავრდებულ ა. ც-სათვის, ხოლო მინიმალურ ზომასთან მიახლოებული სასჯელის დანიშვნას მსჯავრდებულ რ. კ-სათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მსჯავრდებულ ა. ც-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ტ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
3. მსჯავრდებულ რ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
5. რ. კ-ს მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის მე-2 ნაწილით გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე.
6. რ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
7. რ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2015 წლის 20 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 20 ივლისიდან იმავე წლის 23 ივლისის ჩათვლით, ასევე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 26 ივლისიდან იმავე წლის 17 სექტემბრის ჩათვლით.
8. ცნობად იქნეს მიღებული, რომ რ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. რ. კ-ს სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
9. ა. ც-ს მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 25,3391-ე მუხლის მე-2 ნაწილით გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 25,338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე.
10. ა. ც-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2015 წლის 20 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 20 ივლისიდან იმავე წლის 26 ივლისის ჩათვლით.
11. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა. ც-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
12. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას ა. ც-ს მიმართ გამოყენებულ, გირაოს უზრუნველსაყოფად ჯ. გ-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე: ….., სოფელ ….., საკადასტრო კოდი …..).
13. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
14. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი