Facebook Twitter

¹ას-641-971-07 10 დეკემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „.. ..“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ მ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე –ნ. წ-ა, ნ. თ-ი, ვ. ქ-ი, მ. პ-ა, თ. გ-ი (მოსარჩელეები)

წარმომადგენელი – ნ. წ-ა

გასაჩივრებული განჩინება–თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 14 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს მოსარჩელეებმა ნ. თ-მა, მ. პ-მ, თ. გ-მა, ნ. წ-მ, ვ. ქ-მა მოპასუხე სს „.. ..ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.

მოსარჩელეები განმარტავენM, რომ არიან შპს „ს...ის“ თანამშრომლები, რომელიც არის ს\კ ს...ს სამართალმემკვიდრე, აღნიშნულმა ორგანიზაციამ ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ უზრუნველყო თანამშრომელთა მიმართ შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება და მათთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

შპს „ს...მა“ 2006 წლის 10 აგვისტოს მათთან დადო ხელშეკრულება ¹2 მოთხოვნის დათმობის შესახებ სს „.. ..ის“ მიმართ 130.799.12 ლარზე. აღნიშნული ხელშეკრებულებით საზოგადოებამ სს „.. ..ის“ მიმართ მოთხოვნის უფლება საკუთრებად გადასცა იმავე სამართლებრივ მდგომარეობაში და იმავე სამართლებრივი შედეგებით, რომელშიც მას ფლობდა. აღნიშნული ხელშეკრულებით სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა მათსა და სს „.. ..ს“ შორის, შესაბამისად არიან სს „.. ..ის“ კრედიტორები.

მოსარჩელეები მოლითხოვენ სს „.. ..ს“ დაეკისროს 120.599.83 ლარის გადახდა მათ სასარგებლოდ ხელშეკრულების 4.2 პუნქტში მითითებულ საბანკო ანგარიშებზე, კერძოდ, ნ. თ-ისათვის 16835.38 ლარის. მ. პ-სათვის 8911.67 ლარის, თ. გ-სათვის 2777 ლარის, ნ. წ-სათვის 46275,78 ლარის, ვ. ქ-სათვის 45,808 ლარის გადახდა.

მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს მათ მიერ მითითებულ თანხებზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის 10.199.29 ლარის გადახდა შპს „ს...-ისათვის“ ამ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე.

მოპასუხე სს „.. ..ს“ წერილობითი შესაგებელი სარჩელზე არ წარმოუდგენია.

2006 წლის 21 ნოემბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა სს „.. ..ის“ წარმომადგენელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელეთათვის 120.559.83 ლარის გადახდა, ხოლო 10.199.29 ლარის შპს „ს...-ის“ ანგარიშზე გადარიცხვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თქვათ უარი.

2006 წლის 5 დეკემბერს აღნიშნული გადაწყვეტილების ნაწილზე, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა საჩივარი წარმოადგინა მოპასუხე სს „.. ..ის“ წარმომადგენელმა მ. მ-მ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის განჩინებით სს „.. ..ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა 2006 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განახლდა.

მოპასუხე სს „.. ..ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. შპს „საქენერგოსა“ და სს „.. ..ს“ შორის სადავო ურთიერთობა წარმოიშვა 1999 წელს. სს ღ.. ..სა“ და შპს „ს...ს“ შორის 2005 წლის 1 მარტს შედგენილი შედარების აქტი არ შეიძლება მიჩნეული იქნას სს „.. ..ის“ მიერ „ს...-ის“ წინაშე გაკეთებულ აღიარებად, ვინაიდან აღნიშნულ აქტს .. ..ის მხრიდან ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი ო. უ-ი სამეწარმეო რეესტრში სს „.. ..ის“ დირექტორა მითითებულია მხოლოდ დანგირას მ-ი და შესაბამისად მხოლოდ იგი იყო სს „.. ..ის“ გენერალური დირექტორის 2004 წლის 8 დეკემბრის ბრძანებით საზოგადოების დირექტორებს აეკრძალათ 100.000 ლარზე ზემოდ არსებული კონტრაქტების მხარედ გამოსვლა. შედარების აქტში მითითებულია 4.843.015.99 ლარის ოდენობით ფულადი თანხა, რაც აღემატება 100.000 ლარს და შესაბამისად ასეთი ღირებულების გარიგების დადების უფლებამოსილება ო. უტიომოვს არ ჰქონდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. წ-ს, ნ. თ-ის, ვ. ქ-ს, მ. პ-ს, თ. გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „.. ..ს“ დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ 120.599.83 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. წ-მ, ნ. თ-მა, ვ. ქ-მა, მ. პ-მ, თ. გ-მა და მოითხოვეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ასევე გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,.. ..ის“ წარმომადგენელმა.

