Facebook Twitter

#182აპ.-16 ქ. თბილისი

მ. მ.,182ap.-16 28 სექტემბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. ლ-სა და ბრალდებულ მ. მ-ს შორის. მ. მ., - დაბადებული ---- წლის ------ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 21 იანვრიდან.

2. ზემოხსენებული საპროცესო შეთანხმება, სასჯელთან დაკავშირებული პირობების გარდა, ისანი–სამგორის რაიონულმა პროკურატურამ ბრალდებულ მ. მ-თან დადო აგრეთვე იმ პირობით, რომ მასთან მოხდა შეთანხმება თანამშრომლობაზე, კერძოდ, მას უნდა მიეცა ბრალდებულ თ. შ-ის მამხილებელი ჩვენება საქმის არსებითი განხილვის პროცესში ამ უკანასკნელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც მ. მ-მა განაცხადა თანხმობა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ. კ-ემ. სააპელაციო საჩივრით პროკურორმა მოითხოვა აღნიშნული განაჩენის (რომლითაც დამტკიცდა პროკურორსა და მ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება) გაუქმება იმ მოტივით, რომ მ. მ-მა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, კერძოდ, 2015 წლის 21 სექტემბერს მსჯავრდებულმა მ. მ-მა, რომელიც დაიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში თ. შ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, არ მისცა თ. შ-ის მამხილებელი ჩვენება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 თებერვლის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის განაჩენი მ. მ-ის მიმართ და საქმე დაუბრუნდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურას.

5. კასატორებმა – მ. მ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ-ამ ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 თებერვლის განაჩენის გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის განაჩენის (რომლთაც დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება მ. მ-სა და პროკურორს შორის) ძალაში დატოვება შემდეგი მოტივით: მ. მ-მა არაფერი იცოდა მასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების იმ პირობის შესახებ, რომ თ. შ-ის წინააღმდეგ უნდა მიეცა მამხილებელი ჩვენება და რომ სცოდნოდა აღნიშნული პირობის შესახებ, იგი არ დათანხმდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, გარდა სასჯელისა, მხარეები შეთანხმდნენ ასევე თანამშრომლობაზეც, კერძოდ: მ. მ-ს უნდა მიეცა ბრალდებულ თ. შ-ის მამხილებელი ჩვენება საქმის არსებითი განხილვის პროცესში ამ უკანასკნელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე.

3. აღნიშნულის მიუხედავად, 2015 წლის 21 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში თ. შ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა მ. მ-მა აჩვენა, რომ პერფერატორი და გენერატორი მარტო თვითონ მოიპარა. გატეხა იმ კონტეინერის ბოქლომი, რომელშიც აღნიშნული ნივთები ინახებოდა და ბოქლომი გადააგდო. ამის შემდეგ სთხოვა დახმარება თ. შ-ს გენერატორის წამოღებაში. მისთვის არ უთქვამს, რომ გენერატორი მოპარული იყო. თ. შ-მა არაფერი იცოდა ქურდობის შესახებ. მ. მ-მა უარყო გამოძიებაში მიცემული ჩვენება იმის შესახებ, რომ მან და შ-მ წინასწარი შეთანხმებით, ერთად მოიპარეს ზემოხსენებული ნივთები.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, „თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე“. ამავე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის მე–4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს უბრუნებს პროკურორს“.

5. იმის გათვალისწინებით, რომ მ. მ-მა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ - არ მისცა თ. შ-ის მამხილებელი ჩვენება - თბილისის სააპელაციო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამტკიცებული საპროცესო შეთანხმება.

6. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს და არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ თითქოს მან არაფერი იცოდა მასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების პირობის - გამოძიებასთან თანამშრომლობისა და თ. შ-ის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემის შესახებ და რომ სცოდნოდა ამის შესახებ, არ დათანხმდებოდა ამ პირობით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ვინაიდან საქმის მასალებში არსებული 2015 წლის 3 აპრილის საპროცესო შეთანხმების დადების ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული მ. მ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ც., დასტურდება, რომ სასჯელთან დაკავშირებული პირობების გარდა, ბრალდებულთან მოხდა შეთანხმება თანამშრომლობაზეც, კერძოდ, მას უნდა მიეცა ბრალდებულ თ. შ-ის მამხილებელი ჩვენება საქმის არსებითი განხილვის პროცესში ამ უკანასკნელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც მ. მ-მა განაცხადა თანხმობა. აღნიშნული ოქმის ასლი გადაეცა ბრალდებულსა და მის ადვოკატს. მათი მხრიდან შენიშვნები არ გაკეთებულა. სასამართლოს სხდომის ოქმებით დასტურდება, რომ მ. მ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას ბრალდებულს მოსამართლემ განუმარტა საქართველოს სსსკ–ის 38–ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, წარდგენილი ბრალდების არსი, ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაცია და ა.შ. მ. მ-მა წარდგენილ ბრალდებაში (მათ შორის, ქურდობის ჩადენაში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) თავი ცნო დამნაშავედ. გარდა აღნიშნულისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულმა მ. მ-მა მხარი დაუჭირა პროკურორის შუამდგომლობას საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული და დაადასტურა, რომ მისი უფლებები არავის დაურღვევია, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება, ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, სრულად იცნობს საქმის მასალებს, ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში მასა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული, თვითონ მოაწერა ხელი საპროცესო შეთანხმებას ადვოკატის თანდასწრებით, მას და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმი, რასაც ეთანხმება და შენიშვნა არ გააჩნია.

7. ამრიგად, უტყუარადაა დადგენილი, რომ მ. მ-მა დაარღვია მასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების მისთვის ცნობილი პირობა გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ, რაც საპროცესო შეთანხმების გაუქმების სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე