Facebook Twitter

ას-62-411-07 7 მაისი,2007წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ლ-ე-ს-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე –მ. ჩ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება–თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 11 ნოემბრის განაჩენით გ. ს-ს თავის შვილთან ი. ს-თან ერთად დაეკისრა მოსარჩელის მ. ჩ-ის სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარის გადახდა.

მოსარჩელის განცხადებით, 2002 წლის 2 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გ. და ი. ს-ებმა აღიარეს დანაშაული და განაცხადეს, რომ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად გადაიხდიდნენ 5000 აშშ დოლარს, მაგრამ აღნიშნულისაგან თავის არიდების მიზნით გ. ს-მა, დის თ. ს-ს მეშვეობით გადამალა ქონება, კერძოდ, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე ოთხი დღით ადრე, 2002 წლის 7 ნოემბერს, თ. ლ-მ მიმართა განცხადებით ნოტარიუსს ე. ყ-ს და მოითხოვა მამკვიდრებლის მ. ს-ს დანაშთ ქონებაზე, მდებარე თბილისში, ... I შესახვევი ¹10-ში სამკვიდრო მოწმობის მის სახელზე გაცემა.

2002 წლის 7 ნოემბერს თ. ლ-ზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა სამკვიდრო ქონებაზე, რომელსაც შეადგენს თბილისში, ... I შესახვევი ¹10-ში მდებარე 325მ2 მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, საერთო სასარგებლო ფართობი 126,42 მ2 (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 93,74.მ2) და სამეურნეო ფართობი 36,94 მ2 ნაგებობა ¹1-ში 10,34მ2 ფართობი. უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამკვიდრო მოწმობა გაიცა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევით, კერძოდ, აწ გარდაცვლილი მ. ს-ს შვილი და I რიგის კანონისმიერი მემკვიდრეა, ასევე გ. ს-ი, რომელიც მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა და ცხოვრობს სამკვიდრო ბინაში, მდებარე თბილისში, ... I შესახვევი ¹10-ში. მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებელი მ. ს-ი გარდაიცვალა 1999 წლის 13 დეკემბერს, გ. ს-ს დედის დანაშთ ქონებას ფაქტობრივად ფლობდა. აღნიშნული გარემოება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს სამკვიდროს მიღებას მემკვიდრის მიერ.

სანოტარო ბიუროში არ მოიპოვება გ. ს-ს განცხადება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1447-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, მთლიან სამკვიდრო ქონებაზე თ. ს-ს სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოსარჩელემ მიიჩნია უკანონოდ და 2004 წლის 5 მაისს წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მოითხოვა 2002 წლის 7 ნოემბერს თ. ს-ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სამკვიდრო ქონების (თბილისში, ... I შესახვევი @¹10-ში მდებარე ბინის) 1\2 წილზე გ. ს-ს მესაკუთრედ ცნობა, რათა ამ ქონებით განხორციელებულიყო კანონიერ ძალაში შესული თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 11 ნოემბრის განაჩენის აღსრულება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და სასამართლოში 2004 წლის 23 აპრილს წარდგენილ წერილობით შესაგებელში აღნიშნეს, რომ გ. ს-ი თანახმა იყო სამკვიდრო ქონება მიეღო მის დას თ. ლ-ს. მან სამკვიდრო ქონებაზე წერილობით განაცხადა უარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებმა მიიჩნიეს, რომ სამკვიდრო მოწმობა გაიცა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, მოითხოვეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მათ მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯების მოსარჩელისთვის დაკისრება.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ე. ყ-ს მიერ 2002 წლის 7 ნოემბერს თ. ლ-ე-ს-ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა და სამკვიდრო ქონების, კერძოდ, თბილისში, ... I შესახვევი ¹10-ში მდებარე ბინის 1\2 წილზე მესაკუთრედ ცნობილი იქნა გ. ს-ი. ამავე გადაწყვეტილებით თ. ლ-ს უარი ეთქვა მის სასარგებლოდ მ. ჩ-ზე წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯების დაკისრებაზე.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ს-მა და თ. ლ-მ. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მ. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის სააპალაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით გ. ს-სა და თ. ლ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამ საქმეზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

პალატამ მიიჩნია, რომ გ. ს-ს და თ. ლ-ს სადავოდ არ გაუხდიათ გ. ს-ს მიერ სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი და აღნიშნავდნენ, რომ ქონების ფლობას იგი ახორციელებდა სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ; ასევე მიუთითებდნენ, რომ აღნიშნული გარემოება იმ შემთხვევაში შეიძლებოდა განხილულიყო სამკვიდროს მიღებად, თუ მას განზრახული ექნებოდა სამკვიდროს მიღება და მასზე უარს არ განაცხადებდა. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა გ. ს-ს წერილობით შედგენილი და ნოტარიალურად დადასტურებული უარი სამკვიდროს მიღებაზე დის თ. ლ-ს სასარგებლოდ. საპელაციო პალატამ, ამ გარემოებაზე მითითებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან (ს.ფ. 46-ზე) წარმოდგენილი ¹1-3338 სანოტარო აქტის შინაარსიდან ირკვევა, რომ გ. ს-მა 2002 წლის 5 ნოემბერს განაცხადა უარი დედის, გარდაცვლილი მ. ს-ს სამკვიდრო ქონების მიღებაზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სამკვიდრო მოწმობის მიღება მემკვიდრის, ამ შემთხვევაში გ. ს-ს უფლებაა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ უფლების რეალიზების მხარისათვის დაკისრება დაუშვებელია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-ე-ს-მა.

კასატორის აზრით სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421 მუხლის მე-2 ნაწილი, არ გაითვალისწინა ამავე კოდექსის 1426 მუხლის პირველი ნაწილი. ასევე არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115 მუხლი და უგულებელყო 1435 მუხლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ლ-ე-ს-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. ლ-ე-ს-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ლ-ე-ს-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.