ას-62-396-09 5 მაისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისხდომის მდივანი – ლ.სანიკიძე
კასატორი _ ჯ. ძ-შვილი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ნ. ა-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ «....» (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ გ. ჭ-ია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
«.....» თავმჯდომარემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ძ-შვილის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელემ შეიძინა ქ.თბილისში, ... მე-20 კორპუსში მდებარე ¹28 ოთხოთახიანი ბინა, რომელიც უკანონოდ დაკავებული აქვს ჯ. ძ-შვილს. მოპასუხე ცხოვრობდა გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ... ჩიხ. ¹19-ში და მოსარჩელე ფონდში წარდგენილი ჰქონდა განცხადება დესტინატერად ცნობის შესახებ. ჯ.ძ-შვილმა ფონდის დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტების სრული პაკეტი ვერ მოიპოვა, მის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შესახებ მითითებულია, რომ ბინა დაიწვა 1996 წელს. ამასთან, მოსარჩელემ ვერც აღნიშნულ სახლზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოპასუხეს სახლი ჰქონდა ქ.თბილისში, ... ჩიხ ¹19-ში, რომელიც 1996 წელს დაიწვა და მის ადგილზე მიმდინარეობდა აღდგენითი სამუშაოები. ჯ.ძ-შვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობებში. 2002 წლის 25 აპრილს მიწისძვრის შედეგად სახლიც და დამხმარე ნაგებობებიც დაინგრა. „.....“ გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა კომისიამ თავშესაფრად გამოუყო სადავო ბინა, სადაც იგი ცხოვრობს.
ჯ. ძ-შვილმა შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში, მოითხოვა ფონდის დესტინატერად ცნობა და ქონების საკუთრებაში გადაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე გამოსახლდა სადავო ბინიდან და იგი გამოთავისუფლებული ჩაბარდა მოსარჩელეს, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ. ძ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას ჯ.ძ-შვილმა შეგებებული სარჩელი გაიხმო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჯ.ძ-შვილის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა და შეგებებული სარჩელი დარჩა განუხილველად. ამავე პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ჯ. ძ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2002 წლის 5 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ.თბილისში, ფონიჭალის მე-3 მ\რ-ის მე-20 კორპუსის ¹28 ბინა აღირიცხა «....» საკუთრებად. აღნიშნულ ბინას ფლობს 2002 წლის 25 აპრილს ქ.თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ჯ. ძ-შვილი. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნით ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ... ჩიხ ¹19-ში მდებარე სახლი 1996 წელს დაიწვა, დარჩა დამხმარე სათავსები, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაინგრა. ჯ. ძ-შვილსა და ფონდის გამგეობას შორის ხელშეკრულება არ დადებულა და ბინის გადაცემაზე მიღება-ჩაბარების აქტი არ შედგენილა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 170-ე და 172-ე მუხლებით. პალატის მოსაზრებით, ვინდიკაციური სარჩელის განხილვისას სასამართლო ამოწმებს ეკუთვნის თუ არა მოსარჩელეს სადავო ნივთი, რომლის უკან დაბრუნებასაც იგი ითხოვს და აქვს თუ არა მოპასუხეს ამ ნივთის ფლობის უფლება. სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს ზემოხსენებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება გააჩნია და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მიერ ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე მართლზომიერ მფლობელს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კანონი იცავს ნივთზე არა ყოველგვარი ბატონობით განხორციელებულ, არამედ მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობას, რისი არსებობაც მოპასუხემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს ვერ დაუდასტურა. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, თუ რატომ უნდა ჩაითვალოს იგი უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელად. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ.ძ-შვილის მიერ წარმოდგენილი ფონდის გაცემული ¹705 რეგისტრაციის ცნობა, ასევე დაზარალებული მოსახლეობის სიის დამტკიცების თაობაზე შუალედური ინფორმაცია ვერ ჩაითვლება მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, ჯ. ძ-შვილსა და ფონდის გამგეობას შორის ხელშეკრულება და ბინის გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი არ შედგენილა, „...... დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-7 მუხლის მიხედვით კი, ფონდის მიერ პირველი რიგის განსახორციელებელ ღონისძიებას განეკუთვნება დესტინატერზე დროებითი თავშესაფრის სახით ფონდის მიერ შეძენილი ბინის სარგებლობის უფლების გადაცემა და ამის დამადასტურებელი ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. ამ წესით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ფონდის სახელით ახორციელებს ფონდის გამგეობა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მესაკუთრის უპირატესი ინტერესი არ არის გამოკვეთილი და მიუთითა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისას მესაკუთრე არ არის ვალდებული, მიუთითოს და ასაბუთოს თავისი საკუთრების გამოყენების ინტერესის უპირატესობა. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯ. ძ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სადავო ურთიერთობის შეფასებისას სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 170-ე და 172-ე მუხლები, როდესაც მიიჩნია, რომ ფონდს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა სადავო ნივთის უკან დაბრუნება და ხელშეშლის აღკვეთა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ფონდი შეიქმნა საზოგადოებრივი და არა კერძო ინტერესებისათვის, შესაბამისად, მას უნდა შეესრულებინა დაკისრებული ვალდებულებანი. სადავო ბინის მესაკუთრედ ფონდი აღრიცხული იყო ფორმალურად, რეალურად კი ბენეფიციარს წარმოადგენდა ჯ.ძ-შვილი. ამდენად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რომელთა თანახმადაც ფონდს ან მის უფლებამონაცვლეს უნდა მოეთხოვოს ჯ. ძ-შვილისათვის ნივთის საკუთრებაში გადაცემა, რადგან აღნიშნული ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარეს თავისივე დებულების საფუძველზე წარმოეშვა. ჯ. ძ-შვილი არის 2002 წლის 25 აპრილს ქ.თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული პირი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნით. ამავე დასკვნაში დადასტურებულია, რომ აღნიშნულ სახლს განესაზღვრა მე-3 კატეგორიის დაზიანების ხარისხი. მიწისძვრის შედეგებთან დაკავშირებული მწვავე პრობლემატური საკითხების დარეგულირების მიზნით, ქ.თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.28.176 დადგენილებით შეიქმნა @»....“. ამავე დადგენილებით განისაზღვრა დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების მიწისძვრის შედეგად დანგრეული და დანგრევას დაქვემდებარებული სახლების მქონე მოსახლეობის საკუთრებაში გადაცემის წესი, რომლითაც დროებითი თავშესაფრის სახით სარგებლობის უფლებით გადაცემის, ამის დამადასტურებელი ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან ერთად ფონდსა და დესტინატერებს შორის უნდა დადებულიყო სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ფონდის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ დესტინატერი იძენდა საკუთრების უფლებას ფონდის მიერ შეძენილ მიწაზე. ამასთან, დესტინატერს ყოველგვარი პირობის გარეშე უნარჩუნდებოდა საკუთრების უფლება მიწისძვრის შედეგად დანგრეულ და დანგრევას დაქვემდებარებულ ფართზე. ჯ. ძ-შვილმა დესტინატერად ცნობის მოთხოვნა წარადგინა ფონდის დებულებით განსაზღვრული დოკუმენტების თითქმის სრული პაკეტი, თუმცა, ტექნიკური მიზეზის გამო, დროულად ვერ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რითაც დადასტურდებოდა დანგრეული სახლის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტი და აღნიშნული დოკუმენტი მოგვიანებით წარუდგინა სასამართლოს, რომელმაც მის მიღებაზე უარი განუცხადა.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას «....» თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა სარჩელი გაიხმო, რასაც მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ «.....» სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 5 მაისის სხდომაზე «......» რწმუნებულმა წარადგინა ფონდის თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ და მხარი დაუჭირა მას. აღნიშნულს დაეთანხმა ჯ.ძ-შვილის წარმომადგენელი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე «....» მოთხოვნა საფუძვლიანია და მის მიერ სარჩელის გახმობის გამო, მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლების გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს, ხოლო «....» სარჩელი დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831, 275-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
«......» სარჩელი დარჩეს განუხილველად სარჩელის გამოხმობის გამო.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე პირველი და სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.