Facebook Twitter

¹ას-629-1008-06 15 იანვარი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ლ-მ სარჩელით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს სს “ .. .. ..” წინააღმდეგ მარჩენალის დაკარგვის გამო მიუღებელი სარჩოს ერთჯერადად გადახდის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი მეუღლე მუშაობდა .. .. .. სამმართველოში სატვირთო მანქანის მემანქანედ, რომელიც დაიღუპა შრომითი მოვალეობის შესრულებისას, რის გამოც მას და მის შვილებს დაენიშნათ მარჩენალის პენსია, შვილებს სრულწლოვნებამდე, ხოლო მოსარჩელეს მუდმივად, თუმცა 1991 წლის 1 აპრილიდან გადანგარიშების შემდეგ მას პენსია აღარ მიუღია.

ნ. ლ-ის ადვოკატის მიმართვაზე სს “ .. .. ..” უპასუხა წერილით, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის საქმე ვერ მოიძებნა, რის გამოც ვერ მოხერხდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნულის გამო ის დარჩა უსახსროდ, არის ... წელს გადაცილებული, მე-3 ჯგუფის ინვალიდი, უმწეო მდგომარეობაში და დარჩენილია უსახლკაროდ.

მოსარჩელემ მოითხოვა სს “ .. .. ..” დანიშნული და მიუღებელი სარჩოს ერთჯერადად გადახდა.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის განჩინებით, ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ …... განყოფილების გამგის 1977 წლის 21 ივლისის განკარგულებით, ნ. ლ-ს, მარჩენალის დაკარგვის გამო, დაენიშნა პენსია, რომელსაც იღებდა 1991 წლის 15 დეკემბრამდე. აპელანტმა ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ მას სარჩო სს “ .. .. ..” დაუნიშნა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა მხოლოდ ის, რომ აპელანტი პენსიას საჩხერის რაიონის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებისაგან იღებდა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგანაც სს “ .. .. ..” აპელანტისათვის სარჩო არ დაუნიშნავს, მას არც სახელშეკრულებო ან კანონისმიერი ვალდებულება არ ჰქონია მისთვის იგი გადაეხადა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოსაზრებით, მოპასუხემ სარჩოს გადახდაზე უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ მან ვერ წარმოადგინა საპენსიო საქმე. მისი განმარტებით, საპენსიო საქმე მოპასუხის ბრალით არ ინახება საწარმოში, იგი თავის სარჩოს საწარმოს ბუღალტერიაში იღებდა და ვერც მოპასუხემ შეძლო რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც საწარმოს ბრალს გამორიცხავდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად;

ნ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოპასუხე სს “ .. .. ..” წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება მარჩენალ დაკარგულად ცნობასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.