Facebook Twitter

¹ას-63-347-08 17 სექტემბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. კ-იძეE (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. კ-იძე (მოპასუხე)

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის გაცემა

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 21 მაისს გ. კ-იძის წარმომადგენელმა ლ. ფ-აძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ქ. ქუთაისის ნოტარიუს მ. ბ-ძისა და მესამე პირის _ ი. კ-ძის მიმართ. მან მიუთითა, რომ 2000 წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა ნ. კ-ძე, რომლის საკუთრებაში ირიცხებოდა ქ. ქუთაისში, ....... ქ. ¹4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილი. ნ. კ-ძეს დარჩა ორი მემკვიდრე _ გ. და ი. კ-იძეები, რომელთაგანაც გ. კ-ძე დარჩა დედისეულ სახლში, ხოლო ი. კ-იძე კი ცხოვრობდა სამტრედიის რაიონში, სოფელ .......-ში. მამკვიდრებელ _ ნ. კ-ძეს სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშვა მეუღლის _ დ. კ-ძის გარდაცვალების შემდეგ.

მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან იგი დედის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა სამკვიდრო სახლში და ფაქტობრივად ფლობდა და მართავდა მას, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულად ეთვლება, ხოლო მოპასუხე ი. კ-იძეს კი, ფაქტობრივი ფლობითა და მართვით სამკვიდრო არ მიუღია და მის მიერ გაშვებულია სანოტარო ორგანოსათვის სამკვიდროს მისაღებად კანონით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადა.

მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 25 დეკემბერს, სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით, განცხადებით მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით. მას 2006 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით ეთქვა უარი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად მიმართული აქვს ი. კ-იძეს, რის გამოც მემკვიდრეებს შორის არის დავა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამო მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ ქუთაისის ნოტარიუს მ. ბ-ძის 2006 წლის 25 დეკემბრის ¹155 დადგენილების _ სამემკვიდრეო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გაუქმება და იმავე ნოტარიუსის დავალდებულება, გასცეს მოსარჩელის სახელზე მოწმობა დედის _ ნ. კ-ძის მთლიან დანაშთ ქონებაზე, კერძოდ, ქ. ქუთაისში, .......... ქ. ¹4-ში მდებარე მთლიანი სახლის 1/2 ნაწილზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გ. კ-იძის წარმომადგენელმა ლ. ფ-აძემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-იძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. კ-იძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის ნოტარიუს მ. ბ-ძის 2006 წლის 25 დეკემბრის ¹155 დადგენილება სანოტარო მოქმედების შესარულებაზე უარის თქმის შესახებ და ქ. ქუთაისის ნოტარიუს მ. ბ-ძის უფლებამონაცვლე _ ქ. ქუთაისის ნოტარიუს დ. ხ-შვილს დაევალა გ. კ-იძის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა გარდაცვლილი დედის – ნ. კ-ძის დანაშთი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისში, ........ ქ. ¹4ა-ში მდებარე სახლის ½ ნაწილის ნახევარზე ანუ სახლის ნაწილზე.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მამკვიდრებელი – ნ. კ-ძე გარდაიცვალა 2000 წლის 28 თებერვალს, დარჩა პირველი რიგის ორი მემკვიდრე – გ. და ი. კ-იძეები, რომლებსაც სამკვიდროს მისაღებად სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით გათვალისწინებულ 6 _ თვიან ვადაში სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავთ. ნ. კ-ძის მემკვიდრეებმა მემკვიდრეობის მისაღებად სანოტარო ორგანოს მიმართეს განცხადებით მხოლოდ 2006 წლის დეკემბერში, რაზედაც ქ. ქუთაისის ნოტარიუსის მ. ბ-ძის დადგენილებით უარი ეთქვათ მემკვიდრეობის მოწმობის გაცემაზე მხარეთა შორის დავის არსებობის გამო.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ გ. კ-იძესთან ერთად სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობასა და მართვას შეუდგა ნ. კ-ძის მეორე მემკვიდრე – ი. კ-იძეც, რომელიც დღემდე რეგისტრირებული იყო ამ მისამართზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნულის გამო გ. კ-იძე მიჩნეულ უნდა იქნას ნ. კ-ძის დანაშთი სამკვიდროს თანამემკვიდრედ ი.კ-ძესთან ერთად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 1503-ე მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულ გადაწყვეტილებზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. კ-იძემ. მან აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი ფაქტობრივად ფლობდა დედის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, ხოლო მისი და არ ფლობს ამ ქონებას და არც კანონით დადგენილ 6 - თვიან ვადაში მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მიღების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიაკუთვნა მის დას - ი. კ-იძეს ქონების ნაწილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა _ კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. კ-იძისE საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მამკვიდრებელი ნ. კ-ძე გარდაიცვალა 2000 წლის 28 თებერვალს, დარჩა პირველი რიგის ორი მემკვიდრე _ გ. და ი. კ-იძეები, რომლებსაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით გათვალისწინებული 6-თვიან ვადაში სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავთ.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მათ, სამკვიდროს მისაღების მიზნით, სანოტარო ორგანოს მიმართეს მხოლოდ 2006 წლის დეკემბერში, რაზედაც ნოტარიუსის დადგენილებით უარი ეთქვათ მემკვიდრეობის მოწმობის გაცემაზე მხარეთა შორის დავის არსებობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-ძის მემკვიდრეებმა სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსს არ მიმართეს კანონით დადგენილ 6-თვიანი ვადაში, მაგრამ ისინი ფაქტობრივად შეუდგნენ სამკვიდროს ფლობასა და მართვას, რაც უდავოდ მოწმობს მათ მიერ სამკვიდროს მიღებას.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ-იძეს გ. კ-იძესთან ერთად მიღებული აქვს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით.

კონკრეტულ შემთხვევაში განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება ი. კ-იძის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ.

იბადება შემდეგი კითხვევები, კერძოდ, შესაძლებელია თუ არა სასამართლომ დაადგინოს დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის მიერ სამკვიდროს ფლობის ფაქტი, როდესაც ეს უკანასკნელი არ არის არც მოსარჩელე და არც მოპასუხე, რომელსაც აღძრული აქვს სარჩელი ან შეგებებული სარჩელი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის მიღებულად ცნობის შესახებ; ამ შემთხვევაში დარღვეულია თუ არა სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება ასევე, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამკვიდროს მიღება წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზოგადად გარიგების ნიშან-თვისებები იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც სამკვიდრო მიღების შესახებ გარიგებისათვისაა დამახასიათებელი.

ამდენად, აღნიშნული გარიგება წარმოადგენს ფაქტს, რომლის წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია ასევე მესამე პირს დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, რომლითაც შესაძლებელია განისაზღვროს მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების ფარგლები. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლოში წარმოდგენილ იქნეს ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების ფაქტი, რითაც განისაზღვრება მემკვიდრის უფლებრივი შინაარსი, არ არის აუცილებელი ამის შესახებ მან აღძრას სარჩელი და ასევე მოითხოვოს სამკვიდროს ფლობით მიღების დადასტურება. აღნიშნული მოთხოვნის სარჩელით აღძვრა წარმოადგენს მის უფლებას, რაც დაცულია დისპოზიციურობის პრინციპით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი). კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირს არა აქვს აღძრული სარჩელი დამოუკიდებელი მოთხოვნით, ის უფლებამოსილია, დაადასტუროს მის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი, რითაც განისაზღვრება ამ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფარგლები.

ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები.

ამასთან ერთად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, “სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიქტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.”

უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას აქცევს ამ ნორმის იმ დანაწესს, რომელიც ადგენს, რომ მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ყოველმხრივ, სრულად და ობიქტურად. აღნიშნული დანაწესი მიუთითებს მათი შეფასების ერთობლიობაზე. ყოველი მტკიცებულების ცალ-ცალკე შეფასებით შემდგომ ერთობლივად ფასდება წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც ხელს უწყობს მოსამართლის შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას.

ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში მიუთითებენ ი. კ-იძის მიერ სამკვიდროს ფლობის ან მართვის ფაქტზე, რაც ამ უკანასკნელის მიერ სამკვიდროს მიღებაზე მეტყველებს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ მივიჩნიოთ ი. კ-იძის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი დადგენილად და ამით განვსაზღროთ გ. კ-იძის მიერ აღძრული მოთხოვნის ფარგლები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სს “ს-ის” ქუთაისის ფილიალის 2007 წლის 27 თებერვლის ცნობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინაში ტელეფონი აღრიცხული იყო ი. კ-იძის სახელზე, რომლის სააბონენტო გადასახადების გადახდა აღარ ხორციელდებოდა 2006 წლიდან. აღნიშნული მტკიცებულებით დადგენილი ორი გარემოება (ტელეფონის რეგისტრაციისა და სააბონენტო გადასახადის შეწყვეტის ფაქტი), სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ გადასახადებს იხდიდა ი. კ-იძე. ისმის კითხვა, თუ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები რამდენად სავალდებულოა საკასაციო ინსტანციისათვის და წამოყენებულია თუ არა ამ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ განსახილველი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი) სამკვიდროს მიღებას უკავშირებს ასევე სამკვიდროს ფლობას და მართვას, რასაც ადგილი უნდა ჰქონდეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში. ამასთან ერთად ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდნენ იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით განახორციელა მესაკუთრის ბატონობა და, აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება. მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ი. კ-იძის სახელზე სადავო ბინაში ტელეფონის რეგისტრაცის ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ პირი, რომელიც რეგისტრირებულია აბონენტად, ამ ტელეფონით სარგებლობისათვის დარიცხულ გადასახადებსაც ეს უკანასკნელი იხდის (ამ შემთხვევაში დავალიანების ქვითარზე მითითებული უნდა იყოს პირი, ვის სახელზეც არის დარეგისტრირებული ტელეფონი). აღნიშნული პრეზუმფცია ვრცელდება იქამდე, სანამ არ იქნება დადასტურებული საწინააღმდეგო, ანუ ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ ამ სატელეფონო გადასახადებს იხდიდა არა ი. კ-იძე, არამედ გ. კ-იძე. კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი არ უთითებს და არც საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა ი. კ-იძის მიერ სააბონენტო გადასახადების გადახდის ფაქტს და დაადასტურებდა გ. კ-იძის მიერ აღნიშნული მოქმედებების განხორციელებას. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი არ უთითებს იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც მიუთითებენ ი. კ-იძის მიერ სატელეფონო გადასახადების არარსებობის და ამ გადასახადების გ. კ-იძის მიერ გადახდის ფაქტზე, რომლის შესახებ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა ან არასათანადოთ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული სააბონენტო გადასახადის გადახდით დასტურდება მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი, რადგან აღნიშნული ვალდებულების განხორციელება (თუ საწინააღმდეგო არ იქნება დადასტურებული), მიუთითებს ი. კ-იძის, როგორც მესაკუთრის, უფლებამოსილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. კ-იძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.