ას-626-959-07 17 სექტემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ჭ-ეE (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ხ-ე, ნ. დ-ე (მოპასუხეები)
დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება და თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 23 თებერვალს გ. ჭ-მ განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს გ. ხ-სა და ნ. დ-ის მიმართ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის განჩინებით გ. ჭ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა გ. ჭ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმება, მისი განცხადების დაკმაყოფილება და მოპასუხეთა გამოსახლება სადავო საცხოვრებელი სახლიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით გ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ჭ-მ, რომელიც თავისი შინაარსით არის კერძო საჩივარი. მან მიუთითა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების 1 თვიანი ვადა მას არ დაურღვევია და ამდენად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია განხადების შეტანის ვადა დარღვეულად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ გ. ჭ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის განჩინებით გ. ჭ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ჭ-მ, რომელმაც მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმება, მისი განცხადების დაკმაყოფილება და მოპასუხეთა გამოსახლება სადავო საცხოვრებელი სახლიდან.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით გ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ჭ-მ, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
მოცემულ შემთხვევაში ზემდგომ სასამართლოს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო, რომელმაც საბოლოო განჩინება გამოიტანა მოცემულ საქმეზე. აღნიშნული განჩინების გასაჩივრება კი დაუშვებელია.
ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ჭ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.