ას-623-957-07 17 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – .. ..
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინება
სარჩელის საგანი _ ქონების დაუსაბუთებლად ცნობა, მისი ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 13 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა ლ. ლ-მ მოპასუხეების _ გ. ზ-ის, ს. მ-ს, ი. გ-ის, ნ. კ-ისა და მ. მ-ს მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეების მფლობელობაში არსებული ქონების დაუსაბუთებლად ცნობა და მისი სახელმწიფოსათვის გადაცემა. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის განაჩენით გ. ზ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით (კანონიერი ქურდობა) და საქმის წარმოების პროცესში გამოიკვეთა გარემოებანი, რაც იძლეოდა იმის საფუძველს, გვევარაუდა, რომ მსჯავრდებულთან დაკავშირებულ პირთა მფლობელობაში არსებობდა უკანონო ანდა დაუსაბუთებელი ქონება, კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა უკანონოდ ანდა დაუსაბუთებლად ცნობილიყო მოპასუხის, ი. გ-ის, როგორც ქურდული სამყაროს წევრ გ. ზ-სთან დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქუთაისში, ... გამზირ ¹117-119-ში, ასევე უკანონოდ ანდა დაუსაბუთებლად ცნობილიყო ქურდული სამყაროს წევრის – გ. ზ-სთან დაკავშირებული პირის, ნ. კ-ის, მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „მერსედესი“ სახელმწიფო ნომრით ..., ასევე უკანონოდ ანდა დაუსაბუთებლად ცნობილიყო ქურდული სამყაროს წევრის – გ. ზ-სთან დაკავშირებული პირის, ს. მ-ს, მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „ჯიპი-ჩეროკი“, სახელმწიფო ნომრით ... .
მოპასუხეებს, რომლებიც არიან ქურდული სამყაროს წევრთან – გ. ზ-სთან დაკავშირებული პირები, დასახელებული ქონების მართლზომიერი საშუალებით შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნდათ და მათ მიერ ვერც გამოძიების პროცესში იქნა წარმოდგენილი კანონიერი გზით მოპოვებული ფინანსური სახსრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2007 წლის 5 თებერვალს მოპასუხე მ. მ-ს წარმომადგენელმა ბ. ხ-მა შესაგებელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს მ. მ-ს კავშირს გ. ზ-სთან. მოპასუხის განმარტებით, ხსენებული კავშირის დამადასტურებლად არ შეიძლება ჩაითვალოს ავტომანქანის სანომრე ნიშანი, რომელიც მოპასუხემ მიიღო 2004 წლის 27 იანვარს. მანამდე აღნიშნული სანომრე ნიშანი ... 2002 წლის 16 თებერვალს სახელმწიფო ავტოინსპექციის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაიცა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹31-ში მცხოვრებ ვინმე ნ. ჭ-ის სახელზე (ს.ფ. 160). მ.მ-ს მიმართ აღძრული სარჩელი მოსარჩელემ უკან გამოითხოვა.
2007 წლის 5 თებერვალს მოპასუხე ი. გ-მ შესაგებელი შეიტანა სასამართლოში (ს.ფ. 167-174) და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოპასუხე ი. გ-ის შესაგებელი ეყრდნობა შემდეგ გარემოებებს:
სარჩელი აღძრულია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორი ლ. ლ-ე კანონის არც ერთი ნორმით არაა უფლებამოსილი აღნიშნული სარჩელის დაყენებისა;
სასარჩელო განცხადება არ პასუხობს სსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან მასში არ არის მითითებული სარჩელის აღძვრის სამართლებრივი საფუძველი, აგრეთვე, გარემოებანი, რაზედაც მოსარჩელე ამყარებს მოთხოვნებს, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებანი;
სარჩელი ვერ ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე – ი. გ-ე გ. ზ-სთან დაკავშირებული პირია, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ სადავო ქონება წარმოადგენს გ. ზ-ის საკუთრებას და ამ ქონებით იგი სარგებლობდა;
სარჩელი არ უნდა აღძრულიყო იმ თვალსაზრისითაც, რომ გ. ზ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის განაჩენი ჯერ კიდევ არ არის კანონიერ ძალაში შესული და გ. ზ-ს ერთი წლის განმავლობაში აქვს ამ განაჩენის გასაჩივრების უფლება, რის შემდეგაც განაჩენი შევა კანონიერ ძალაში;
სადავო სახლი აგებულია ი. გ-ის მიერ პირადი სახსრებით და უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით. იგი არის ორასამდე საცხოვრებელი სახლის პროექტის ავტორი საქართველოში, ასევე, დაპროექტებული და აშენებული აქვს ქალაქ მოსკოვში საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრები და რესტორნები, საიდანაც მიღებული აქვს სოლიდური გასამრჯელო. მისი განმარტებით, იგი მთელი ცხოვრება პატიოსნად შრომობდა, იყო ცნობილი არქიტექტორი და ქურდულ სამყაროსთან არასდროს ყოფილა დაკავშირებული. გ.ზ-სთან დაკავშირებულ პირად მიჩნევა მარტოოდენ იმის გამო, რომ ზ-ე არის მისი შვილის ნათლია, ი. გ-ს მიაჩნია უკანონოდ;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:
დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი ქურდული სამყაროს წევრის _ გ. ზ-ისა და მასთან დაკავშირებული პირის, ი. გ-ის, მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქუთაისში, ... გამზირ ¹117-119-ში.
დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი ქურდული სამყაროს წევრის _ გ. ზ-ისა და მასთან დაკავშირებული პირის, ნ. კ-ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „მერსედესი“ სახელმწიფო ნომრით ...;
დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი ქურდული სამყაროს წევრის -გ. ზ-ისა და მასთან დაკავშირებული პირის, ს. მ-ს, მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „ჯიპი-ჩეროკი“ სახელმწიფო ნომრით ...;
ჩამოერთვათ და სახელმწიფოს გადაეცა ქურდული სამყაროს წევრის _ გ. ზ-ის და მასთან დაკავშირებული პირის, ი. გ-ის, მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქუთაისში, ... გამზირი ¹117-119-ში;
ჩამოერთვათ და სახელმწიფოს გადაეცა ქურდული სამყაროს წევრის _ გ. ზ-ისა და მასთან დაკავშირებული პირის, ს. მ-ს, მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „ჯიპი-ჩეროკი“ სახელმწიფო ნომრით ...;
ამავე გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ქურდული სამყაროს წევრ გ. ზ-ს და მასთან დაკავშირებულ პირს – ნ. კ-ს დაუსაბუთებელი ქონების მერსედესის“ ფირმის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით ..., გაყიდვის შედეგად მიღებული ფულადი თანხა 10 000 ლარის გადახდა, ასევე მოპასუხეებს, გ. ზ-სა და ი. გ-ს, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 10 500 ლარის, მოპასუხეებს, გ. ზ-სა და ნ. კ-ს – 300 ლარის, ხოლო მოპასუხეებს, გ. ზ-სა და ს. მ-ს – 120 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
ლ. ლ-ე, რომელიც მუშაობს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორად, „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის მე-201 მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს, აღძრას სარჩელი დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე, რაც მან განახორციელა სამოქალაქო საპროცესო კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში. აღნიშნული სარჩელის აღძვრის უფლებას პროკურორს ანიჭებს, აგრეთვე, სსკ-ის 3562-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად ქურდული სამყაროს წევრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს, ქურდული სამყაროს წევრის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კი, დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა შესაძლებელია ქურდული სამყაროს წევრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირის მიმართაც.
სასამართლოს სხდომაზე სარჩელის განხილვისას მონაწილეობდა საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ვ. ხ-ა, როგორც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, სსკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რაც, აგრეთვე, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიჩნეულია კანონიერად.
გ. ზ-ის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 2331-ე მუხლის მეორე ნაწილით (კანონიერი ქურდობა) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გამოტანილ იქნა 2006 წლის 27 ნოემბერს, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 602-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, შესულია კანონიერ ძალაში გამოქვეყნებისთანავე, ანუ 2006 წლის 27 ნოემბერს. პროკურორ ლ. ლ-ის მიერ კი სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2006 წლის 13 დეკემბერს, ესე იგი კანონით გათვალისწინებულ 30-დღიან ვადაში.
გ. ზ-ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო საქმის განხილვისას მას პრეიდიციული ძალა აქვს იმის დასამტკიცებლად, ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, აგრეთვე, მიიჩნია, რომ პროკურორის მიერ წარდგენილი სარჩელი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, სარჩელს ახლავს დაუსაბუთებელი ან უკანონო ქონების შესახებ დასაბუთებული ეჭვის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რაც სასამართლომ საკმარისად მიიჩნია სარჩელის წარსადგენად.
ი. გ-მ 2000-2001 წლებში ქ. ქუთაისში, ... გამზირ ¹117-119-ში შეიძინა 843 და 914 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთებზე არსებული თ. თ-ისა და თ. გ-ს სახელზე რიცხული სახლები, რომელთა დანგრევის შემდეგ ამ ნაკვეთზე ააშენა კაპიტალური, ორსართულიანი სახლი მანსარდითა და სარდაფით, რომლის საცხოვრებელი ფართი 432, 2 კვ. მეტრია, დამხმარე ფართი 292,3 კვ. მეტრი, სასარგებლო ფართი 724,5 კვ. მეტრი, სულ მთლიანად საერთო ფართით 901,4 კვ. მეტრი. აღნიშნული სახლი საჯარო რეესტრში აღრიცხულია მოპასუხე ი. გ-ის სახელზე.
„მერსედესის“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხე ნ.კ-ისა და ქურდული სამყაროს წევრ გ. ზ-ის ძმის – გ. ზ-ის სახელზე, ხოლო ავტომანქანა „ჯიპი-ჩეროკი“ სახელმწიფო ნომრით ... იმავე უფლებით აღრიცხულია მოპასუხე ს. მ-სა და ქურდული სამყაროს წევრ გ. ზ-ის მეუღლე ქ. თ-ის სახელზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ საკმარისად მიიჩნია იმის დამადასტურებლად, რომ ხსენებული ავტომანქანებით სარგებლობდნენ ქურდული სამყაროს წევრის _ გ. ზ-ის ახლობელი და ოჯახის წევრი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ საკმარისად მიიჩნია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ მოპასუხეები არიან ქურდული სამყაროს წევრ გ. ზ-სთან დაკავშირებული პირები, თანახმად „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მესამე პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3561-ე მუხლის „ვ“ პუნქტისა, რომელთა შესაბამისად ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირი არის პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია ქურდული სამყაროს წევრის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრი.
