ას-632-965-07 30 ნოემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. ა-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. მ-ს წარმომადგენელმა გ. ბ-მ 2005 წლის აგვისტოში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ. ა-ს წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. ა-ს ვ. მ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალი 7800 აშშ დოლარი და სახელმწიფო ბაჟი 351 ლარი; იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია განისაზღვრა კანონით დადგენილი წესით, გაწეული ხარჯების ნაწილში, კერძოდ, ადვოკატის ხარჯის ნაწილში, საკითხი დარჩა ღიად და დამატებით ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე განისაზღვრა მტკიცებულებათა გამოკვლევა და საქმის განხილვა; მოსარჩელის მოთხოვნას გზის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა; ნ. ა-ს ვ. მ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატისათვის დაწესებული ჰონორარის _ 3130 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ნოემბრის ნაწილობრივ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე ნ. ა-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 თებერვლის განჩინებით აპელანტ ნ. ა-ს განესაზღვრა ათდღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ნ. ა-ს სააპელაციო საჩივარი; სააპელაციო სასამართლომ ნ. ა-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი და არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ა-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 23 იანვრის განჩინებით ნ. ა-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ა-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ა-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 318 აშშ დოლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარის წარმოდგენა. მითითებული განჩინებებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ნ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 318 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითარის წარმოდგენა მის მიერ გადახდილი 100 ლარის გათვალისწინებით (ს.ფ. 124-125). განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორს გაეგზავნა 2007 წლის 20 სექტემბერს (ს.ფ. 126); კასატორს განჩინების ასლი პირადად ხელზე ჩაჰბარდა 2007 წლის 12 ნოემბერს (ს.ფ. 132); კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ა-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი;
ნ. ა-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 100 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.