ას-640-970-07 16 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “ .. ..” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 28 მარტს ნ. ძ-მა სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “ .. ..” მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 17 ივლისიდან, ვადიანი შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, მუშაობდა შპს “ .. ..” ფილიალში “სადგური თბილისის სამგზავრო” ბილეთის მოლარედ, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო ერთი წლით. აღნიშნული ვადა რამდენჯერმდე გაუგრძელდა, ხოლო 2003 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხესთან დაიდო ახალი შრომის ხელშეკრულება 2004 წლის 15 ივლისიდან იმავე წლის 19 სექტემბრამდე, იმავე პირობებით, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ახალი ხელშეკრულება აღარ ითვალისწინებდა მხარეთა შორის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულებდა ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, 2005 წლის პირველი მარტის ¹124/დს ბრძანებით იგი განთავისუფლდა სამსახურიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ძ-მა მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროისათვის ხელფასის ანაზღაურება, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი აღდგენილ იქნა შპს “ .. ..” ფილიალის “სადგურ თბილისი სამგზავროს” ბილეთის მოლარის თანამდებობაზე, მოპასუხეს დაეკისრა ნ. ძ-ის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროისათვის ხელფასის ანაზღაურება ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ .. ..”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით შპს “ .. ..” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ 2004 წლის 10 ივლისს ნ. ძ-მა განცხადებით მიმართა ადმინისტრაციას და მოითხოვა შრომის კონტრაქტის ვადის გაგრძელება, ასევე დაადგინა, რომ ხელშეკრულება გაგრძელდა 2004 წლის 15 ივლისიდან 2004 წლის 15 სექტემბრამდე და იმავე დღეს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო 2004 წლის 15 სექტემბრიდან მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება არ შეწყვეტილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით, ხოლო ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ცალკეული ბრძანებები ვერ განიხილება, როგორც მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების პირობებზე. შესაბამისად, სასამართლომ ნ. ძ-ის სამსახურიდან გათავისუფლება მოპასუხე მხარის მხრიდან უკანონოდ მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ .. ..”, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, შპს “ .. ..” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ .. ..” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “ .. ..” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ .. ..” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 360 ლარის) 70% _ 252 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773078 სახაზინო კოდით ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.