მოპასუხე ი. გ-ის მითითება სადავო სახლის ასაშენებლად და შესაძენად მის პირად საკუთრებაში 350 000 ლარის სახსრების არსებობის შესახებ, რასაც ი. გ-ე ასაბუთებდა სასამართლოში, ქ. წყალტუბოს არქიტექტორად მუშაობის პერიოდში ორასამდე მოქალაქის სახელზე შემუშავებული საცხოვრებელი სახლის პროექტების ჩამონათვლით, სასამართლომ იმ საფუძვლით არ გაიზიარა, რომ ი. გ-ისავე განმარტებით, აღნიშნულ პროექტთა შესრულება მას სამსახურებრივად ევალებოდა, რაშიც იგი იღებდა ხელფასს, ხოლო, მშენებლობის წარმოების გამო, დამატებითი გასამრჯელოს მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხემ ვერ წარმოადგინა.
მოპასუხის მიერ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის ცნობა 2005 წლის 18 ნოემბერს წარდგენილი არადეკლარირებული შემოსავლების ლეგალიზებისათვის არადეკლარირებული ქონების ღირებულების 1%-ის თანხის გადახდის შესახებ, გასაჩივრებულმა გადაწყვეტილებამ არ მიიჩნია, აგრეთვე, იმის მტკიცებულებად, რომ მოპასუხეს სადავო სახლის აშენებისათვის საკმარისი სახსრები გააჩნდა. აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ განმარტა, რომ „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ კანონის არც ერთი ნორმა არ განიხილავს პირის მიერ დაფარული შემოსავლის რეალობის პრეზუმფციად მისი საბაზრო ღირებულების 1%-ის გადახდას. კანონი ამ შემთხვევაში პირს იმის გარანტიას აძლევს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ პირის მიერ დაფარული ქონებისა თუ შემოსავლის რევიზია და სამეწარმეო და ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულისათვის არადეკლარირებული ქონების ლეგალიზებისათვის ქონების ღირებულების 1%-ის გადამხდელ პირს არ დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
სასამართლომ მოპასუხე ი. გ-ის მიერ სასამართლოში წარდგენილი გია მ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (სადაც გ. მ-ი მიუთითებს, რომ მას ქ. ქუთაისში ყოფნისას ი. გ-მ შესანახად გადასცა 20 000 აშშ დოლარი, ასევე 1996-1997 წლებში ი. გ-მ ქ. მოსკოვში გააკეთა სამმშენებლო პროექტები, რომელთა ფულადი ანაზღაურება 20 000 აშშ დოლარი, ი. გ-ის თხოვნით, აიღო მან და აღნიშნული თანხები პირველი მოთხოვნისთანავე გადმოუგზავნა ი. გ-ს ქ. ქუთაისში) არ მიიჩნია მტკიცებულებად, ვინაიდან იგი სსკ-ის 134-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ წერილობით მტკიცებულებას, ანუ აქტს, საბუთს, საქმიან და პირადი ხასიათის წერილს, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. სასამართლომ აღნიშნული განცხადება არ მიიჩნია, აგრეთვე, არც მოწმის ჩვენებად, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 140-ე და 147-ე, 144-ე მუხლის მოთხოვნებს მოწმის სასამართლო პროცესზე ან გარკვეული პირობების არსებობისას, მისი ადგილსამყოფელზე დაკითხვის შესახებ მხარეთა მონაწილეობით.
აღნიშნული განცხადების მტკიცებულებად ჩათვლის შემთხვევაშიც, სასამართლოს აზრით, იგი მაინც არ ადასტურებს ი. გ-ის მიერ ამ თანხების მიღებას, ვინაიდან იმ ანგარიშზე, სადაც ფულს იღებდა ი. გ-ე, ფულადი თანხები მიღებული აქვს გ. ზ-ის მეუღლე ქ. თ-ს, რამაც სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებისას სასამართლოს შეუქმნა რწმენა, რომ გ. მ-ის მიერ მოსკოვიდან გადმოგზავნილი თანხები ეკუთვნოდა გ. ზ-ს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის ინიციატივით დაკითხული მოწმეების ჩვენებები არ მიიჩნია იმის მტკიცებულებად, რომ სადავო სახლი აშენებულია ი. გ-ის სახსრებით, ვინაიდან აღნიშნული მოწმეების ჩვენებით დასტურდება სახლის შენებაში ი. გ-ის მონაწილეობა და არა სახსრების კუთვნილება ი. გ-ისადმი. საბოლოო ჯამში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტაციით, მოპასუხე ი. გ-ის საკუთრებად აღრიცხული სახლი, მდებარე ქ. ქუთაისში, ... გამზირ ¹117-119-ში, მიიჩნია ქურდული სამყაროს წევრ გ. ზ-ისა და მასთან დაკავშირებული პირის – ი. გ-ის დაუსაბუთებელ ქონებად, რის საფუძველზეც იგი ჩამოერთვათ მოპასუხეებს და გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, აგრეთვე, რომ მოპასუხე ნ. კ-მ ავტომანქანა „მერსედესის“ შესაძენი თანხების არსებობა ვერ დაადასტურა, ხოლო მოპასუხე ს. მ-ს საერთოდ არ უცდია ავტომანქანა „ჯიპი-ჩეროკის“ შესაძენი თანხების არსებობის დადასტურება.
სასამართლომ გ. ზ-ის მიმართ 2006 წლის 27 ნოემბრის განაჩენით სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმეების – ტ. ნ-ის, კ. და დ. ო-ების ჩვენებებით დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ზ-ე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან სარგებლოდა კანონიერი ქურდის სტატუსით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო ქურდული სამყაროს წევრობასთან, ასეთი სამყაროს ხელმძღვანელობასთან, მართვასთან და გ. ზ-ს სხვა რაიმე კანონიერი შემოსავალი, გარდა ქურდული სამყაროს წევრობიდან მიღებული შემოსავლისა, არ ჰქონია. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმეების – ა. ზ-ს, დ. ა-ის, კ. კ-ის, ნ. მ-ის, დ. კ-ის, ს. გ-ს, ა. გ-ის, ზ. კ-ის, მ. მ-ისა და ი. გ-ის ჩვენებები სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. ზ-ე ხელმძღვანელობდა და აფინანსებდა ქ. ქუთაისში, ... გამზირ ¹117-119-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, შესაბამისად, სადავო საცხოვრებელი სახლისა და ავტომანქანების შეძენასა და გაფორმებას თავისი სახსრებით ახორციელებდა გ.ზ-ე.
აღნიშნული გარემოების დამადასტურებლად სასამართლომ მიიჩნია ი.გ-ის მიერ სასამართლოსათვის მტკიცებულებად წარდგენილი სალაროს გასავლის ორდერები და საშენ მასალათა შეძენის ზედდებულები. სასამართლოს მოსაზრებით, ხსენებული სახსრების კანონიერი გზით მიღება გ. ზ-ს არ შეეძლო თავისი სტატუსიდან გამომდინარე, რის საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა გ. ზ-ის ადვოკატის მოსაზრება სადავო ქონების მესაკუთრედ გ. ზ-ის არყოფნის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს მათ საკუთრებაში გაფორმებული სადავო ქონების შეძენისათვის საჭირო სახსრების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონის მეოთხე მუხლის მესამე ნაწილითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3611-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებულ პირად მიჩნევისათვის საჭირო პირობა – სადავო ქონების არაკანონიერი გზით მიღება.
სასამართლომ იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული იმავე მოწმეების ჩვენებებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. ზ-ე, მისი ახლო ნათესავები და ოჯახის წევრები სარგებლობდნენ სადავო მანქანებით, რომელთა თანამესაკუთრეებად დარეგისტრირებული არიან გ.ზ-ის ახლო ნათესავი – ძმა და ოჯახის წევრი – მეუღლე.
რაც შეეხება ი. გ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ სადავო სახლს, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამ სახლით არც გ. ზ-სა და არც ი. გ-ს არ უსარგებლია, ვინაიდან ჯერ საცხოვრებლად ვარგისი არ იყო. მიუხედავად ამისა, სადავო საცხოვრებელი სახლის მოსარგებლედ სასამართლომ ჩათვალა გ. ზ-ე, როგორც ამ სახლის რეალური მესაკუთრე და განმარტა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სარგებლობის უფლება მოიცავს, აგრეთვე, შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა საკუთარი ნივთით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებულ პირად ცნობისათვის დასადგენი პირობა, რაც მდგომარეობს ამ ქონებით ქურდული სამყაროს წევრის სარგებლობაში, მოცემულ შემთხვევაში არსებობს.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა პირის ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებულ პირად ცნობისათვის სამივე გარემოების (პირი იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა ფლობდეს სადავო ქონებას, უნდა არსებობდეს მტკიცებულებები, რომ სადავო ქონება მიღებულია არაკანონიერი გზით და ამ ქონებით უნდა სარგებლობდეს ქურდული სამყაროს წევრი) არსებობა, რის საფუძველზეც სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ს. მ-მა, ი. გ-მ და ზ. კ-მ.