სააპელაციო პალატის 2007 წლის 28 მაისის განჩინებით ნ. წ-ს, ნ. თ-ის, ვ. ქ-ს, მ. პ-ს, თ. გ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ამავე პალატის 2007 წლის 13 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს „.. ..ის“ სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სს „.. ..ს“ შპს „ს...ის“ მიმართ გააჩნია დავალიანება ელექტროენერგიის საფასურის სახით და აღნიშნული დავალიანება წარმოიშვა 1999 წელს.

2006 წლის 10 აგვისტოს მოსარჩელეებს ნ. თ-ს, მ. პ-ს, თ. გ-ს, ნ. წ-ს, ვ. ქ-სა და შპს „ს...-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება ¹2 მოთხოვნის დათმობის შესახებ, რომლითაც შპს „ს...-მა“ სახელფასო დავალიანების დაფარვის მიზნით მოთხოვნის უფლება 130.799.12 ლარზე დაუთმო მოსარჩელეებს შპს „ს...-ის“ მიმართ სს „.. ..ის“ 2005 წლის 1 მარტის შედარების აქტით გათვალისწინებული 4.843.015 ლარიდან. ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მოთხოვნის ახალ მფლობელებზე განაწილდა შემდეგნ.დ: ნ. თ-ი 19131.12 ლარი მ. პ-ა 10126.90, თ. გ-ი 3150 ლარი, ნ. წ-ა 52586 ლარი, ვ. ქ-ი 45805 ლარი.

დადგენილია, რომ 2005 წლის 1 მარტს შპს „ს...-ის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მთავარი ბუღალტრის ნ. ჩ-ის და მეორე მხრივ სს „.. ..ის“ ეკონომიკისა და ფინანსების დარგში დირექტორის ო. უ-ის, მთავარი ბუღალტერის მ. ნ-ის ხელმოწერით და შედგენილი იქნა შედარების აქტი, რომლის თანახმად სს „.. ..ის“ დავალიანებამ შპს „ს-ის“ მიმართ შეადგინა 4.843.0159.99 ლარი.

სააპელაციო პალატის აზრით მოცემულ შემთხვევაში სადავოა ის გარემოება, რომ წარმოადგენს თუ არა 2005 წლის 1 მარტის შედარების აქტი უფლებამოსილი პირის მიერ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებას და შესაბამისად წარმოეშობა თუ არა მოპასუხეს შედარების აქტით აღიარებული ვალდებულების შესრულების მოვალეობა.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით 2005 წლის 1 მარტს, ანუ აქტის შედგენის დროს, სს „.. ..ის“ დირექტორი იყო დანგირას მიკალაიუნასი. დადგენილია, რომ ი. უ-ი, რომელიც წარმოადგენდა სს „.. ..ში“ ფინანსების დარგში დირექტორს, არ იყო ასეთად რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში. ასევე დადგენილია, რომ სს „.. ..ის“ გენერალური დირექტორის 2001 წლის 8 დეკემბრის ბრძანებით საზოგადოების დირექტორებს, მათ შორის ეკონომიკისა და ფინანსების დირექტორს მიეცათ უფლება, მათ დაქვემდებარებაში არსებულ თემებთან დაკავშირებით გამოსულიყვნენ საზოგადოების სახელით ხელშეკრულების მხარედ და ხელი მოეწერათ ხელშეკრულებებზე, რომელთა ფინანსური ღირებულება არ აღემატებოდა 100000 ლარს. საზოგადოების დირექტორებს აეკრძალათ 100 000 ლარზე ზემოთ არსებული კონტრაქტების დადება. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ო. უ-ი, აქტის შედგენის დროს არ წარმოადგენდა საზოგადოების დირექტორს, ანუ ის არ იყო საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, მითუმეტეს, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად, მას აკრძალული ჰქონდა 100 000 ლარზე ზემოთ არსებული კონტრაქტის მხარედ გამოსვლა. აღნიშნული შედარების აქტით კი ო. უ-ის მიერ აღიარებული იქნა დავალიანება შპს „ს...-ის“ მიმართ 4843015.99 ლარის ოდენობით.

მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა, პალატამ მიიჩნია, რომ 2005 წლის 1 მარტის შედარების აქტის საფუძველზე სს ,,.. ..ს“ ეკისრება მოსარჩელეთა წინაშე ვალდებულების შესრულება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია საქართველოს სახალხო ბანკის ამონაწერი ანგარიშიდან, საიდანაც დგინდება, რომ 2005 წლის 1 მარტს შედგენილი ურთიერთშეთანხმების აქტით აღიარებული ვალდებულება სს „.. ..ის“ მიერ შესრულებულია ს. ქ-ის მიმართ. აღნიშნული პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა, როგორც სს „.. ..ის“ მიერ მისი სახელით არაუფლებამოსილი პირის მიერ დადებული გარიგების მოწონება, რაც გაიზიარა სააპელაციო პალატამ. პალატამ განმარტა, რომ მოწონების შემთხვევაში, წარმოდგენილი პირისათვის წარმოიშობა ისეთივე შედეგები, როგორც ამას ადგილი აქვს წარმომადგენლობით უფლებამოსილების შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ მითითებული შედარების აქტის საფუძველზე განახორციელა თანხის გადახდა. აღნიშნული მხარეთა შორის შედარების აქტის ანუ ახალი ხელშეკრულების დადებაზე წარმოდგენილი პირის ანუ სს „.. ..ის“ ხელშეკრულება ანუ შედარების აქტი ნამდვილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „.. ..ის“ წარმომადგენელმა.

კასატორის განმარტებით სასამართლომ გაიზიარა მათი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2005 წლის 1 მარტის ურთიერთშედარების აქტს ხელს აწერდა არაუფლებამოსილი პირი, რადგან მას საზოგადოების დირექტორის მიერ მინიჭებული ჰქონდა უფლება გარიგებაში წარმომადგენლად გამოსულიყო მხოლოდ 100 000 ლარის ფარგლებში, თუმცა შემდგომი, აღნიშნული აქტის შესაბამისად განხორციელებული გადარიცხვა სამოქალაქო კოდექსის 101-ე და 111-ე მუხლების შესაბამისად მიიჩნია გარიგების მოწონებად, როგორც გაცემული თანხმობა, რასაც ისინი ვერ დაეთანხმებიან, რადგან სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭირო იყო წარმოდგენილი პირის ანუ .. ..ის თანხმობა.

