¹ ას-635-1014-06 23 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ თ. ჯ-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ მ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ შვილად აყვანის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ჯ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.ბათუმის განათლების განყოფილების, ქ.ბათუმის .... მიმართ შვილად აყვანის ბათილად ცნობის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც თ. ჯ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და თ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება თ. ჯ-ის შვილად აყვანის თაობაზე და ქ.ბათუმის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში თ. ჯ-ის შვილად აყვანის სააქტო ჩანაწერი გაუქმდა და მოსარჩელეს აღუდგა მამის _ თ. შ-ის მემკვიდრეობის მიღების უფლება.
სასამართლოს განცხადებით მიმართა თ.შ-ის მეუღლე ნ. მ-მა, რომელსაც სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება, ვინაიდან მოცემული საქმე უკანონოდ იქნა განხილული მისი მონაწილეობის გარეშე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 აპრილის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი, საქმის წარმოება განახლდა, ნ. მ-ი ჩართულ იქნა საქმეში მოპასუხედ და სასამართლო პროცესი დაინიშნა 2006 წლის 24 მაისს. აღნიშნულის შესახებ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ დროს პროცესზე თ. ჯ-ე და მისი წარმომადგენელი მ. ბ-ე არ გამოცხადდნენ. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტს სასამართლო სხდომის დროის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, თუმცა იგი პროცესზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებანი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე თ. ჯ-ის წარმომადგენელმა მ. ბ-მ შეიტანა საჩივარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის განჩინებით ზემოხსენებული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თ. ჯ-ის წარმომადგენელ მ. ბ-ის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა 2006 წლის 24 მაისს სასამართლო სხდომაზე აპელანტი მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან, აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მ. ბ-ე ავად იყო 2006 წლის 22-23 მაისს და წოლით რეჟიმს საჭიროებდა მხოლოდ ერთ დღის განმავლობაში. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე, 233-ე მუხლების დაცვით და, ამავე კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დარჩეს უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. ჯ-მ და მისმა წარმომადგენელმა მ. ბ-მ გაასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ისე მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა, ვინაიდან აპელანტის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით დადასტურდა, რომ თ. ჯ-ის წარმომადგენელი მ. ბ-ე სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს პროცესზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა. 2006 წლის 22 მაისს მ. ბ-ს დაუდგინდა ალიმენტალური ინტოქსიკაცია და დაენიშნა ერთი დღის წოლითი რეჟიმი, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მხარემ ვერც 24 მაისს ვერ შეძლო სახლიდან გამოსვლა და სასამართლოში გამოცხადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჯ-ისა და მის წარმომადგენელ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოში თ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა ნ. მ-ის მიმართ დაინიშნა 2006 წლის 24 მაისს, რის შესახებ მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად განმარტა და გამოიყენა ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი და 241-ე მუხლი, რომელთა თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ზემოხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარს არ დააკმაყოფილებს და მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, თუ მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და თავისი გამოუცხადებლობის შესახებ არასაპატიო მიზეზით არ აცნობა სასამართლოს.
მოცემულ შემთხვევაში 2006 წლის 24 მაისის სასამართლო სხდომაზე აპელანტი და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდნენ. თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მხარე მიიჩნევს თ. ჯ-ის წარმომადგენელ მ. ბ-ის ავადმყოფობას, რის დასადასტურებლად წარმოდგენილ იქნა სამედიცინო ცნობა. აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ მ. ბ-ე ავად იყო და წოლითი რეჟიმი ესაჭიროებოდა 2006 წლის 22-23 მაისს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ცნობა მართებულად არ გაიზიარა და 2006 წლის 24 მაისს საქმის განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არ ჩათვალა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სხდომის დღეს არ გამოცხადდა თავად აპელანტი თ. ჯ-ც, რომლის გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის ცნობილი არ არის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში კასატორებმა თ. ჯ-მ და მისმა წარმომადგენელმა მ. ბ-მ, ისეთი გარემოების არსებობა ვერ დაადასტურეს, რომელიც სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს მათი გამოუცხადებლობის ან გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზად ჩაითვლებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. ჯ-სა და მისი წარმომადგენელ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ჯ-ისა და მის წარმომადგენელ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.