Facebook Twitter

¹ას-619-998-06 16 თებერვალი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივანი _ ეკატერინე ხაჩიძე

კასატორი _ სს “ .. .. ..” ლიკვიდატორი ო. ბ-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ბ. პ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ა. ე-ა” ( მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ი. ა-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინება

სარჩელის საგანი _ დავალიანების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1998 წლის 30 სექტემბერს “ .. .. ..” ბანკმა ქ. ბათუმის ... (შემდგომში შპს “ა. ე-ის” ) წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. ბათუმის სასამართლოს.

მოსარჩელემ მოპასუხისგან მოითხოვა კომპანია “რ-ის” მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების _ 775189 ლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს. მან მიუთითა, რომ ბათუმის ენერგოკომპანიასა და ,, .. .. ..” შორის ხელშეკრულება ელენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ არ გაფორმებულა. ხელშეკრულება დადებული იყო “რ-თან,” რომელიც მუდმივად არღვევდა ხელშეკრულების პირობებს, რითაც მიადგა 2019496 ლარის ზარალი და მოითხოვა ამ თანხების მოსარჩელისაგან ანაზღაურება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს და შეგებებული სარჩელის ავტორს უარი ეთქვა როგორც სარჩელის, ისე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

აპელანტმა მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

მოცემული დავა მრავალგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ, ბოლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:

1996 წლის 26 ნოემბერს ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასა და ენერგიის მიწოდებაზე ხელშეკრულება დაიდო კომპანია “რ-სა” და ქ. ბათუმის ... შორის ერთი წლის ვადით. 1997 წლის 30 მარტს დაიდო ახალი ხელშეკრულება კომპანია “რ-ის” ბათუმის წარმომადგენლობასა და ქ. ბათუმის ... შორის. ხელშეკრულების 5.5 მუხლის თანახმად, ბათუმის ... ვალდებული იყო, რომ 1997 წლის 20 აპრილამდე დაეფარა 1997 წლის იანვარსა და თებერვალ-მარტში მიწოდებული ელექტროენერგიის დავალიანება.

1997 წლის 12 მარტს სახელმწიფო კომპანია “ს-სა” და კომპანია “რ-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება აჭარის ... ელექტროენერგიის შეუზღუდველად მიწოდების შესახებ დადგენილი ლიმიტისა და გრაფიკის მიხედვით.

1997 წლის 25 მარტს კომპანია “რ-სა და” სს “ .. .. ..” ბანკს შორის დაიდო ხელშეკრულება ფაქტორინგული ოპერაციების წარმოების შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ფაქტორინგი არ ნიშნავს მოთხოვნის დათმობას, ის წარმოადგენს საბანკო მომსახურების ერთგვარ ფორმას, რომლის დროსაც მომსახურე ბანკი კლიენტის საინკასო დავალების საფუძველზე ახდენს ინკასირებას, აძლევს კლიენტს კრედიტს, კისრულობს საბანკო გარანტიას. ამასთან, საბანკო ოპერაციის თითოეული ეს სახეობა დაკავშირებული უნდა იყოს მარწმუნებლის საბრუნავი-სავაჭრო კაპიტალის დაფინანსებასთან. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ ხელშეკრულებით კომპანია “რ-ს” არ დაუთმია მოთხოვნის უფლება სს “ .. .. ..”.

აქედან გამომდინარე, პალატამ დაადგინა, რომ სს “ .. .. ..” და ბათუმის ... შორის არც სახელშეკრულებო და არც კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები არ არსებობდა, შესაბამისად, მათ ურთიერთშორის მოთხოვნები არ გააჩნიათ.

აღნიშნული განჩინება სს “ .. .. ..” ლიკვიდატორმა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტორინგული ხელშეკრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად არის ცნობილი, რომ სს “ .. .. ..” და ბათუმის ... შორის არც სახელშეკრულებო და არც კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები არ არსებობდა, შესაბამისად, მათ ურთიერთშორის მოთხოვნები არ გააჩნიათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, შესაბამისად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

კასატორი თავისი მოთხოვნის საფუძვლად უთითებს 1997 წლის 25 მარტის ფაქტორინგულ ხელშეკრულებას, მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით კომპანია “რ-ის” ბათუმის წარმომადგენლობამ სს “ .. .. ..” დაუთმო თავისი მოთხოვნები ქ.ბათუმის ... მიმართ, რაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. დადგენილია, რომ 1997 წლის 12 მარტს კომპანია ,, ს-ს” და კომპანია “რ-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ. ხელშეკრულების საფუძველზე “ს-მ” აიღო ვალდებულება დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, მიეწოდებინა ელექტროენერგია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, ხოლო კომპანია “რ-ს” მიწოდებული ელექტროენერგია უნდა მიეღო და, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, გადაეხადა ს-სათვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური.

1997 წლის 25 მარტს სს “ .. .. ..” და კომპანია “რ-ს” ბათუმის წარმომადგენლობას შორის დაიდო ფაქტორინგული ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით, კომპანია “რ-ს” სს ,, .. .. ..” ბათუმის ... მიმართ მოთხოვნის უფლება არ დაუთმია. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა ,,ს-სთან” მოქმედი ხელშეკრულებებისა და ანგარიშსწორების წარმოების შესახებ.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ფაქტორინგი არ ნიშნავს მოთხოვნის დათმობას. ფაქტორინგი წარმოადგენს საბანკო მომსახურების ერთგვარ ფორმას, რომლის დროსაც მომსახურე ბანკი კლიენტის საინკასო დავალების საფუძველზე ახდენს ინკასირებას, აძლევს კლიენტს კრედიტს, კისრულობს საბანკო გარანტიას. ამასთან, საბანკო ოპერაციის თითოეული ეს სახეობა დაკავშირებული უნდა იყოს მარწმუნებლის საბრუნავი-სავაჭრო კაპიტალის დაფინანსებასთან. (“კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი, მე-20 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი).

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. ვინაიდან მხარეთა შორის არც სახელშეკრულებო და არც კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები არ არსებობდა, სს “ .. .. ..” მოთხოვნა უსაფუძვლოა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ .. .. ..” ლიკვიდატორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.