Facebook Twitter

ას-622-956-07 10 სექტემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს “ბათუმის ...” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “რუსეთის ...” (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საიჯარო დავალიანებისა და წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “ბათუმის ...” სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე _ შპს “რუსეთის ...” მიმართ საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საიჯარო დავალიანებისა და წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის გადახდევინების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს “ბათუმის ...” სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ბათუმის ...”.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს “ბათუმის ...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს “ბათუმის ...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს შპს “ბათუმის ...” სასარგებლოდ დაეკისრა 112,5 აშშ დოლარის გადახდა, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ბათუმის ...”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 1 აგვისტოს განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ბათუმის ...” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 1 აგვისტოს განჩინებით შპს “ბათუმის ...” საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის 834,79 ლარის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად.

საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, შპს “ბათუმის ...” სახელზე გაგზავნილი გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2007 წლის 10 აგვისტოს, აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში შპს “ბათუმის ...” საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ბათუმის ...” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.