სააპელაციო პალატამ საქმეზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმებისას აპელანტებს – ი. გ-სა და გ. ზ-ს შესაბამისი განჩინებებით განუსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით. სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აპელანტის – გ. ზ-ის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხადა, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინებით ზ. ზ-ის წარმომადგენელ მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო პალატის 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სწორად და ამომწურავად, რაც სამართლებრივადაც მართებულადაა შეფასებული. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ანდა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მთლიანად დაეთანხმა სააპელაციო სასამართლო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი ასევე მოითხოვს 2007 წლის 8 ივნისის საოქმო განჩინებების გაუქმებას, რომლებითაც მის წარმომადგენელს უარი ეთქვა საქმის გადადების თაობაზე და არ მიეცა დრო საპაექრო გამოსვლის მოსამზადებლად.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე საპროცესო ნორმების დარღვევით განიხილა, კერძოდ, მას არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის გადადების თაობაზე, არასწორად შეაფასა ცნობა იმის შესახებ, რომ იყო მძიმედ ავად და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ჰქონდა. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნები, მას არ მიეცა საშუალება მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში და მოეხდინა თავისი უფლებების რეალიზაცია. წარმომადგენლის მონაწილეობა საქმის განხილვაში არ ართმევდა უფლებას, თვითონაც პირადად მიეღო მონაწილეობა. სააპელაციო სასამართლოს მისგან უნდა მიეღო ახსნა-განმარტება და ისე უნდა გაეკეთებინა დასკვნები.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, განჩინებაში ისიც კი არ არის მითითებული, თუ რატომ გაიზიარა სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები დადასტურებულად და რატომ ეთანხმება სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
კასატორის მითითებით, სასამართლოში სარჩელი აღძრულია არასათანადო მოსარჩელის მიერ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის I ნაწილი და ამავე კოდექსის 79-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოში სარჩელის აღძვრის უფლების მქონე სუბიექტებს. პროკურორი, მართალია, თავის ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით, მაგრამ იგი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით არ წარმოადგენს მხარეს და სასამართლოს არ უნდა განეხილა მის მიერ აღძრული სარჩელი.
კასატორის მითითებით, სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენლად არ უნდა ყოფილიყო დაშვებული პროკურორი ვ. ხ-ა, ვინაიდან მასზე პროცესში მონაწილეობის მიმნიჭებელი რწმუნებულება გაცემულია არა მოსარჩელის მიერ, არამედ ვ. ხ-ა საქმეში მონაწილეობდა საქართველოს გენერალური პროკურორის რწმუნებულებით, რაც მიაჩნია უკანონოდ.
კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ის 3562-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად ქურდული სამყაროს წევრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ სარჩელის აღძვრა ხდება მას შემდეგ, რაც ქურდული სამყაროს წევრის მიმართ სასამართლოს განაჩენი შევა კანონიერ ძალაში. გ. ზ-ის მიმართ განაჩენი გამოტანილია 2006 წლის 27 ნოემბერს, სარჩელი კი სასამართლოში შეტანილია 30 დღის ვადაში, მაგრამ გ. ზ-ს უფლება აქვს, ეს განაჩენი გაასაჩივროს ერთი წლის განმავლობაში, ესე იგი მის მიმართ განაჩენი არ არის კანონიერ ძალაში, რაზედაც სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.
კასატორის მოსაზრებით, სარჩელი არ პასუხობდა სსკ-ის 177-178-ე მუხლების მოთხოვნებს, მასში არ არის მითითებული სარჩელის აღძვრის სამართლებრივი საფუძვლები, არ არის მითითებული იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს.
კასატორის მითითებით, იგი არ წარმოადგენს სსკ-ის 3561-ე მუხლის „ვ“ პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს და არ არის ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირი. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო საცხოვრებელი სახლი გ. ზ-ის კუთვნილებაა და იგი ამ სახლით სარგებლობდა. ასევე საქმეში არ არსებობს მტკიცებულებანი, რომლებიც დაადასტურებდა ამ სახლის რეკეტის ან სხვა არაკანონიერი გზით მიღებული სახსრებით აშენებას. სასამართლოზე მან წარმოადგინა მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ სადავო საცხოვრებელი სახლის შეძენის კანონიერებასა და მართლზომიერებას.
ამავე დროს, სასამართლოზე მან წარადგინა მტკიცებულებანი, რომლითაც დასტურდება აპელანტისათვის იმ სახსრების არსებობა, რაც საჭირო იყო საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. სახლი აშენებულია მის მიერ და მის აშენებაში სხვა პირს არ მიუღია მონაწილეობა. ეს ფაქტი სასამართლოზე დაადასტურეს მოწმეებმა, რასაც სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაუკეთა იგნორირება. აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელი აღძრულია კანონის შესაბამისად და სარჩელის დასაკმაყოფილებლად იშველიებს სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს. აღნიშნული გარემოება აპელანტს მიაჩნია სსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების დარღვევად.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ი. გ-ის მიერ სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აპელანტმა, როგორც ფიზიკურმა პირმა, 2005 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში შეავსო დეკლარაცია ფიზიკური პირის მიერ 1992-2000 წლებში არადეკლარირებული ქონების ლეგალიზაციის შესახებ და, შესაბამისად, გადაიხადა 5000 ლარი.
კასატორი თვლის, რომ მისი ქონება დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა საქმის მასალების განხილვით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზებული დანაშაულის, ქურდული სამყაროსა და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლას და თავიდან აცილებას, აგრეთვე, ქურდული სამყაროს წევრების წინააღმდეგ ბრძოლას კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.
ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ქურდული სამყარო არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი, აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება.
ამავე მუხლის შესაბამისად, კანონიერი ქურდი არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც, ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით მართავს ან და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.
