¹ას-633-1012-06 14 მაისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ თ. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. დ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე თ. გ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე თ. გ-ის ან უფლებამოსილი პირების მიერ ქ. საჩხერეში, ........... ქ. ¹14-ში მდებარე 37კვ.მ მიწაზე ყველანაირი სამუშაოების ჩატარების აკრძალვა, ამასთან, მოპასუხის დავალდებულება, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მითითებულ მიწაზე წამოწყებული უკანონო ნაგებობის დემონტაჟი (დანგრევა) და აღადგინოს პირვანდელ მდგომარეობაში, რაც იმით დაასაბუთა, რომ ეს უკანასკნელი 2001 წლის 8 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით ფლობს ქ. საჩხერეში, ......... ქ. ¹14-ში მდებარე 37კვ.მ მიწას. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხე თ. გ-ემ მასთან შეუთანხმებლად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მიისაკუთრა და დაიწყო მის მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები, ამასთან, მოსარჩელისათვის უცნობი იყო, გააჩნდა თუ არა მას შესაბამისი ორგანოებიდან რაიმე ნებართვა აღნიშნული სამუშაოების შესრულებისათვის და ვისი მხარდაჭერით სარგებლობდა იგი. მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის საფუძველზე გარანტირებულია საკუთრების უფლება, ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე მესაკუთრე უფლებამოსილია, მისი საკუთრების ხელმყოფს მოსთხოვოს უკანონო ქმედების აღკვეთა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი ნაკვეთს ფლობს კანონიერად. 1990 წლის 29 სექტემბერს ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი გამოეყო საჩხერის რაიკოოპერატივს, 2001 წლის 5 თებერვალს კი ნაკვეთი დარეგისტრირდა რაიკოოპერატივის საკუთრებად. 1998 წლის 18 იანვარს რაიკოოპერატივის ნებართვის საფუძველზე მოპასუხეს ნაკვეთზე მაღაზიის მშენებლობის ნება დაერთო. 2001 წლის 18 იანვარს რაიკოოპერატივმა მოპასუხესთან შეუთანხმებლად, მიწის ნაკვეთი მიჰყიდა მოსარჩელეს. მოსარჩელემ, თავის მხრივ, 2001 წლის 15 ივნისს აიღო საკადასტრო რუქა. მოპასუხემ აღნიშნა, რომ რაკი არ არსებობს მიწის აზომვის აქტი, გაუგებარია, თუ რომელი ნაკვეთი იყიდა მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ უკვე ააშენა ნაკვეთზე ნაგებობა და მისი დანგრევა დაუშვებელია, მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და თ. გ-ეს აეკრძალა ყველანაირი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება ქ. საჩხერეში, ........... ქ. ¹14-ში მდებარე 37კვ.მ მიწის ფართობზე, მასვე დაევალა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ამ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის დემონტაჟი და მიწის ნაკვეთი მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები, კერძოდ, ქ. საჩხერეში, .......... ქ. ¹14-ში მდებარე 37კვ.მ მიწა ნ. დ-ის საკუთრებაა, სადაც მოპასუხემ მოსარჩელესთან შეუთანხმებლად ააშენა ნაგებობა, ასევე დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეს არა აქვს მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის უფლებები. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას ჰქონდა მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა და შესაბამისი პროექტიც, მაგრამ, საქართველოს კანონის «სამშენებლო საქმიანობის შესახებ» 6.2. მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ აღნიშნული არ წარმოშობს უძრავ ნივთზე სახელშეკრულებო ან კანონისმიერ უფლებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312.1. მუხლის, 105-ე და 244-ე მუხლების მოთხოვნები; არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ გამყიდველი, კერძოდ, რაიკოოპერატივი სადავო მიწის ფართობის მესაკუთრე და მოსარგებლე არ ყოფილა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ ჩათვალა იგი (თ. გ-ე) მიწის კანონიერ, კეთილსინდისიერ მფლობელად, ამასთან, არასწორად მიიჩნია, რომ დადებული იყო აღნაგობის ხელშეკრულება, რომელიც სათანადო ფორმის დაუცველად იყო დადებული და ბათილი იყო მისი დადების მომენტიდან, ამდენად, არასწორად გამოიყენა კანონი, კერძოდ, საქარველოს სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლი.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატის განჩინება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის «ა» და «ბ» პუნქტებისა და 394-ე მუხლის «ე» პუნქტის მოთხოვნათა დარღვევებით და განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის განჩინებით თ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად, მოწინააღმდეგე მხარეს განესაზვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ნ. დ-ეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა _ კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. საჩხერეში, ....... ქ. ¹14-ში მდებარე მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ნ. დ-ის საკუთრებას, სადაც მოპასუხემ მოსარჩელესთან შეუთანხმებლად ააშენა ნაგებობა. მითითებულ ფართობზე საკუთრების უფლება დადასტურებულია მოპასუხე ნ. დ-ესა და საჩხერის რაიკოოპერატივს შორის 2001 წლის 8 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებითა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ უთითებს და ვერც ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დარღვევის ფაქტს, რომლითაც კასატორი დაადასტურებდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ყალბია ანუ კასატორი არ (თუ ვერ) უთითებს იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც მიუთითებენ საკუთრების საფუძვლის სიყალბეზე, რაც არ შეაფასა ან არასათანადოდ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.
ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მოცემული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის სიყალბის თაობაზე, რომ საჩხერის რაიკოოპერატივს აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაყიდვის უფლება არ გააჩნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ, სსკ-ის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის ჩანაწერებზე ვრცელდება უტყუარობისა და სიზუსტის პრეზუმფცია, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, რეესტრის ჩანაწერები ითვლება კანონის დაცვით შედგენილად და არ არსებობს მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მფლობელობის ინსტიტუტი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1998 წლის აპრილში საჩხერის რაიკოპერატივის გამგეობამ განაცხადა თანხმობა თ. გ-თვის 20 კვ. მ მიწის გამოყოფაზე მაღაზიის აშენების მიზნით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ქ. საჩხერის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის 1998 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით თ. გ-ეს მიეცა მშენებლობის ნებართვა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს და ამდენად, არ გამოიკვლია წარმოადგენს თუ არა თ. გ-ე მართლზომიერ მფლობელს, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ ქ. საჩხერის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის 1998 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით მას გამოეყო მიწა. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ქ. საჩხერის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის 1998 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ თ. გ-ეს გამოეყოს .......... ქუჩაზე რაიკოპერატივის გამგეობის კუთვნილი ტერიტორიიდან სავაჭრო მაღაზიის მშენებლობისათვის 20 კვ. მ მიწა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება უნდა მისცეს აღნიშნულ მტკიცებულებას და გამოიკვლიოს თ. გ-ე წარმოადგენს თუ არა სადავო მიწის ფართის მართლზომიერ მფლობელს. ამასთან ერთად დასადგენია მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა თუ არა ის ფართი, რომელსაც ფლობს კასატორი ანუ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შემოწმდეს ყველა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც დამახასიათებელია მართლზომიერი მფლობელობისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ კასატორმა მესაკუთრის ნამდვილი ნების საფუძველზე მოიპოვა ფლობელობის უფლება სადავო მიწის ფართზე, ის წარმოადგენს ფლობელობის უფლების მესაკუთრეს და ამდენად, ამ უფლებაზე ვრცელდება საკუთრების ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი დაცვითი სისტემის ყველა სამართლებრივი ნიშან-თვისებები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფალი მონაწილე შეიძლება იყოს ასევე მართლზომიერი მფლობელიც, რაც ამ უფლებაზე საკუთრების არსებობას გამოხატავს.
არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საჩხერის რაიკოპერატივსა და თ. გ-ის შორის 1998 წლის აპრილში, კანონით დადგენილი ფორმის დაუცველად, დაიდო უსასყიდლო აღნაგობის ხელშეკრულება, რადგან სააპელაციო სასამართლო ამავე დროს ადგენს, რომ 1998 წლის აპრილში, საჩხერის რაიკოპერატივმა თანხმობა განაცხადა (და არა გადასცა) თ. გ-თვის 20 კვ. მ მიწის გამოყოფაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული თანხმობის საფუძველზე სადავო მიწის ფართი კასატორს გამოეყო ქ. საჩხერის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის 1998 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თ. გ-ემ სადავო მიწის ფართზე მფლობელობის უფლება შეიძინა საჩხერის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტისა და არა ამ ორგანოსადმი რაიკოპერატივის მიმართვის საფუძველზე. ამდენად, მფლობელობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა საჩხერის ადგილობრივი მმართველობის გამგეობასა და თ. გ-ეს შორის. ამდენად, არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაიკოპერატივსა და თ. გ-ის შორის დაიდო თუნდაც ფორმადაუცველი აღნაგობის ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, 2000 წლის 29 სექტემბერს საჩხერის რაიკოპერატივმა განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონის მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებას და მოითხოვა თ. გ-თვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე რაიკოოპერატივის მიმართვის ბათილად ცნობა და პროექტის რაიკოოპერატივზე გადაცემა, ვინაიდან დროულად არ მოხდა ნაგებობის დაპროექტება და აშენება. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო არ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული განცხადების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი თუ არა ქ. საჩხერის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის 1998 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და, აქედან გამომდინარე, ბათილია თუ არა თ. გ-თვის გამოყოფილი მიწის ფართის მართლზომიერი ფლობის საფუძველი. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლიდან გამომდინარე. აღნიშნული კანონი არ გამოიყენა, რაც უნდა გამოეყენებინა სააპელაციო სასამართლოს, კერძოდ, განსახილველი მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არ არსებობს შეზღუდვის გარეშე, რა თქმა უნდა, საკუთრების შეზღუდვამ არ უნდა მოსპოს საკუთრების ინსტიტუტი, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ თ. გ-ეს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე წარმოეშვა ნივთზე მფლობელობის უფლება. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებებს, რომლებიც მიუთითებენ მფლობელობის შინაარსზე, ანუ იმ უფლება-ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოიშვა ქ. საჩხერის ადგილობრივი მმართველობის გამგეობასა და თ. გ-ის შორის სადავო მიწის ფართის გადაცემით, რადგან ზუსტად აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობები მიგვითითებენ თუ რა ვალდებულებები აკისრია მესაკუთრეს - (ნ. დ-ეს) მფლობელის _ (თ. გ-ის) მიმართ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მესაკუთრის შეცვლამ არ შეიძლება გამოიწვიოს მართლზომიერ მფლობელთან (იმ შემთხვევაში, თუ გ-ე მართლზომიერი მფლობელია) სამართლებრივი ურთიერთობების მოსპობა, რადგან ამ შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე გადადის აღნიშნული უფლება-ვალდებულებები. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერი ფლობის საფუძველი.
აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადგინოს ის სამართლებრივი ურთიერთობა, რაც წარმოიშვა ქ. საჩხერის ადგილობრივი მმართველობის გამგეობასა და თ. გ-ის შორის სადავო მიწის ფართის გადაცემით და შეამოწმოს თ. გ-ე წარმოადგენს თუ არა მართლზომიერ მფლობელს.
მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც მიუთითებს ორ არსებით ნიშანზე, კერძოდ, ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ფაქტზე და ფაქტობრივი ბატონობის ნებით მოპოვებაზე. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე (იურიდიული საფუძველი) თ. გ-ემ ნებით მოიპოვა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, მაგრამ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით სასამართლომ უნდა შეაფასოს ის საფუძველი, რომლის თანახმად თ. გ-ემ მოიპოვა აღნიშნული მფლობელობა, ასევე ის ნება, რომელიც გააჩნდა ადმინისტრაციულ ორგანოს.
კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ მფლობელობამ არ უნდა მოსპოს საკუთრების ინსტიტუტი, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკუთრების ინსტიტუტი არ არსებობს შეზღუდვების გარეშე, რომელსაც გარკვეულ წილად სოციალური ფუნქცია გააჩნია, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ზუსტად აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი შეიძლება წარმოადგენდეს საკუთრების შებოჭვის საფუძველს, რაც ვლინდება ადმინისტრაციულ ორგანოსა და თ. გ-ეს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაში, კერძოდ, იმ უფლება-ვალდებულებებში, რაც წარმოშობილია აღნიშნულ პირთა შორის.
ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს გააჩნდა თუ არა თ. გ-ეს სადავო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი ფლობის საფუძველი და ამ უკანასკნელ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანია ამ „შეზღუდვის” შინაარსისა და მოცულობის დადგენა.
ამასთან მიმართებაში მნიშვნელობა ენიჭება, თუ რამდენად უფლებამოსილი იყო ადმინისტრაციული ორგანო მაღაზიის ასაშენებლად გამოეყო მიწა კასატორისათვის და ამ შემთხვევაში რა სამართლებრივი ინტერესი გააჩნდა ადმინისტრაციულ ორგანოს კასატორის მიერ სადავო მიწაზე ნაგებობის აშენებაში. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გააჩნდა იურიდიული ინტერესი ამ ფართზე ნაგებობის აღმართვაზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში სასამართლომ შეიძლება იმსჯელოს მათ შორის არსებული აღნაგობის არარა ხელშეკრულების თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი ამ მიწის ნაკვეთზე ნაგებობის აღმართვაში და მისი უფლებამოსილება შემოიფარგლებოდა მხოლოდ მიწის ნაკვეთის გადაცემით, სასამართლომ უნდა დაადგონოს ის სამართლებრივი პირობები, რომლის საფუძველზე გაიცა სადავო მიწის ნაკვეთი, მხოლოდ ამ სამართლებრივი წინაპირობების დადგენის შემდეგ, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ შეიძლება სამართლებრივად შეაფასოს სასარჩელო მოთხოვნის კანონიერება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. კონკრეტულ შემთხვევაში ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის საფუძველი ვლინდება უკანონო მფლობელობაში არსებული ქონების გამოთხოვაში _ უკანონო, ანუ სამართლებრივი საფუძლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ არსებული ქონების მფლობელობიდან გამოთხოვაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.