საქმე №164აპ-16 ქ. თბილისი
თ-ი ვ. 164აპ-16 26 ივლისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ვ. თ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 14 მარტიდან.
2. საქმეზე დართული - სამი ცალი CD დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ხელჩანთა მასში მოთავსებული ნივთებით, რომლებიც ინახება შსს კასპის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
3. განაჩენით მსჯავრდებულ ვ. თ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 4 თებერვალს, დღის საათებში, ქ. კასპში, ….. ქუჩაზე, ვ. თ-ი ავტომობილიდან ფარულად დაეუფლა ა. ყ-ს კუთვნილ ხელჩანთას მასში მოთავსებული ფულადი თანხით და სხვადასხვა ნივთით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ ქმედების შედეგად ა. ყ-ს მიადგა 650 ლარის ქონებრივი ზიანი.
4. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: ვ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 14 მარტიდან.
5. საქმეზე დართული - სამი ცალი CD დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ხელჩანთა მასში მოთავსებული ნივთებით, რომლებიც ინახება შსს კასპის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
6. მსჯავრდებულ ვ. თ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ქ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ვ. თ-ს დარჩენილი სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ. თ-სათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
3. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის ზომას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
4. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულმა ვ. თ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. მართალია, ვ. თ-ი არის ადრე ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, მაგრამ ამ ქმედებით მან მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას მიაყენა ზიანი და მისი ქმედება არ იყო მიმართული სხვათა უფლებების დარღვევისკენ.
5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მისი პიროვნებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა ვ. თ-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული და ინანიებს, მის მიმართ უნდა გავრცელდეს სსკ-ის 50-ე მუხლის მოთხოვნები და დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაეთვალოს პირობითად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ქ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. ვ. თ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 2 წელი და 6 თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2014 წლის 14 მარტიდან.
4. მსჯავრდებულ ვ. თ-ს პირობითი მსჯავრის ვადის ათვლა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე ვ. თ-ს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ვ. თ-ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. საქმეზე დართული - სამი ცალი CD დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ხელჩანთა მასში მოთავსებული ნივთებით, რომლებიც ინახება შსს კასპის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი