Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-642-972-07 20 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. და მ. ჩ-იანები (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ი-ული (მოპასუხე)

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება ან ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. და მ. ჩ-იანებმა 2003 წლის აპრილში სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე ნ. ი-ულის მიმართ და მოითხოვეს ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზიანებული ავეჯის რესტავრაციის დაკისრება მოპასუხისათვის მისი ხარჯებით. მოსარჩელეებმა თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ 2003 წლის 22 იანვარს მოპასუხის სახლს გაუჩნდა ხანძარი. ხანძარმა მთლიანად დაწვა მოპასუხის სახლი, დაიწვა მოსარჩელის სხვენი და ნაწილობრივ შუშაბანდი. ხანძარმა და მეხანძრეთა წყლის ჭავლმა დააზიანა დამწვარი სახლის მომიჯნავე კედელი, სახლის შიდა ინტერიერი და ნივთები. იმის გამო, რომ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ, სასწრაფოდ აღადგინეს შუშაბანდი და სახურავი, გასწიეს 3129 ლარის ოდენობის ხარჯები. დაზიანებული კედლის აღსადგენად და შიდა სამუშაოებისათვის ესაჭიროება 1250 ლარის ოდენობის თანხა. მოსარჩელეებმა თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითეს სამოქალაქო კოდექსის 409-ე, 992-ე და 1001-ე მუხლები, რომელთა საფუძველზეც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 4379 ლარის ოდენობით, ასევე დაზიანებული ავეჯის რესტავრაციის დაკისრება მოპასუხისათვის მისი ხარჯებით.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. და მ. ჩ-იანებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ-მა.

მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ. ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით გ. ჩ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1001-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება იმ პირისათვის მიყენებული ზიანი, რომელსაც ხანძრის გაჩენაში ბრალეული პირის მოქმედებით მიადგა ზიანი. ზიანის ანაზღაურება ეკისრება იმ პირს, რომელსაც ბრალი მიუძღვის ხანძრის გაჩენაში. ამ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს ბრალეული პირის განზრახვა ან უხეში გაუფრთხილებლობა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003 წლის 22 იანვარს 22 საათსა და 30 წუთზე ხანძარი გაჩნდა ...ის ქ. ¹26-ში მდებარე კერძო მფლობელობის საცხოვრებელ სახლში, რომელიც ეკუთვნის ნ. ი-ს და რომელშიც ქირით ცხოვრობდა ლ. ხ-შვილი. ხანძრის შედეგად დაიწვა ნ. ი-ულის საცხოვრებელი ბინა 120 კვ.მ ფართით. ნ. ი-ულის ბინიდან ხანძარი გადავიდა მის გვერდით მცხოვრებ მ.ჩ-იანის ბინაზე, რომელიც დაიწვა ნაწილობრივ, კერძოდ, სახლის სხვეენი და ნაწილობრივ შუშაბანდი. ასევე ცეცხლმა და მეხანძრეთა წყლის ჭავლმა დააზიანა დამწვარი სახლის მომიჯნავე კედელი, სახლის შიდა ინტერიერი და ნივთები. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე ხანძრის გაჩენის ყველაზე სავარაუდო მიზეზად მიჩნეულია ელ.სადენებში მოკლე ჩართვა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ ხანძრის მიზეზების შესახებ საკითხის გადასაწყვეტად 2004 წლის 29 იანვარს დანიშნა ექსპერტიზა. სპეციალისტის დასკვნის შესაბამისად, ჩატარებული კვლევის შედეგების, ხანძრის ადგილის დათვალიერების და ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზია მოკლე ჩართვა ელ.სადენებში, რომლებიც განთავსებული იყო ხანძრის გაჩენის სავარაუდო კერის მიდამოებში. ამავე დასკვნის შესაბამისად, მოკლე ჩართვის მიზეზი თეორიულად შეიძლება იყოს ელ.სადენებში იზოლაციის მექანიკური დაზიანება, ელ.ქსელის შეუსაბამობა მაღალი სიმძლავრის ელ.მომხმარებლის ჩართვისას, სიძველის, უხარისხობის ან გარემოს მავნე ზემოქმედების შედეგად დაზიანებული იზოლაცია, ცუდი მონტაჟი, მაღალი ძაბვა ელ.ქსელში, ტექნიკურად გაუმართავი ელ.აპარატურის გამოყენება, ღია ცეცხლის მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება იზოლაციაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მის მიერ თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილებიდან გამოთხოვილი იქნა ნ. ი-ლის საცხოვრებელი სახლის ხანძართან დაკავშირებით მოკვლეული მასალები. აღნიშნულ საქმეში წარმოდგენილია 2003 წლის 22 იანვრის ხანძრის შესახებ აქტი, საიდანაც დგინდება, რომ ხანძრის გაჩენის ადგილია საცხოვრებელი სახლის სამზარეულო. შემთხვევის (ხანძრის) ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ ოთახების დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ ხის საყრდენზე დამაგრებული იყო ყოველგვარი ელექტრონორმებისა და წესების დარღვევით ჩამრთველები, გამომრთველები და შემაერთებლები. უწესრიგობა დაჭიქსირდა გარე ელექტროგაყვანილობაზეც. ხანძრის წარმოშობის უბანს არ მიეწოდებოდა გაზი და დატვირთვა მთლიანად ხდებოდა ელექტრო ხაზებზე, რის საფუძველზეც სავარაუდოდ მიჩნეულ იქნა, რომ სწორედ აღნიშნული უნდა ყოფილიყო ხანძრის გაჩენის მთავარი მიზეზი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე 2003 წლის 5 თებერვლის სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ¹20 დადგენილებაზე, რომლითაც დადგინდა, რომ ხანძარი გაჩნდა ფიზკულტურის ქ. ¹26-ში ბარაკული ტიპის ბინაში, რომელშიც ცხოვრობდა ლ.ხ-შვილი და რომელიც ეკუთვნის ნ.ი-ულს. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად იკვეთება ელ.ხაზების მოკლე ჩართვა, რაც გამოწვეულია ელ.ხაზების გადატვირთვით და რასაც არ უარყოვენ მობინადრეები. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ი-ულის ბრალეული მოქმედება ხანძრის გაჩენაში არ დგინდება, ვინაიდან ხანძრის გაჩენის დროს, რომლის გამომწვევ მიზეზად სარაუდოდ დადგენილია ელ.ხაზების გადატვირთვა, ნ. ი-ული აღნიშნულ ბინაში არ ცხოვრობდა, შესაბამისად, ხანძრის გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე, ბრალეული პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ბინით მოსარგებლე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს გ. და მ. ჩ-იანებმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება ან ახალი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორების მითითებით, მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაში მითითებულია, რომ საკითხის განსახილველად მოპასუხეს მიუძღვის თუ არა ბრალი ხანძრის გაჩენაში არსებითია დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები მოკლე ჩართვის ადგილმდებარეობის მიხედვით მომხმარებლისა და ელექტროენერგიის მიმწოდებლის „ეი-ი-ეს თელასის“ პასუხისმგებლობის ფარგლები. ფაქტიურად საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ არ გაიზიარა ვაკე-საბურთალოს რაიონული და თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 1001-ე მუხლის შეფასებითი ინტერპრეტაცია და პირდაპირ მიუთითა ქვემდგომ სასამართლოს, რომ ხანძრის გაჩენის ადგილის მიხედვით უნდა მოხდეს ბრალეულობის საკითხის განსაზღვრა და პასუხისმგებლობის ფარგლების გადაწყვეტა. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ფაქტიურად არ გაიზიარა ზემდგომი სასამართლოს მიერ კანონის განმარტება და მითითება. კასატორებმა მიუთეს, რომ მათი საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების საფუძველზე. კასატორებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ იგივე მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეცვალა მოსაზრება ხანძრის გამომწვევი მიზეზის შესახებ, იგი პრაქტიკულად არარსებულ მიზეზებზე დაყრდნობით შეცვალა მოსაზრება ხანძრის გამომწვევი მიზეზის შესახებ, იგი წინააღმდეგობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებასთან და პრაქტიკულად არარსებულ მიზეზებზე დაყრდნობით გამორიცხა მოპასუხის ბრალეულობა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ჩატარებული ექსპერტქიზის დასკვნის მიხედვით, მათ ხელთ არსებულ მასალებზე დაყრდნობით სახანძრო-საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია. ჩატარებული კვლევების შედეგების, ხანძრის ადგილის დათვალიერების, სპეციალისტის ხელთ არსებული მასალების საფუძველზე სავარაუდოა, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზია მოკლე ჩართვის მოვლენა ელ.სადენებში, რომელიც განთავსებული იყო ხანძრის სავარაუდო კერის მიდამოებში. ამის გარდა, სპეციალისტმა მოსამართლეს განუმარტა, რომ მოკლე ჩართვის გამომწვევი მიზეზის განსაზღვრა სცილდება მათი კომპეტენციის ფარგლებს. კასატორებმა მიუთითეს, რომ ის გარემოება, რომ სადენების დნობა შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო თერმული გზით, ჯერ კიდევ 2003 წლის 3 თებერვალს გაცემულ დასკვნაში პასუხისმგებელმა სპეციალისტმა შეფასება მისცა ორი სადენის ურთიერთობას და დაასკვნა, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზია მოკლე ჩართვა და არა ხანძარი მოკლე ჩართვის მიზეზი. სასამართლომ მოკლე ჩართვა ამოიღო ხანძრის გამომწვევი მიზეზებიდან და მიზეზად მიუთითა ქსელის გადატვირთვა. ქსელის გადატვირთვის მიზეზად მითითებისას ისინი თითქოს არ ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებას, ასეთ შემთხვევაში მათთვის ადვილი იყო ემტკიცებინათ ნ.ი-ულის უდანაშაულობა, რადგან ბინაში მდგმური ნ.ხ-შვილი ცხოვრობდა. კასატორების მითითებით, 2003 წლის 3 თებერვლის დასკვნაში ქსელის გადატვირთვა არ არის მითითებული და ელ.გაყვანილობის წესრიგში ყოფნის შემთხვევაში, რაც მოპასუხე ნ.ი-ულს ევალებოდა, სადენების ზღვრულ ოდენობამდე დატვირთვისთანავე უნდა ჩართულიყო ამომრთველები, რომლებიც ენერგიის დატვირთვისთანავე უნდა ჩართულიყო ამომრთველები, რომლებიც ენერგიის მიწოდების შეწყვეტით გამორიცხავდნენ გადატვირთვას. კასატორებმა მიუთითეს, რომ მოკლე ჩართვის გამომწვევი მიზეზი ხანძრის გაჩენის ადგილიდან ანუ ნ.ი-ულის სამზარეულოდან იყო სადენების გაყვანის ტექნიკური პირობების დარღვევა. არავინ არ უარყოფს, რომ ადგილი ჰქონდა სპილენძისა და ალუმინის ელ.სადენების კომპოზიციას, რაც ჯსაფრთხოების წესების სერიოზულ დარღვევად მიიჩნევა, არ იყო ამომრთველები, ადგილი ჰქონდა დაბალი გამტარობის სადენებით ელექტრო ქსელის გაყვანასქ რაც ასევე სწრაფი დაზიანების წყაროა. კასატორების მოსაზრებით, მოცემულ საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც ზემოხსენებულს გააბათილებდა. ასეთ შემთხვევაში კი სადენების და ელ.გაყვანილობის მოუწესრიგებლობაში ბრალეულია ბინის მესაკუთრე ანუ საქმეში მოპასუხედ მითითებული ნ.ი-ული. ამ შემთხვევაში მოსარჩელისათვის მნიშვნელობა არა აქვს ელექტროგამაცხელებელი ჩართო მდგმურმა, მეზობელმა თუ სტუმრად მყოფმა ადამიანმა. ხანძრის გაჩენისათვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმას, ვისი ბრალეული ქმედებითაც გაჩნდა ხანძარი ანუ ვისაც ევალებოდა წესრიგში ჰქონოდა ელ.გაყვანიოლობა, სწორედ ამიტომ მიუთითა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს, რომ დაედგინა ხანძრის გაჩენის ადგილი, რადგან თუ ხანძარი ელექტრომრიცხველამდე იქნებოდა გაჩენილი, შესაძლოა სს „.. ..-ის“ პასუხისმგებლობა დამდგარიყო, რადგან ის იყო ვალდებული წესრიგში ჰქონოდა გაყვანილობა ელ.