კასატორის აზრით პირველ ყოვლისა, გადარიცხვა განხორციელდა სწორედ იმ ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე, რომელიც სასამართლომ არ მიიჩნია აღიარებად და მეორეც, აღნიშნულ ე.წ. თანხმობა გასცა არა გენერალურმა, არამედ ისევ ფინანსურმა დირექტორმა, რომელზეც სასამართლომ იმსჯელა და მიიჩნია, რომ არ იყო უფლებამოსილი პირი ასეთი გარიგების დასადებად, ის, რომ გადარიცხვა ფინანსური დირექტორის მიერ განხორციელდა პროცესზე დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარეც და ეს გარემოება სადავოდ არ ქცეულა. გამოდის, რომ ფინანსური დირექტორის – არაუფლებამოსილი პირის მიერ დადებული გარიგება, მოიწონა არა საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა, როგორც ამას განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსი, არამედ ისევ არაუფლებამოსილმა პირმა, რაც თავისთავად მიაჩნიათ, რომ ვერ იქნება განხილული, როგორც თანხმობა და მოწონება. ამდენად, მათთვის გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა, თუ ერთ შემთხვევაში იგი მიუთითებს, რომ ფინანსური დირექტორი არ არის უფლებამოსილი .. ..ის სახელით დადოს გარიგება 100 000 ლარის ზემოთ და დადებული გარიგება მოწონების გარეშე არ არის ნამდვილი, მეორე შემთხვევაში იგნორირებას უკეთებს ვის მიერ არის განხორციელებული მოწონება, თუ გადარიცხვა უკვე მოწონებაა, მაშინ როდესაც პროცესზე ცალსახად დადგინდა მისი განმახორციელებელი პირი, გაუგებარია, ფინანსური დირექტორი, რომელიც არაუფლებამოსილია ხელი მოაწეროს გარიგებას 100 000 ლარს ზემოთ და შესაბამისად აღიაროს ვალდებულება, როგორც აღმოჩნდა უფლებამოსილი 3000 ლარის გადარიცხვით ეღიარებინა იგივე თანხა. ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 101-ე და 111-ე მუხლები, გადაწყვეტილება ურთიერთწინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელია, შესაბამისად მისი სამართლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებითY მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქმის განხილვისას მხარეთა მიერ წარმოდგენილ იქნა მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა მორიგების აქტის შინაარსის გაცნობის შედეგად თვლის, რომ მხარეთა შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. წ-ს, ნ. თ-ს, მ. პ-ს, თ. გ-ს, ვ. ქ-ს და სს .. ..სა” შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:

1. კრედიტორები თანახმანი არიან სადავო თანხის -120 599,83 (ასოცი ათას ხუთასოთხმოცდაცხრამეტი მთელი და ოთხმოცდასამი მეასედი) ლარის 3619,83 ლარით ნაკლები თანხის 116,980 (ასთექვსმეტი ათას ცხრაასოთხმოცი) ლარის მიღებაზე, მათ მიერვე მოვალისადმი წარდგენილი კრედიტორ ნ. წ-ს გადაწყვეტილებაში მითითებულ შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ,,... ბანკი” ცენტრალური ფილიალი, მფო-220101922. ა/ანგ 301711454, ორთვიანი განაწილვადებით 2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის იანვრის ჩათვლით, კერძოდ კრედიტორი თანახმაა მიიღოს 2007 წლის დეკემბრის ბოლომდე 58490 ლარი, ხოლო 2008 წლის 20 იანვრამდე დარჩენილი 58490 ლარი, რასაც დაემატება წინამდებარე მორიგების მესამე პუნქტით გათვალისწინებული მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 1121, 5 ლარი

2. მოვალე თანახმაა გადაუხადოს კრედიტორებს სადავო თანხაზე 120 599, 83 (ასოცი ათას ხუთასოთხმოცდაცხრამეტი მთელი და ოთხმოცდასამი მეასედი) ლარის 3619, 83 ლარით ნაკლები თანხა -116980 (ასთექვსმეტი ათას ცხრაასოთხმოცი) ლარი კრედიტორის მიერ წარდგენილი კრედიტორ ნ. წ-ს გადაწყვეტილებაში მითითებულ შემდეგ საბანკო ანგარიშზე ,,... ბანკი” ცენტრალური ფილიალი, მფო-220101922. ა/ანგ 301711454, ორთვიანი განაწილვადებით 2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის იანვრის ჩათვლით. კერძოდ მოვალე თანახმაა 2007 წლის დეკემბრის ბოლომდე 58 490 ლარის, ხოლო 2008 წლის 20 იანვრამდე დარჩენილი 58 490 ლარის გადახდაზე, რასაც დაემატება წინამდებარე მორიგების მესამე პუნქტით გათვალისწინებული მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა- 1121,5 ლარი.

