¹ას-635-859-08 26 მარტი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და
გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ვ. ი-იანი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ვ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 25 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ვ. ი-იანმა მოპასუხე ს. ვ-ძის წინააღმდეგ და მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება და 525 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მიკუთვნება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ვ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ. ი-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმში, ... 83-ში მდებარე მიწის ნაკვეთი არის ვ. ი-იანისა და ს. ვ-ძის საერთო საკუთრება. მიწის ნაკვეთზე განლაგებულია შენობები, რომელთაგან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 73,78 კვ.მ. ფართის შენობა ეკუთვნოდა ვ. ი-იანს, ხოლო ლიტერი „კ“ და „უ“, ანუ მიწის ნაკვეთზე არებული შენობების საერთო ფართის 7/15 ნაწილი ს. ვ-ძეს.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ¹660 ბრძანებულების საფუძველზე 2008 წლის 28 აპრილს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ბრძანებით მოხდა ს. ვ-ძის კუთვნილ შენობაზე უნებართვოდ მიშენებული ობიექტის ლეგალიზება, რის შემდეგაც შევიდა ცვლილებები საჯარო რეესტრის მონაცემებში, ამჟამად ს. ვ-ძის საკუთრებაში არის შენობა, საერთო ფართით, 179, 4 კვ.მ.
ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობები მოდავე მხარეთა ინდივიდუალურ საკუთრებაშია, ანუ არ არის თანასაკუთრება.
საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტისა და ექსპერტთა დასკვნების თანახმად, მხარეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული სახლები ერთმანეთთან ფიზიკურადაც არ არის დაკავშირებული, მათ შორის მდებარეობს მიწის ნაკვეთი, რომელიც, ასევე გამიჯნულია ღობით და მხარეები ამ ნაკვეთებით ცალ-ცალკე სარგებლობენ. თითოეულ ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ სახლს გააჩნია დამოუკიდებული მისამართი.
პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით მხარეებს თანასაკუთრებაში აქვთ მხოლოდ სადავო მიწის ნაკვეთი, თუმცა მათი წილები საზიარო საგანზე განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, საქართველოს საომქალაქო კოდექსის 954-ე მუხლის თანახმად, თითოეულ მხარეს საზიარო მიწის ნაკვეთზე ეკუთვნის თანაბარი წილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ი-იანმა.
კასატორის აზრით, ბათუმში, ... 83-ში მდებარე მიწის ნაკვეთი არის მისი და ს. ვ-ძის საერთო საკუთრება.
ამ მიწის ნაკვეთზე განლაგებულია შენობები, რომელთაგან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 73.78 კვ.მ. ფართის შენობა ანუ 8/15 ნაწილი ეკუთვნის ვ. ი-იანს, ხოლო ს. ვ-ძეს 7/15 ნაწილი.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობები წარმოადგენენ მხარეთა ინდივიდუალურ საკუთრებას.
ექსპერტთა დასკვნების თანახმად, მხარეების სახლებს შორის მდებარეობს მიწის ნაკვეთი, რომელიც ასევე გამიჯნულია ღობით და მხარეები ამ ნაკვეთებით ცალ-ცალკე სარგებლობენ.
საჯარო რეესტრის მონაცემებით მხარეებს თანასაკუთრებაში აქვთ სადავო მიწის ნაკვეთი და მათი წილები საზიარო საგანზე არის განსაზღვრული: ვ. ი-იანის წილი შეადგენს 8/15 ნაწილს და მიწის ნაკვეთი 525.8 კვ.მ., ხოლო ს. ვ-ძის სახელზე 7/15 ნაწ. და მიწის ნაკვეთი 470.2 კვ.მ. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ თითქოს მხარეების წილები საზიარო საგანზე არ არის განსაზღვრული საჯარო რეესტრის მონაცემებით არ შეესაბამება საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლი, რომ თითოეულ მხარეს საზიარო მიწის ნაკვეთზე ეკუთვნის თანაბარი წილი. მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის მონაცემებით ვ. ი-იანის სახელზე ირიცხება 8/15 ნაწ. ანუ 525.8 კვ.მ., ხოლო ს. ვ-ძეს 7/15 ნაწილი ანუ 470. 2 კვ.მ. ამიტომ რეალური მიწის ნაკვეთის გაყოფა უნდა მომხდარიყო კუთვნილი ნაწილების მიხედვით და არა თანაბრად.
