¹ას-626-934-09 12 ოქტომბერი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი. ზ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ლ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაბრუნება, უძრავი ნივთის გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ზ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ქ-ძის, თ. და მ. ბ-შვილების მიმართ ბინის შესაძენად გადახდილი თანხის _ 2500 აშშ დოლარისა და რემონტის ხარჯების _ 5318 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელემ 2500 აშშ დოლარის სანაცვლოდ მ.ქ-ძის ნათესავების _ ბ-შვილებისაგან შეიძინა მ.ქ-ძის კუთვნილი ბინა, რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით მოგვიანებით უნდა გაფორმებულიყო. ი.ზ-ძემ ნაყიდი ბინა გაარემონტა, რაზეც 5318 ლარი დახარჯა. აღნიშნულის მიუხედავად, ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმდა და მ.ქ-ძემ მოითხოვა მოსარჩელის ბინიდან გამოსახლება. ამდენად, ი.ზ-ძეს თ. და მ. ბ-შვილებისაგან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ბინის შესაძენად გადახდილი 2500 აშშ დოლარი, ხოლო მ.ქ-ძისაგან _ რემონტზე დახარჯული 5318 ლარი.
თ. და მ. ბ-შვილებმა სარჩელი ცნეს და განმარტეს, რომ ი.ზ-ძეს ნამდვილად გამოართვეს სადავო თანხა, თუმცა ერთად მისი სრულად დაბრუნების საშუალება არ გააჩნიათ. მ.ქ-ძეს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. და მ. ბ-შვილებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ბინის შესაძენად გადახდილი თანხის _ 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტის გადახდა, ხოლო მ.ქ-ძეს ბინის რემონტისათვის გაწეული ხარჯების _ 5318 ლარის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ.ქ-ძის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი შეიტანა ი.ზ-ძემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ი.ზ-ძის საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის განხილვა განახლდა. ამავე სასამართლოს 2003 წლის 21 იანვრის მთავარ სხდომაზე, საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ზ-ძის სარჩელი მ.ქ-ძისათვის ბინის რემონტისა და საქმის წარმოებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბინის შესაძენად გადახდილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა, თ. და მ. ბ-შვილებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება, მათვე დაეკისრათ საქმის წარმოებაზე გაწეული ხარჯების _ 100 ლარის ი.ზ-ძისათვის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი.ზ-ძე და მისი წარმომადგენელი რ.გ-ძე სააპელაციო პალატის 21 იანვრის მთავარ სხდომაზე მიწვეულ იქნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, თუმცა ისინი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოს არ აცნობეს. პალატის მითითებით, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მ.ქ-ძის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის გამოთავისუფლება ი.ზ-ძეს დაევალა სასამართლოს 2001 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლისა და 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ ი.ზ-ძემ სადავო ბინა გაარემონტა სასამართლოს 2001 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს, ვინაიდან არ არსებობს კანონიერი საფუძველი, რომელიც მ.ქ-ძეს ი.ზ-ძისათვის რემონტზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების დავალდებულების წინაპირობა გახდებოდა. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ი.ზ-ძის სასარჩელო მოთხოვნა მ.ქ-ძის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, ი.ზ-ძის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, აპელანტის მოთხოვნა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ არ გაიზიარა.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბინის რემონტისათვის გაწეული ხარჯის _ 5318 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში ი.ზ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილი და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადასტურებული გარემოებები. საქმის მასალებითა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ.ქ-ძისათვის ცნობილი იყო სადავო ბინის მყიდველის მოძებნაზე მოპასუხეთა შეთანხმებისა და ბინის რეალიზების შედეგად მიღებული თანხის ბ-შვილებისათვის სესხების შესახებ. მ.ქ-ძე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ბინის რემონტის ხარჯების გაწევა მასთან შეთანხმებული არ ყოფილა და არ უარყოფს, რომ კასატორმა ნამდვილად დახარჯა 5318 ლარი უძრავი ნივთის გასაუმჯობესებლად, შესაბამისად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 385-ე მუხლით და 976-ე მუხლის პირველი ნაწილით. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლისა და 394-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის დარღვევით, ვინაიდან 2002 წლის 14 ივნისისა და 2003 წლის 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებები გამოტანილ იქნა ერთისა და იმავე მოსამართლე მ.ს-იანის თავმჯდომარეობითა და ე.ჟ-იანის მდივნობით, რისი უფლებაც მას არ გააჩნდა. 2003 წლის 21 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე კასატორის დასწრების შემთხვევაში იგი უთუოდ მოითხოვდა მოსამართლე მ.ს-იანის აცილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით აწ გარდაცვლილი მ. ქ-ძის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება ნ. ლ-ძე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ი. ზ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც აცნობა სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. სასამართლოში მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს, რასაც შედეგად მოჰყვება მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამასთან, თუ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, სასამართლოს შეუძლია სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, დამატებითი გამოკვლევის გარეშე, მიიჩნიოს დამტკიცებულად, ხოლო, მათი იურიდიული თვალსაზრისით შეფასების შემდეგ, სასამართლო დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს, თუ ჩათვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა საჩივარში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს სამართლებრივად შეესაბამება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება და კასატორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ 2003 წლის 21 იანვრის სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ ი.ზ-ძესა და მის წარმომადგენელ რ.გ-ძეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ეცნობათ, თუმცა არასაპატიო მიზეზით მხარე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე სასამართლოს არ აცნობა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობას წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. მხარის აღნიშნული მოსაზრება ეწინააღმდეგება დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივ დანიშნულებას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, კანონით დადგენილ ფარგლებში, მხარეთა შორის დავა გადაწყვიტოს იმ მხარის საზიანოდ, რომელიც უგულებელყოფს თავის საპროცესო ვალდებულებებს, უპატივცემლობას გამოხატავს მართლმსაჯულების მიმართ _ საქმის განხილვაზე სასამართლოში არასაპატიოდ არ ცხადდება და თავისი გამოუცხადებლობის შესახებ მას არ ატყობინებს.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის, ხოლო სააპელაციო ინსტანციაში _ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას კანონმდებელი განმარტავს იმდაგვარად, რომ მხარეს სურვილი არ გააჩნია, უარყოს მოსარჩელისა თუ აპელანტის პრეტენზიები მის მიმართ და თანახმაა, სასამართლომ გაიზიაროს მათი მოთხოვნები. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 230-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების იურიდიულ შეფასებას.
სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი და 394-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტი, რაც იმაში გამოიხატა, რომ სააპელაციო პალატის 2002 წლის 14 ივნისისა და 2003 წლის 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებები გამოტანილია ერთისა და იმავე მოსამართლის _ მ.ს-იანის თავმჯდომარეობითა და ე.ჟ-იანის მდივნობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ. ამავე კოდექსის 29-ე მუხლი არეგულირებს საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებით მონაწილეობის წესებს, რა დროსაც ადგენს, რომ ერთი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობა მოსამართლეს უფლებას ართმევს, იგივე საქმე განიხილოს სხვა რომელიმე ინსტანციის წესით. ამავდროულად, მოსამართლის მიერ საქმის ერთსა და იმავე ინსტანციის სასამართლოში განმეორებით განხილვის აკრძალვას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ზ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 21 იანვრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.