Facebook Twitter

ას-638-968-07 5 ნოემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შ. ა-ი (მოსარჩელე; მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. და ო. ა-ები (მოპასუხეები: მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

დავის საგანი:

სარჩელში – ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა,

მემკვიდრეობის ფაქტობრივად მიღებულად ცნობა

და მესაკუთრედ ცნობა

შეგებებულ სარჩელში _ ანდერძის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. ა-მა 2004 წლის 11 აგვისტოს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ნ. და ო. ა-ების და მესამე პირი ნოტარიუსი თ.გ-ის მიმართ, მოითხოვა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში და ბინის ჩუქების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, მემკვიდრეობის ფაქტობრივად მიღებულად ცნობა და მესაკუთრედ ცნობა.

ო. ა-მა შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში შ. ა-სა და მესამე პირი დაბა მანგლისის ... მიმართ და მოითხოვა ანდერძის ბათილად ცნობა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით შ. ა-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ო. ა-ს შეგებებული სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი; გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ გამოტანილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 აგვისტოს განჩინება.

შ. ა-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით შ. ა-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შ. ა-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კასატორ შ. ა-ს განესაზღვრა 7 დღიანი ვადა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სახელმწიფო ბაჟის სახით ამ თანხის 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად (ს.ფ. 369-370). 2007 წლის 1 ოქტომბერს კასატორმა საკასაციო სასამართლოს წარმოუდგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით (ს.ფ. 373). ამავე პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით შ. ა-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სახელმწიფო ბაჟის სახით ამ თანხის 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 374-375). ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა შ. ა-ს (ს.ფ. 376). როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინების ასლი შ.ა-ს პირადად ჩაბარდა 2007 წლის 13 ოქტომბერს (ს.ფ. 377).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით; მაგრამ შ. ა-ს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ვინაიდან შ. ა-მა სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზები და არ წარმოადგინა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და საკასაციო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.