ას-620-999-06 29 იანვარი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ლ. ს-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. გ-ე-კ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება, ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ს-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. გ-ე-კ-ის მიმართ სახურავის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის, უკანონოდ დაშენებული წყლის ავზის აღებისა და ზიანის _ 1000 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ლ. ს-ე ცხოვრობს ქ.ქუთაისში, ... ქ.¹2/28-ში. სახლი გადახურული იყო ბრტყელი სახურავით. 2000 წლის თებერვალში მომიჯნავე მეზობელმა ლ. გ-ე-კ-მა თავისი კუთვნილი ფართი გადახურა აზბესტის ცემენტის ტალღოვანი ფილებით, რა დროსაც 3,5 სმ-ით შეიჭრა მოსარჩელის ფართში. აღნიშნულის შედეგად ბუნებრივი ნალექი ჩაედინებოდა და გუბდებოდა ლ. ს-ის ბინის თავზე, გაჩნდა ნაპრალი და წყალმა სახლში ჩააღწია, დაზიანდა მოსარჩელის ბინის შესასვლელი, სასტუმროსა და სააბაზანო ოთახების კედლები და ჭერი. ამავდროულად, ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სახურავზე ლ. გ-ე-კ-მა უკანონოდ დაამონტაჟა დაახლოებით 4-ტონიანი წყლის ავზი, რის შემდეგ წყალმა მოსარჩელის ბინაში სხვა ადგილებიდანაც დაიწყო დენა. მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეს დაკისრებოდა, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მისი ქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის - 1000 ლარის ანაზღაურება, სახურავის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და წყლის ავზის აღება.
ლ. გ-ე-კ-მა სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მისი კუთვნილი ბინის ჭერი ინტენსიურმა წვიმებმა იმდენად დააზიანა, რომ იგი იძულებული გახდა, სახურავი დაუყოვნებლივ ხელახლა გადაეხურა. ამ მომენტისათვის მრავალბინიანი სახლის სხვა მესაკუთრეებს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად თანხა არ გააჩნდათ, რის გამოც მოპასუხემ სამუშაოები ჩაატარა საკუთარი ხარჯით. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლ. ს-ის ბინაში არსებული სადავო დაზიანებების წარმოშობის მიზეზი მოპასუხის მიერ სახურავის ტალღოვანი ფილებით გადახურვის შედეგი არ არის. დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება მოპასუხის მხრიდან მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ და სასარჩელო მოთხოვნა წყლის ავზის აღების თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა წყლის ავზის აღებაზე, მოპასუხეს ლ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის _ 1000 ლარის ანაზღაურება, ასევე სადავო სახურავის გადახურვის პროექტის შედგენა და მის მიხედვით სამუშაოების ჩატარება.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, რის შემდეგ მითითებული საქმე განხილულ იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება ქ.ქუთაისში, ... ქ¹2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილზე არსებული გადახურვის პროექტის შედგენისა და მის მიხედვით სამუშაოების ჩატარების, ასევე ლ. გ-ე-კ-სათვის ლ. ს-ის სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, ლ. ს-ის სარჩელი ლ. კ-ის მიმართ სახურავის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზეQარ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.ქუთაისში, ...… ქ.¹2ბ-ში მდებარე საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლის სახურავი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ მობინადრეთა საერთო საკუთრებას, რაზეც ვრცელდება ამავე კოდექსის 220-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა. პალატამ ასევე დაადგინა, რომ სახლი აშენებულია 1974 წელს, რა დროიდან 2003 წლამდე სახურავის კაპიტალური შეკეთება არ ჩატარებულა. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სახურავის გადახურვა დაზიანდა და ნაპრალებიდან საცხოვრებელ სახლში მუდმივად ჩაედინებოდა ატმოსფერული ნალექი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ბინაში წყლის ჩადინება თავდაპირველად გამოწვეული იყო საბინაო ამხანაგობის წევრების, მათ შორის მოსარჩელის, მიერ საერთო საკუთრების არასათანადო მოვლით, შემდგომში კი ქ.ქუთაისში შტორმული ქარიშხლის შემდეგ სახურავის ხელახალი შეკეთებისას რემონტის მცირე უხარისხობით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ლ. გ-ე-კ-ის მიერ სადავო სახურავის გადახურვასა და ლ. ს-სათვის მიყენებულ ზიანს შორის არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობს და მოპასუხე უფლებამოსილი იყო სამოქალაქო კოდექსის 224-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მიეღო ზომები საერთო საკუთრების სახურავისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ს-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად ან ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილი და 220-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელთა საფუძველზეც დაადგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებანი, რომლებიც მტკიცებას არ საჭიროებდნენ. პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და არ დაადგინა, არსებობდა თუ არა ლ. გ-ე-კ-ის მიერ სახურავის გადახურვასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი და ლ. ს-ის სარჩელი არასწორად არ დააკმაყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ თვლის, რომ ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების სასამართლო პრაქტიკა ემყარება სწორედ იმ ნორმებს, რომლებითაც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე. აღნიშნულის გამო საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორ ლ. ს-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩეს განუხილველი.
კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.