საქმე №154აპ-16 ქ. თბილისი
ნ-ე ბ. 154აპ-16 29 ივლისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ბ. ნ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის განაჩენით განსაზღვრული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით განახევრებული პირობითი მსჯავრი - 2 წელი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 28 ივლისიდან.
3. საქმეზე არსებული ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ CD დისკზე შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის განაჩენით ბ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და 120-ე მუხლით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საპროცესო შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 12 ნოემბრიდან.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული ბ. ნ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო სსკ-ის 19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ბ. ნ-ე პირობით ვადამდე - 8 თვითა და 8 დღით ადრე - 2014 წლის 4 მარტს გათავისუფლდა პატიმრობიდან.
7. აღნიშნულის შემდეგ, იმყოფებოდა რა პირობითი მსჯავრის პირობებში, 2015 წლის 27 აპრილს, ქ. თბილისში, …..ქუჩის N…..-ში მდებარე სუპერმარკეტ „…..“, ბ. ნ-ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 29 ლარად და 80 თეთრად ღირებულ ერთ ბოთლ არაყ „ხორტიცას“,.
8. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
9. მსჯავრდებულ ბ. ნ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ნ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ბ. ნ-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებულ იქნეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. ნ-სათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
3. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის ზომას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
4. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებული ბ. ნ-ე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, მის მიერ მოპარული ნივთის ღირებულება შედარებით მცირეა - იგი ფარულად დაეუფლა ერთ ბოთლ არაყს, ღირებულს 29 ლარად და 80 თეთრად.
5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მისი პიროვნების, პირადი და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ბ. ნ-ს მიმართ უნდა გავრცელდეს სსკ-ის 50-ე მუხლის მოთხოვნები და დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაეთვალოს პირობითად.
6. ზემოაღნიშნული გარემოებების - მსჯავრდებულის პიროვნების, დამდგარი შედეგისა და ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების მხედველობაში მიღებით - საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ. ნ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მიზანშეწონილი იქნება მის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის დანიშვნისას შთანთქმის პრინციპის გამოყენება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. ბ. ნ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის განაჩენით განსაზღვრული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით განახევრებული პირობითი მსჯავრი - 2 წელი.
5. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ბ. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 1 წელი და 1 დღე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 11 თვე და 29 დღე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2015 წლის 28 ივლისიდან.
6. მსჯავრდებული ბ. ნ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
7. მსჯავრდებულ ბ. ნ-ს პირობითი მსჯავრის ვადის ათვლა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე ბ. ნ-ს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბ. ნ-ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
8. საქმეზე არსებული ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ CD დისკზე შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი