Facebook Twitter

#170აპ.-16 ქ. თბილისი

ვ. მ.-170ap.-16 28 სექტემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პროკურორ გ. რ-სა და მსჯავრდებულ მ. ვ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 სექტემბრის განაჩენით მ. ვ., – დაბადებული ---- წლის -----ს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2015 წლის 22 თებერვლიდან.

2. მ. ვ-ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, ესე იგი თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

3. --- წლის ------ს, დაახლოებით 17 საათზე, ქ. ბათუმში, ---- ქ. №-–ში მდებარე სავალუტო ოპერაციებისა და სალომბარდო მომსახურების განმახორციელებელ შპს “-----“ ოფისში მ. ვ. თავს დაესხა მოლარე ნ. ბ-სა და იქ მყოფ გ. ნ-ეს, რომელთაც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, ასევე პისტოლეტის დემონსტრირებით მოსთხოვა ფულადი თანხა და ძვირფასეულობა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორი - პროკურორი გ. რ. საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. ვ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. პროკურორის მითითებით მ. ვ-თვის შეფარდებული სასჯელი არაადეკვატურია მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და მსჯავრდებულის პიროვნებიდან გამომდინარე და იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

6. კასატორი - მსჯავრდებული მ. ვ. თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით მისთვის შეფარდებული სასჯელის ერთი მესამედი ნაწილის პირობით ჩათვლას იმ მოტივით, რომ პირველადაა სამართალში; აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; ითანამშრომლა გამოძიებასთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და აღნიშნავს:

2. წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა მ. ვ-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

3. რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. ვ-თვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის ჩვენების იმ ნაწილზე, რომელშიც იგი უთითებს, რომ მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ნ. ბ. (მოლარე) იყო ფეხმძიმედ, მასზე ძლიერ იმოქმედა ამ გარემოებამ და დატოვა შემთხვევის ადგილი ისე, რომ არაფერი წაუღია და არავისთვის არაფერი დაუშავებია. პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებულის ჩვენება გულწრფელია, ვინაიდან შეესაბამება დაზარალებულ გ. ნ-ის ჩვენებას, რომელმაც ასევე განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც თავდამსხმელს უთხრა, რომ ნ. ბ. ფეხმძიმედ იყო, მან დატოვა ოფისი. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება მიუთითებს მ. ვ-ის დადებით პიროვნულ მახასიათებლებზე. პალატა ასევე მხედველობაში იღებს მ. ვ-ის წარსულს (პირველადაა სამართალში), აღიარებასა და გულწრფელ მონანიებას. აღნიშნულისა და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მ. ვ-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ამასთანავე, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოებები, მ. ვ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს ამ მუხლით დადგენილი შეღავათი.

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ვ-ის მოთხოვნა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გავრცელების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე ზემომითითებული მოტივებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პროკურორ გ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. მსჯავრდებულ მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. მსჯავრდებულ მ. ვ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

5. მსჯავრდებულ მ. ვ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2015 წლის 22 თებერვლიდან.

6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე