¹ას-639-1017-06 15 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე – ნ. თ-ის სარჩელის გამო მოპასუხე შპს “ .. .. ..” მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. თ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს “ .. .. ..” მიმართ და მიუთითა, რომ იგი მუშაობდა შპს “ .. .. ..” ფილიალის “ .. .. ..” შრომისა და ხელფასების ინჟინრის თანამდებობაზე. .. .. .. დირექტორი მას აიძულებდა კანონდარღვევით გამოეწრა ხელფასები თანამშრომლებზე. ის არ დათანხმდა ამ წინადადებას, რის შემდეგაც დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა. 2004 წლის ნოემბერში შპს “ .. .. ..” დაიწყო რეორგანიზაცია, დირექტორმა გააუქმა მისი შტატი და 2005 წლის 11 მარტის ბრძანების საფუძველზე იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან. შპს “ .. .. ..” არცერთ ფილიალში შრომისა და ხელფასების ინჟინრის თანამდებობა არ გაუქმებულა. დირექტორმა პირადი დაინტერესების საფუძველზე გააუქმა მისი შტატი და უკანონოდ დაითხოვა სამსახურიდან. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. თ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის განჩინებით ნ. თ-ის სააპელაციო საჩიავრი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. თ-მა. მან აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამრთლომ არასწორად მიუთითა იმის შესახებ, რომ მას შესთავაზეს სხვა თანამდებობაზ, რაზეც თითქოს მან უარი განაცხადა. იგი ადმინისტრაციას თხოვდა მიეცათ სხვა სამუშაო, მაგრამ უარი განუცხადეს იმ საფუძვლით, რომ დამხმარე მუშის გარდა ვაკანტური თანამდებობა არ იყო. კასატორის აზრით მისის დათხოვნა სამსახურიდან მოხდა უკანონოდ, რაც არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამრთლომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
შპს “ .. .. ..” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე მნიშვნელოვანი საპროცესო ნორმების დარღვევით განიხილა, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, ამიტომ საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.