3. მხარეები თანხმდებიან მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2243 ლარის თანაბრად განაწილებაზე კერძოდ: მოვალე გადაუხდის კრედიტორს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარს 1121,5 (ათას ას ოცდაერთი მთელი ხუთი მეათედი) ლარს საერთო მორიგების თანხასთან ერთად ზემოაღნიშნულ საბანკო რეკვიზიტზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო, უნდა გაუქმდეს საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.

მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის ღირებულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 6029, 99 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეთა მორიგების შედეგად სასამართლო ხარჯების ოდენობა უნდა განახევრდეს. მოცემულ შემთხვევაში სს ,,.. ..ს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადახდილი 6029, 99 ლარის—ნახევარი-- 3014,99 ლარი, ხოლო აღნისნული თანხის ნახევრის მოსარჩელთაგან მიღებაზე სს ,,.. ..ი” უარს აცხადებს. ამიტომ როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ მას უნდა დაუბრუნდეს მითითებული 3014,99 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის - 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. წ-ს, ნ. თ-ს, მ. პ-ს, თ. გ-ს, ვ. ქ-ს და სს .. ..ს” შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი სახით:

ა. კრედიტორები თანახმანი არიან სადავო თანხის -120 599,83 (ასოცი ათას ხუთასოთხმოცდაცხრამეტი მთელი და ოთხმოცდასამი მეასედი) ლარის 3619,83 ლარით ნაკლები თანხის 116,980 (ასთექვსმეტი ათას ცხრაასოთხმოცი) ლარის მიღებაზე, მათ მიერვე მოვალისადმი წარდგენილი კრედიტორ ნ. წ-ს გადაწყვეტილებაში მითითებულ შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ,,... ბანკი” ცენტრალური ფილიალი, მფო-.... ა/ანგ ..., ორთვიანი განაწილვადებით 2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის იანვრის ჩათვლით, კერძოდ კრედიტორი თანახმაა მიიღოს 2007 წლის დეკემბრის ბოლომდე 58490 ლარი, ხოლო 2008 წლის 20 იანვრამდე დარჩენილი 58490 ლარი, რასაც დაემატება წინამდებარე მორიგების მესამე პუნქტით გათვალისწინებული მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 1121, 5 ლარი

ბ. მოვალე თანახმაა გადაუხადოს კრედიტორებს სადავო თანხაზე 120 599, 83 (ასოცი ათას ხუთასოთხმოცდაცხრამეტი მთელი და ოთხმოცდასამი მეასედი) ლარის 3619, 83 ლარით ნაკლები თანხა -116980 (ასთექვსმეტი ათას ცხრაასოთხმოცი) ლარი კრედიტორის მიერ წარდგენილი კრედიტორ ნ. წ-ს გადაწყვეტილებაში მითითებულ შემდეგ საბანკო ანგარიშზე ,,... ბანკი” ცენტრალური ფილიალი, მფო-220101922. ა/ანგ 301711454, ორთვიანი განაწილვადებით 2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის იანვრის ჩათვლით. კერძოდ მოვალე თანახმაა 2007 წლის დეკემბრის ბოლომდე 58 490 ლარის, ხოლო 2008 წლის 20 იანვრამდე დარჩენილი 58 490 ლარის გადახდაზე, რასაც დაემატება წინამდებარე მორიგების მესამე პუნქტით გათვალისწინებული მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა- 1121,5 ლარი.

გ. მხარეები თანხმდებიან მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2243 ლარის თანაბრად განაწილებაზე კერძოდ: მოვალე გადაუხდის კრედიტორს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარს 1121,5 (ათას ას ოცდაერთი მთელი ხუთი მეათედი) ლარს საერთო მირიგების თანხასთან ერთად ზემოაღნიშნულ საბანკო რეკვიზიტზე.

2. დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სს ,,.. ..ს” მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი---3014. 99 ლარის ოდენობით

3. გაუქმდეს საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ იგივე მხარეებს შორის იგივე დავაზე სასამართლოსათვის მომართვა დაუშვებელია.

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.