„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეკეტირთან ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირი არის პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია რეკეტის ან ქურდული სამყაროს წევრის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრი.
ამავე კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ქურდული სამყაროს წევრის ქონება არის ქურდული სამყაროს წევრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეკეტული და ქურდული სამყაროს წევრის ქონება ექვემდებარება ჩამორთმევას და მესამე პირის კანონისმიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს.
დადგენილია, რომ ი. გ-მ 2000-2001 წლებში ქ. ქუთაისში, ... გამზირ ¹117-119-ში შეიძინა 843 და 914 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთებზე არსებული თ. თ-ისა და თ. გ-ს სახელზე რიცხული სახლები, რომელთა დანგრევის შემდეგ ამ ნაკვეთზე ააშენა კაპიტალური, ორსართულიანი სახლი მანსარდითა და სარდაფით, რომლის საცხოვრებელი ფართი 432, 2 კვ. მეტრია, დამხმარე _ 292,3 კვ. მეტრი, ხოლო სასარგებლო ფართი 724,5 კვ. მეტრი, სულ მთლიანად საერთო _ 901,4 კვ. მეტრი. აღნიშნული სახლი საჯარო რეესტრში აღრიცხულია მოპასუხე ი.გ-ის სახელზე. გ.ზ-ის მიმართ 2006 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დადგენილია, რომ გ. ზ-ე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან სარგებლოდა კანონიერი ქურდის სტატუსით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო ქურდული სამყაროს წევრობასთან, ასეთი სამყაროს ხელმძღვანელობასთან, მართვასთან და გ. ზ-ს სხვა რაიმე კანონიერი შემოსავალი, გარდა ქურდული სამყაროს წევრობიდან მიღებული შემოსავლისა, არ ჰქონია. ამავე განაჩენით დადასტურებულია, რომ გ.ზ-ე ხელმძღვანელობდა და აფინანსებდა ქ.ქუთაისში, ... გამზირ ¹117-119-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, შესაბამისად, სადავო საცხოვრებელ სახლის შეძენასა და გაფორმებას ახორციელებდა გ.ზ-ე, თავისი სახსრებით. დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მის საკუთრებაში გაფორმებული სადავო ქონების შეძენისათვის საჭირო სახსრების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, დადგენილია, რომ ი. გ-ე ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირია, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია ქურდული სამყაროს წევრის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს ქურდული სამყაროს წევრი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, შესაბამისად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ კანონის ნორმების დაცვით არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივადაც სწორადაა შეფასებული.
არასწორია კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლომ არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და ის მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო სახლი აშენებულია მისი სახსრებით. საქმის მასალებში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად არ განიხილა სასამართლომ და რომლებიც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.
კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სარჩელი აღძრულია არასათანადო მოსარჩელის მიერ, კერძოდ, პროკურორი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით არ წარმოადგენს მხარეს, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით. მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3562 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეკეტული, ქურდული სამყაროს წევრის ან ადამიანით მოვაჭრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს. ამდენად, ამ ნორმის მიხედვით პროკურორს აქვს მინიჭებული სარჩელის აღძვრის უფლება. ვინაიდან, სარჩელის მიზანია ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა, მხარედ, კერძოდ კი მოსარჩელედ, სამოქალაქო საპროცესო სამართლებრივი თვალსაზრისით, გვევლინება სახელმწიფო, ვინაიდან სარჩელის მოთხოვნა მიმართულია მისთვის ჩამორთმეული ქონების გადაცემისაკენ, ანუ სარჩელი აღძრულია სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფოს უფლებამოსილებებს ახორციელებენ მისი ორგანოები ისე, რომ არ არიან იურიდიული პირები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის პროცესუალურ-სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელსაც კანონით აქვს მინიჭებული უფლება დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს სარჩელით და დაიცვას მისი წარმომდგენის – სახელმწიფოს უფლებები და ინტერესები. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პროკურორი არასათანადო მოსარჩელეა.
კასატორის მტკიცება, რომ გენერალური პროკურორის რწმუნებით ვ.ხ-ს საქმის განხილვაში მონაწილეობა უკანონოა, რადგან სარჩელი აღძრული იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ ლ. ლ-ის მიერ და, შესაბამისად, რწმუნება გაცემულია არა მოსარჩელის მიერ, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქართველოს პროკურატურა ერთიანი ცენტრალიზებული სისტემაა. ქვემდგომ პროკურორებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. ქვემდგომი პროკურორი ექვემდებარება ზემდგომს, რაც გულისხმობს ზემდგომი პროკურორის მითითებათა შესრულების სავალდებულობას (ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ“), შესაბამისად, გენერალური პროკურორის წარმომადგენელი უფლებამოსილია, მიიღოს მონაწილეობა იმ საქმის განხილვაში, რომელიც აღძრულია ქვემდგომი პროკურორის მიერ.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ პროკურორის მიერ აღძრული სარჩელი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლების მოთხოვნებს. პროკურორის მიერ წარდგენილ სარჩელში მითითებულია მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე, ასევე სარჩელს ახლავს დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების შესახებ დასაბუთებული ეჭვის დამადასტურებელი მტკიცებულებანი. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ გ. ზ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი არ არის შესული კანონიერ ძალაში. დადგენილია, რომ გ.ზ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა 2006 წლის 27 ნოემბერს, რომელიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 602-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე, 2006 წლის 27 ნოემბერს. პროკურორის მიერ კი სარჩელი შეტანილია 2006 წლის 13 დეკემბერს ანუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3562 მუხლით გათვალისწინებულ 30-დღიან ვადაში.
არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საოქმო განჩინებები, რომლებითაც უარი ეთქვა საქმის განხილვის გადადებაზე, უკანონოა. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნები, მას არ მიეცა საშუალება, მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში და მოეხდინა თავისი უფლებების რეალიზაცია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი.გ- პირადად იღებდა მონაწილეობას პირველი ინსტანციის სასამართლოში და მას საშუალება ჰქონდა დაეცვა თავისი უფლებები, რასაც კასატორიც არ ხდის სადავოდ. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობდა ი.გ-ის წარმომადგენელი, რომელიც იცავდა მის უფლებებსა და ინტერესებს. თავად ი.გ-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაჰბარდა სასამართლო უწყება, მაგრამ ის სასამართლო განხილვაზე არ გამოცხადებულა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი შეიცავს საპატიო მიზეზების ჩამონათვალს, რომელთაც შეეძლოთ დაბრკოლება შეექმნათ მხარისათვის სასამართლოში გამოცხადებისათვის. ერთ-ერთი მიზეზია მხარის ავადმყოფობა, რაც უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით. მოცემულ შემთხვევაში ი.გ-ის წარმომადგენელმა ა.თ-მა სასამართლოში წარადგინა ი.გ-ის ავადმყოფობის თაობაზე სამედიცინო ცნობა, რაც არ არის დადასტურებული სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით. აღნიშნულის გამო საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობდა საქმის განხილვის გადადების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ი.გ-ის წარმომადგენელს მართებულად უთხრა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ასევე მართებულად არ დააკმაყოფილა ი.გ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა პაექრობის სტადიაზე საქმის განხილვის გადადების შესახებ, ვინაიდან ა. თ-ი საქმის განხილვაში მონაწილეობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, იცნობდა საქმის მასალებს და სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომამდეც ჰქონდა საკმაო დრო მოსამზადებლად, შესაბამისად, მისი შუამდგომლობა მიმართული იყო საქმის განხილვის გაჭიანურებისაკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქმის განხილვის გადადებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
არასწორია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ანდა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებას და, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ დასკვნებსა და შეფასებებზე მითითებით. ასევე არასწორია კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საგადასახადო ინსპექციის ცნობა იმის თაობაზე, რომ არადეკლარირებული შემოსავლების ლეგალიზებისათვის გადახდილი აქვს არადეკლარირებული ქონების ღირებულების 1%. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ კანონი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს სამეწარმეო და ეკონომიკურ სფეროში, შესაბამისად, აღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდება ქურდული სამყაროს წევრის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღებულ ქონებაზე.
„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, „ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლება.Mმხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებანი ვერ ხელყოფს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონი, რომელსაც იგი აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად, საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის ან გადასახადებისა თუ სხვა მოსაკრებლის ანდა ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.”
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ქონება ხვდება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში. ხდება ქონების ჩამორთმევა და მისი სახელმწიფოსთვის გადაცემა „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ხელყოფა ანუ ჩამორთმევა საჯარო ინტერესებს ემსახურება, ვინაიდან დადგენილია, რომ სადავო ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. ხელყოფა პროპორციულია, ვინაიდან ვერანაირი სხვა ჩარევა, გარდა ჩამორთმევისა, ვერ უზრუნველყოფდა საერთო ინტერესის დაცვას. ეს ხელყოფა შეესაბამება კანონის გასაგები ფორმით არსებობის პრინციპსაც, ვინაიდან „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისევე, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIIV1 თავი, არაორაზროვნად და გასაგებად ითვალისწინებს დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობას.
Aადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ კრძალავს ქონების ჩამორთმევას, თუ ა) მიზანი არის საზოგადოებრივი ინტერესი, ბ)გამოყენებული ზომა არის მართლზომიერი (ემყარება კანონს და საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებს, გ)გამოყენებული ზომა მიზნის მიღწევის პროპორციულია, ანუ პირისა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის თანაფარდობა დაცულია.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ქონების ჩამორთმევის კანონიერების თაობაზე კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხის თაობაზე უკვე იმსჯელა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქმეზე - ლ. თ-ა, ს. გ-ე, რ. ბ-ე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 2005 წლის 13 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაში უთითებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის დებულებები ანაზღაურების თაობაზე შეეხება კანონიერი გზით შეძენილ ქონებას, რომლის საკუთრების უფლება დავას არ იწვევს და ვერ გავრცელდება უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, რადგან ამ შემთხვევაში ითვლება, რომ სწორედ საკუთრების უფლებაა დავის საგანი და მისი არსებობა Eეჭვის ქვეშაა დაყენებული. Aამ შემთხვევაში არ შეიძლება ჩამორთმევის კონსტიტუციურობის შემოწმება კონსტიტუციის 21-ე მუხლის მესამე პუნქტთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე ,,რაიმონდო იტალიის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო უთითებს, რომ ,,მართალია, ქონების კონფისკაციის შედეგი ქონების ჩამორთმევაა, მიუხედავად ამისა, არ არის აუცილებელი აღნიშნული განხილულ იქნეს პირველი დამატებითი ოქმის პირველი აბზაცის მეორე წინადადებასთან მიმართებაში”.
საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს სახელმწიფოს უფლებაზე, გაუწიოს კონტროლი ანუ ზედამხედველობა საკუთრების გამოყენებას მისი საერთო ინტერესების შესაბამისობის შემოწმებისა და დადგენის მიზნით, რაშიც სასამართლო გულისხმობს სახელმწიფოს საერთო მისწრაფებას, იბრძოლოს კორუფციისა და სხვა უმძიმესი დანაშაულის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მშენებლობის ამ ეტაპზე წარმოუდგენლად მიაჩნია კორუფციისა და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური განხორციელება პასუხისმგებლობის სპეციალური, განსაკუთრებული სამართლებრივი მექანიზმის შექმნის გარეშე.
,,საქმეზე რაიმონდო იტალიის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ მაფიის წინააღმდეგ ბრძოლაში იტალიის საერთო ინტერესთან, საერთო მისწრაფებასთან მიმართებით, პრევენციული სახის კონფისკაცია, რომელიც მოწოდებულია ზუსტად საეჭვო წარმოშობის ფინანსური საშუალებების მოძრაობის შესაზღუდად, წარმოადგენს ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას ამ დანაშაულთან ბრძოლაში, რაც სრულ შესაბამისობაშია კონვენციის მიზნებთან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების ჩამორთმევა მიზნად ისახავს საერთო ინტერესს _ შეზღუდოს საეჭვო წარმოშობის ქონებისა და ფინანსური საშუალებების ბრუნვა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული მოსაზრებების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეებზე ,,რაიმონდო იტალიის წინააღმდეგ”, ,,აგოსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ”, ,,ხონიკერი, აკსენი, ტაიბნერი, ი.ოვი გერმანიის წინააღმდეგ” მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების მიმდინარე ეტაპზე, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონმდებელს საფუძველი ჰქონდა შეემუშავებინა და გამოეყენებინა მოცემული მექანიზმი.
საკუთრების უფლების ნებისმიერი ხელყოფა უნდა ემსახურებოდეს საჯარო ან საერთო ინტერესებით განპირობებულ კანონიერ მიზნებს. ამასთან, შენარჩუნებულ უნდა იქნეს სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის.
კანონი არ ითვალისწინებს ისეთ უთანასწორობას, რომლის შედეგადაც პირს შეიძლება თვითნებურად და უსამართლოდ ჩამოერთვას ქონება მეორე პირის სასარგებლოდ.
საზოგადოებისა და მისი მოთხოვნების პირდაპირი ცოდნის წყალობით, ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს შეუძლიათ იმის დადგენა, თუ რა წარმოადგენს „საჯარო ინტერესს“. ეროვნულმა ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად არსებობს ქონების ჩამორთმევის დამასაბუთებელი საჯარო ინტერესი და სამართლებრივი დაცვის როგორი ზომები უნდა იქნეს მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს განსაზღვრება აშკარად მოკლებულია გონივრულ საფუძველს.
ქონების ხელყოფამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის არსებობა და უნდა დადგინდეს პროპორციულობის გონივრული ურთიერთობა გამოყენებულ საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის.
საკუთრების ხელყოფის დასაშვებად აღიარებისათვის, ის არა მარტო საჯარო ინტერესით განპირობებულ კანონიერ მიზანს უნდა ემსახურებოდეს, არამედ უნდა არსებობდეს გონივრული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის; უნდა გაივლოს სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საერთო ინტერესის მოთხოვნებსა და პირის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხებით ქონების შეძენის წინააღმდეგ ზომების მიღება უდავოდ წარმოადგენს კონტროლს ქონებით სარგებლობაზე. დანაშაულებრივი გზით შეძენილი ქონების ჩამორთმევა წარმოადგენს ასეთი აკრძალვის უზრუნველმყოფელ ზომას. საქმის კონკრეტულ გარემოებებში ქონების ჩამორთმევა საქართველოში დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონებით სარგებლობაზე კონტროლის შემადგენელი ნაწილია. აღნიშნული ზომა წარმოადგენს შესაბამისი ღონისძიებების ერთიანი სისტემის ნაწილს, რომლის მიზანიც არის საჯარო ცხოვრების განთავისუფლება კრიმინალური ავტორიტეტების მომძლავრებული გავლენისაგან, დემოკრატიული წყობილების დაცვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, სამოქალაქო ბრუნვას საფუძვლად უდევს კეთილსინდისიერების პრინციპი. სამართლებრივი ურთი ერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. სამოქალაქო კანონები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინება და ამავე თარიღის საოქმო განჩინებები;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.