ას-642-1019-06 27 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძესხდომის მდივანი _ გ.სუპატაშვილი
კასატორი – .. .. .. (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ლ. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ბ...” (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ი. კ-ე, ი მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისისა 26 ივნისის განჩინებები
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ დავალიანების გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ბ...მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის .... მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დავალიანების ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2004 წლის 22 აპრილსა და 3 მაისს მხარეთა შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 6238 ლარის ღირებულების 7296 ლიტრი დიზელის საწვავი და და 8810 ლარის ღირებულების 8962 ლიტრი ბენზინი. მითითებული გარემოება დასტურდება 2004 წლის 22 აპრილის ¹13, ასევე 2004 წლის 3 მაისის ¹14 მინდობილობებითა და წერილობითი მოთხოვნებით. მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და პროდუქციის ღირებულება საზოგადოებისათვის არ გადაუხდია. სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 483-ე და 361-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა 15048 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის .... არასათანადო მოპასუხეა და სადავო დავალიანების ანაზღაურება არ უნდა დაეკისროს, ვინაიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დათხოვნისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 მაისის ¹151 ბრძანებულებისა და “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის ადმინისტრაციის აპარატის გაუქმების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 8 მაისის დადგენილების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტი, პარლამენტის აპარატი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის ადმინისტრაციის აპარატი დათხოვნილ იქნა, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის და არა მეთაურის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრეა. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... 2005 წლის ბიუჯეტში გასული წლების დავალიანებების დასაფარი თანხები გათვალისწინებული არ ყოფილა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 მაისის ¹151 ბრძანებულების მე-14 მუხლის თანახმად, დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სახსრების გამოყოფა უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... შპს “ბ...ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2004 წლის აპრილში, მაისსა და ივნისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის ადმინისტრაციისა და დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს მიერ მიღებული დიზელის საწვავის ღირებულების _ 6238 ლარის, ასევე ბენზინის ღირებულების _ 8810 ლარის, სულ _ 15048 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2006 წლის 7 ივნისის განჩინებით არასათანადო მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... ნაცვლად, საქმეში სათანადო მოპასუხეებად 6238 ლარის დაკისრების ნაწილში ჩართო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მ..., ხოლო, 8810 ლარის დაკისრების ნაწილში _ .. .. .. .
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინებით გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში 2001 წლის 7 ივლისს შეტანილი ცვლილებების შედეგად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური წარმოადგენდა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს, ხოლო მოქმედი კონსტიტუციის 64-ე მუხლის შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. სასამართლომ მიუთითა .. .. .. განმარტებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 მაისის ¹151 ბრძანებულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტი დათხოვნილ იქნა და დამყარდა პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა, ამასთან, დაინიშნა პრეზიდენტის რწმუნებული, რომელიც ახორციელებდა პრეზიდენტის მმართველობას და იყო დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს წევრი, ამავდროულად ხელმძღვანელობდა მას, ხოლო რწმუნებულის გადაწყვეტილებათა შესრულების უზრუნველყოფად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 77-ე მუხლის შესაბამისად, პრეზიდენტის უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს .. .. .. , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პირდაპირი სახელმწიფო მმართველობისას ხორციელდებოდა პრეზიდენტის მმართველობა. როგორც დროებითი საპრეზიდენტო საბჭო, ისე დროებითი .. .. .. ემორჩილებოდა პრეზიდენტს და მათ საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებდა .. .. .. მისი უფროსის მეშვეობით. სასამართლომ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდა არასათანადო მხარის მონაწილეობით და სათანადო მოპასუხეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება .. .. .. გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა 2006 წლის 7 ივნისისა და ამავე წლის 26 ივნისის განჩინებების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება სათანადო მოპასუხედ .. .. .. ჩართვის თაობაზე. სადავო 8810 ლარის დაკისრების ნაწილში საქმიდან თავდაპირველი მოპასუხე ამოირიცხა მხარის თანხმობის გარეშე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის დარღვევით. სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლი. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 მაისის ¹151 ბრძანებულების მე-14 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დროებითი საპრეზიდენტო საბჭოსა და დროებითი ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სახსრების გამოყოფის უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს ფ...ს. ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობაში, რომელიც დროებით საპრეზიდენტო საბჭოსა და დროებითი ადმინისტრაციის ფინანსურ ვალდებულებებს ეხება, სათანადო მოპასუხედ უნდა ჩაითვალოს საქართველოს ფ... . ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ¹151 ბრძანებულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნა პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა. ასევე შეიქმნა პრეზიდენტის დროებითი ადმინისტრაცია, რომლის საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა რწმუნებულის მიერ მასზე დაკისრებული ამოცანების ეფექტურად შესრულებისა და მისი საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკური და ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ამდენად, ზემოხსენებული ბრძანებულებით შეიქმნა დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობდა სახელმწიფო რწმუნებული, მას ემორჩილებოდა პრეზიდენტის დროებითი ადმინისტრაცია და აღნიშნული ორგანო .. .. .. უწყებრივად არ ექვემდებარებოდა, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, .. .. .. უფროსს მასზე პირდაპირი კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება, როგორც აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, არ გააჩნდა. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის თანახმად, .. .. .. კონსტიტუციური ორგანოა, მისი სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის ¹562 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით, რომელიც .. .. .. სტრუქტურაში დროებით საპრეზიდენტო საბჭოს არ ითვალისწინებს და .. .. .. უფროსს საპრეზიდენტო საბჭოს კონტროლის უფლებამოსილებას არ ანიჭებს. დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს შექმნის სამართლებრივი საფუძველია “პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ” კანონის მე-61 მუხლი, რომლის თანახმად იგი წარმოადგენს .. .. .. დამოუკიდებელ ორგანოს. ამჟამად დროებითი საპრეზიდენტო საბჭო ლიკვიდირებულია და “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის ¹39 დადგენილების მე-3 მუხლის “ზ”, “კ” და “რ” ქვეპუნქტების დანაწესებიდან გამომდინარე, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ დავებში მოპასუხედ საქართველოს ფ... უნდა ჩაითვალოს. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილევლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არასათანადო მოპასუხის შეცვლისა და კასატორის სათანადო მოპასუხედ ჩართვის თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონის მოთხოვნა და არასწორად გამოიყენა კანონი, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამავე კოდექსის მე-3 და 178-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხის დასახელება წარმოადგენს სარჩელის შემტანი პირის უფლებას ანუ მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს, თუ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მისი დარღვეული უფლებისათვის, თუმცა შესაძლებელია, სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილი იყოს არასათანადო მხარის _ მოპასუხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს მისი სათანადო მხარით შეცვლის თაობაზე.
საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ არასათანადო მხარის შეცვლა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში მიზანშეუწონელია ამ ინსტანციებში საქმეთა განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და იურიდიული თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზედაც დამყარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე. აღნიშნულით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დამკვიდრებულია არასრული(შეზღუდული) აპელაციის სახე, რა დროსაც სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა შემოწმდეს. საქმის წარმოების ამ ეტაპზე ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენას კანონი მხოლოდ განსაზღვრული პირობების არსებობისას უშვებს(სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი), შესაბამისად, კანონის ეს დანაწესი განაპირობებს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს, რაც არ მოიცავს გადაწყვეტილი დავის ხელახალი განხილვის შესაძლებლობას ან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შესრულებული საპროცესო მოქმედებების განმეორების შესაძლებლობას. თუკი პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა არასათანადო მოპასუხისადმი მოსარჩელის მიმართ წარდგენილი მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა, ასეთი გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად დაუსაბუთებელი იქნება და იგი უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო თუკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია არასათანადო მხარის მიმართ, მან უნდა იმსჯელოს ამ გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა _ გააუქმოს გადაწყვეტილება და თვითონ არა იმსჯელოს თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე.
მოცემულ შემთხვევაში დავაში მოპასუხედ ჩართული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... საქმის ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვისას უარყოფდა მის სათანადოობას და სააპელაციო საჩივარშიც ამავე გარემოებაზე აპელირებდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა გადაწყვეტილების დასაბუთებულობაზე და თუკი მიიჩნევდა, რომ გადაწყვეტილება არასათანადო მოპასუხის მიმართაა გამოტანილი, გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა და ახალი გადაწყვეტილებით არ დაეკმაყოფილებინა სარჩელი ან საქმე ხელახლა განსახილველად დაებრუნებინა სასამართლოსათვის. რაც შეეხება სათანადო მოპასუხეს, მის მიმართ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი საერთო წესით. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში არასათანადო მხარის შეცვლა სათანადოთი მიზანშეწონილი არ არის.
ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით სათანადო მოპასუხედ ჩართო რა .. .. .. , არ იმსჯელა ამ ორგანოს სტრუქტურისა და საქმიანობის განმსაზღვრელ ნორმატიულ აქტებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა .. .. .. სათანადო მოპასუხედ მიჩნევის თაობაზე არსებითადაც დაუსაბუთებელია.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც აღნიშნული განჩინებები უნდა გაუქმდეს და გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში მითითებულ კანონდარღვევათა აღმოსაფხვრელად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
.. .. .. წარმომადგენელ ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისისა და 26 ივნისის განჩინებები გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.