Facebook Twitter

ას-63-412-07 17 სექტემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. ქ-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ა. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ქ-ე, მ. ზ-ე (მოპასუხეები)

დავის საგანი – ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ. ქ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ვ. ქ-ის მიმართ და მოითხოვა განქორწინების საქმის გადაწყვეტამდე თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა, მისთვის 5 სული ძროხისა და 150 სული ცხვრის მიკუთვნება და დუშეთის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნახევარზე მესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ სასამართლოს წარმოებაშია საქმე განქორწინების თაობაზე მასა და ვ.ქ-ს შორის. იგი მოპასუხე ვ. ქ-სთან 1999 წლის 11 იანვრიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ შეეძინათ ორი შვილი: ნ. ქ-ე _ დაბადებული ... წლის ... იანვარს და ნ. ქ-ე _ დაბადებული ... წლის ... აპრილს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს შინაური ცხოველები. მეურნეობის ერთად გაძღოლის შედეგად მათმა საერთო რაოდენობამ შეადგინა 300 სული ცხვარი ღირებულებით 24000 ლარი, 10 სული ძროხა ღირებულებით 4000 ლარი, რომლებიც განთავსებულია მისი მეუღლის საცხოვრებელ ადგილას. ერთად ცხოვრების განმავლობაში შეიძინეს 500 ლარის ღირებულების სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საცხოვრებელი ბინა, მდებარე დუშეთის რაიონის სოფელ ... , მართალია მათ ქორწინებამდე იყო აშენებული (კარკასულ მდგომარეობაში), მაგრამ თანაცხოვრების პერიოდში მოხდა ამ ბინის გადაგეგმარება, სარემონტო სამუშაოების ჩატარება, მიშენება და სხვა.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 აგვისტოს განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმული იქნა მ. ზ-ე.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. ქ-ის სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე ვ. ქ-ს მოპასუხისაგან საკუთრებაში გადაეცა 150 სული ცხვარი, ღირებულებით 10500 ლარი, 5 სული ძროხა, საერთო ღირებულებით 1500 ლარი, ერთად შეძენილი საოჯახო ნივთებიდან 1 მაგიდა, ღირებულებით 70 ლარი, 2.5 მ2 ხის მასალა, საერთო ღირებულებით 400 ლარი, 10 პარკი ცემენტი, ღირებულებით 60 ლარი. მას ასევე დაუბრუნდა მზითვის სახით მიტანილი 2 ცალი პლედი ღირებულებით 30 ლარი, თეთრეული ღირებულებით 24 ლარი, ტელევიზორი ღირებულებით 140 ლარი ან მოპასუხეს ვ.ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საერთო თანხის 13000 ლარის ოდენობით დაბრუნება. მოსარჩელე თავის შვილებთან ერთად შესახლებული იქნა მოპასუხეების საცხოვრებელი სახლის ერთ ოთახში, რომელიც საძინებლის სახით მიაშენეს ერთად ცხოვრების პერიოდში და საერთო საკუთრების უფლებით ეკუთვნის მხარეებს.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ქ-მ და მ. ზ-მ. რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ. ქ-მაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ვ. ქ-ის და მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამ საქმეზე დუშეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის ვ. ქ-ისათვის 150 სული ცხვრის, ღირებულებით 10530 ლარი, 5 სული ძროხის, ღირებულებით 1500 ლარი საკუთრებაში გადაცემის, ქორწინების განმავლობაში შეძენილი საოჯახო ნივთების: მაგიდის, ღირებულებით 70 ლარი. 2.5 კვ.მ. ხის მასალის, ღირებულებით 400 ლარი, 10 პარკი ცემენტის, ღირებულებით 60 ლარი მიკუთვნების და მოსარჩელის შვილებთან ერთად მოპასუხეთა საცხოვრებელი სახლის ოთახში შესახლების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ვ. ქ-ს ვ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ქორწინების განმავლობაში შეძენილი საყოფაცხოვრებო ნივთების: მაგიდის ღირებულებით 70 ლარი, 2.5 კვ.მ ხის მასალის, ღირებულებით 400 ლარი, 10 პარკი ცემენტის ღირებულებით 60 ლარი, ღირებულების ნახევარის _ 265 ლარის გადახდა; ვ. ქ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. ქ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინებით ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ვ. ქ-მ 2007 წლის 13 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სარჩელის გამოხმობა და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.

მოპასუხეები დაეთანხმნენ ვ. ქ-ის მოთხოვნას სარჩელის გამოხმობის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა ვ. ქ-ის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე განუხილველად უნდა დარჩეს ვ. ქ-ის სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დროს დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ.

ვინაიდან ვ. ქ-მ განცხადებით მოითხოვა სარჩელის გამოთხოვა და მის აღნიშნულ მოთხოვნას დაეთანხმნენ მოპასუხეები, საკასაციო პალატა თვლის, რომ ვ. ქ-ის მოთხოვნა სარჩელის გამოთხოვის თაობაზე აკმაყოფილებს ზემოღნიშნული ნორმის მოთხოვნას, ვ.ქ-ის სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს და დაუბრუნდეს მოსარჩელეს. შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 650 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლით, 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ქ-ის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებები;

ვ. ქ-ის სარჩელი მოპასუხეების ვ. ქ-ისა და მ. ზ-ის მიმართ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფის თაობაზე დარჩეს განუხილველი.

ვ. ქ-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 650 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.