ას-627-960-07 8 ნოემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა თ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე _ თ. გ-ის წარმომადგენელი დ.შ-ის განცხადების გამო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების _ დ. ბ-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირების ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაწილში _ ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. გ-ის წარმომადგენელმა დ. შ-მ განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება დ. ბ-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირების ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაწილში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 26 ივლისის განჩინებით თ. გ-ის წარმომადგენლის დ. შ-ის განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 ივლისის განჩინება. თ. გ-ის წარმომადგენლის დ. შ-ის განცხადება დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაექვემდებარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის განჩინებით თ. გ-ის განცხადება აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ის წარმომადგენელმა დ.შ-მ და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებით თ. გ-ის წარმომადგენლის დ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის განჩინება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ის წარმომადგენელმა დ. შ-მ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აგვისტოს განჩინებით საქმე ბს-407-386 (კ-07) თ.გ-ის წარმომადგენლის დ.შ-ის საკასაციო საჩივრის გამო განსჯადობით გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით თ. გ-ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის და სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 5%-ის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა; თ. გ-ის წარმომადგენელს დ. შ-ს ასევე დაევალა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
თ. გ-ის წარმომადგენელმა დ. შ-მ წარმოადგინა საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა და წარმოდგენილი განცხადებით მოითხოვა ხარვეზის, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, ვადის გაგრძელება.
თ. გ-ის წარმომადგენელმა ბეჟან ხიმში-მა ასევე შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განმცხადებლის მოსაზრებით, თ. გ-ე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რადგან მოცემული საქმე ეხება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. განმცხადებლის მითითებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 20 აპრილის განაჩენით დ. ბ-ე მსჯავრდებული იქნა კასატორ თ. გ-ის გატაცებისა და მასზე დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე და დ. ბ-ს თ.გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4994,305 ათასი აშშ დოლარის გადახდა ანუ წართმეული ქონების უკან დაბრუნება. შუამდგომლობაში მითითებულია, რომ დაზარალებული თ.გ-ის განცხადებით დ.ბ-ის მიმართ გამოძიების დაწყების გამო მის ქონებაზე სისხლის სამართლის საქმის განხილვის დასრულებამდე ყადაღის დადების მიუხედავად აჭარის პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა და ის ქონება, რომელიც დანაშაულის შედეგად წართმეული ჰქონდა კასატორს გადაეცა სახელმწიფოს, ისე რომ კასატორ თ. გ-ისათვის არ უცნობებიათ და სასამართლოში მხარედ არ მიუწვევიათ. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა თ.გ-ისათვის სადავო გადაწყვეტილების არსებობა, მან მოითხოვა ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. შუამდგომლობის ავტორი კასატორის გათავისუფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ითხოვს “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “თ” პუნქტით. თ.გ-ის წარმომადგენელი ბ.ხიმში-ს შუამდგომლობაში ყურადღებაა გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო წესით გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება უფლებრივ საკითხზე და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “ზ” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის განაკვეთი 50 ლარია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით თ. გ-ს გაურძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა; მას დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი საბუთისა და დავის საგნის ღირებულების 5%-ის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 255-258). საკასაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “თ” პუნქტის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება მოსარჩელე - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ.ბ-ს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 20 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ დ. ბ-ს დაზარალებულ თ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ქონებრივი ზიანის 4994,305 აშშ დოლარის გადახდა. ამდენად, თ.გ-ის მოთხოვნა დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ ზემოხსენებული სასამართლოს განაჩენით დაკმაყოფილებულია.
თ.გ-მ განცხადებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 20 აპრილის განაჩენით დ. ბ-სათვის თ. გ-ის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდის იძულებითი აღსრულება ვერ ხერხდება იმის გამო, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე ბ-ის ქონება ცნობილი იქნა უკანონოდ და დაუსაბუთებლად და გადაცემული აღმოჩნდა სახელმწიფოზე. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლით არ არის გათვალისწინებული პირის გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ისეთ საკასაციო საჩივარზე, რომელიც ეხება კანონიერ ძალაში შესულ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლის გამოც განმცხადებელს შეუძლებლად მიაჩნია დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების თაობაზე მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლოს განაჩენის აღსრულება.
საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, ასევე მოცემულ შემთხვევაში თ.გ-ის სახელმწიფო ბაჟის შემცირების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არის გათვალისწინებული “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-4 მუხლითაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა მხარეს და მის წარმომადგენლებს, რაც 2007 წლის 29 ოქტომბერს პირადად ჩაბარდა თ.გ-ს (ს.ფ. 263).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით; მაგრამ თ.გ-ს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ვინაიდან თ. გ-მ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და საკასაციო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.