ასევე კასატორის აზრით, ვ. ი-იანმა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელ მტკიცებულებად სასამართლოსათვის წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ასევე დაასახელა ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მხარეებისათვის არ გახდა სადავო, რომ მათ შორის მდებარე მიწის ნაკვეთი გამიჯნულია ღობით და მხარეები ამ ნაკვეთებით ცალ-ცალკე სარგებლობენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდესდ შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ.ბათუმში ... ქ.83-ში მდებარე 986კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ვ. ი-ინისა და ს. ვ-ძის საერთო საკუთრებას სადავო ტერიტორია რეალურად მოიცავს 991 კვ.მ. ფართს. ასევე პალატამ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით მიწის ნაკვეთზე არსებული შენობები მოდავე მხარის ინდივიდუალურ საკუთრებაშია, ანუ არ წარმოადგენს თანასაკუთრებას. მათი სახლები ერთმანეთთან ფიზიკურადაც კი არ არის დაკავშირებული, ასევე მათ შორის მდებარე მიწის ნაკვეთიც გამიჯნულია ღობით და მხარეები სარგებლობენ ცალ-ცალკე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოერკვია როდიდან სარგებლობდნენ მხარეები მიწის ნაკვეთით ინდივიდუალურად. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ასეთი სახით მიწის ნაკვეთით სარგებლობდნენ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დროისათვის, ამ ნორმატიული აქტის საფუძველზე გამოცხადდნენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად.
სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის თანახმად ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ მოდავე მხარეები სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებისას სარგელობდნენ მათ მიერ გამოყოფილი მიწის ნაკვეთით, ისინი ითვლებიან მესაკუთრეებად და მათი გაყოფა აღნიშნული უფლების გათვალისწინების გარეშე დაუშვებელია. აღნიშნული საკითხი სასამართლოს მიერ გამოკვეული არ არის, რის გამოც შეუძლებელია დავის გადაწყვეტა მითითებული საკითხის გამორკვევის გარეშე.
ამასთან, პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. სასამართლოს მითითებით ვ. ი-იანს ეკუთვნოდა მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ შესაძლებელი იყო საზიარო საგნის თანაბარწილად გაყოფა მისი ღირებულების შემცირების გარეშე. მიწის ნაკვეთი პირველი ინსტანციის სასამართლომ გაყო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. აღნიშნულს ეთანხმებოდა ვ.ი-იანიც ასეთ შემთხვევაში საწინააღმდეგო უნდა დაესაბუთებინა ს. ვ-ძეს. ამასთან, სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობრივია წილების გაყოფის თაობაზეც, რომ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად მიწის გაყოფის შემთხვევაში ერთ-ერთ მოდავე მხარეს გამოეყოფოდა მეორე მხარის კუთვნილი ბინების ნაწილი, მათ შორის მიწაც. როდესაც სასამართლო მიწას არ მიიჩნევს რომელიმე მხარის ინდივიდუალურ საკუთრებად, შეუძლებელია იმაზე საუბარი რომ რომელიმე მხარეს მიეკუთვნა მეორე მხარის კუთვნილი მიწის ნაკვეთი. სასამართლოს ასეთ შემთხვევაში უნდა მიეთითებინა თუ რა ქონება მიეკუთვნა მეორე მხარეს.
ზემოაღნიშენულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, აღნიშნულის გამო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახლა იქნეს განხილული სასამართლოს მიერ.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს მხარეთა მიერ მიწის ნაკვეთის ნაწილებზე ინიდვიდუალურად სარგებლობის ხანგრძლივობა, აგრეთვე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით უნდა განისაზღვროს მიწის ნაკვეთის გაყოფის ან გაუყოფლობის მიზეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ი-იანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.