მრიცხველამდე, ხოლო რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში მოკლე ჩართვით ხანძრის გაჩენას, ამ შემთხვევაში ბრალეულია მხოლოდ და მხოლოდ სახლის მეპატრონე, ვინც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შედეგებზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2003 წლის 22 იანვარს 22.30 საათზე ხანძარი გაუჩნდა ... ქ.¹26-ში მდებარე ნ. ი-ულის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ქირით ცხოვრობდა ლ. ხ-შვილი. ხანძრის შედეგად დაიწვა ნ. ი-ულის საცხოვრებელი ბინა 120 კვ.მ ფართით. ნ. ი-ულის ბინიდან ხანძარი გადავიდა მის გვერდით მცხოვრებ მ.ჩ-იანის ბინაზე და დაიწვა სახლის სხვენი და ნაწილობრივ შუშაბანდი. ცეცხლმა და მეხანძრეთა წყლის ჭავლმა დააზიანა დამწვარი სახლის მომიჯნავე კედელი, სახლის შიდა ინტერიერი და ნივთები.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სახანძრო-საინჟინრო ექსპერტიზა დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს ინიციატივით და ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დაისვა შემდეგი კითხვები: რა მიზეზით არის გამოწვეული ქ.თბილისში, ... ქ.¹26-ში ნ.ი-ულის ბინაში გაჩენილი ხანძარი; გამოწვეულია თუ არა ხანძარი მოკლე ჩართვით და რა შეიძლება იყოს მოკლე ჩართვის მიზეზი. სპეციალისტის 2004 წლის 12 მარტის დასკვნის შესაბამისად ჩატარებული კვლევის შედეგების, ხანძრის ადგილის დათვალიერების და ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მითითებული იქნა მოკლე ჩართვის მოვლენა ელ.სადენებში, რომლებიც განთავსებული იყო ხანძრის სავარაუდო კერის თეორიულად შესაძლებელია იყოს: ელ.სადენების იზოლაციის მეტაქნიკური დაზიანება; ელ.ქსელის შეუსაბამობა მაღალი სიმძლავრის ელ.მომსახურებლის ჩართვისას; სიძველის, უხარისხობის ან გარემოს მავნე ზემოქმედების შედეგად დაზიანებული ზოლაცია; ცუდი მონტაჟი; მაღალი ძაბვა ელ.ქსელში; ტექნიკურად გაუმართავი ელ.აპარატურის გამოყენება, ღია ცეცხლის მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება იზოლაციაზე. სპეციალისტის დასკვნაში მითითებული იქნა, რომ მოკლე ჩართვის გამომწვევი კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა სცილდება მათი კომპეტენციის ფარგლებს (ს.ფ. 73).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულია, რომ თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილებიდან ნ. ი-ულის საცხ-ოვრებელი სახლის (სადაც წარმოდგენილია 2003 წლის 22 იანვრის ხანძრის შესახებ აქტი) დგინდება, რომ ხანძრის გაჩენის ადგილია საცხოვრებელი სახლის სამზარეულო. ოთახების დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ ხის საყრდენზე დამაგრებული იყო ყოველგვარი ელექტრონორმებისა და წესების დარღვევით ჩამრთველები, გამომრთველები და შემაერთებლებიბ უწესრიგობა დაფიქსირდა გარე ელექტროგაყვანილობაზეც. ხანძრის წარმოშობის დროს უბანს არ მიეწოდებოდა გაზი და დატვირთვა მთლიანად ხდებოდა ელექტრო ხაზებზე, რის საფუძველზეც სავარაუდოდ მიჩნეული იქნა, რომ სწორედ აღნიშნული უნდა ყოფილიყო ხანძრის გაჩენის მთავარი მიზეზი (ს.ფ. 144). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2003 წლის 5 თებერვლის სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ¹20 დადგენილებით დადგინდა, რომ ხანძარი გაჩნდა ფიზკულტურის ქ.¹26-ში ბარაკული ტიპის ბინაში, რომელშიც ცხოვრობდა ლ.ხ-შვილი და რომელიც ეკუთვნის ნ. ი-ულს. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად იკვეთება ელ.ხაზების მოკლე ჩართვა, რაც გამოწვეულია ელ.ხაზების გადატვირთვით და რასაც არ უარყოფენ მობინადრეები. სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე ასევე მიიჩნია, რომ ნ. ი-ულის ბრალეული მოქმედება ხანძრის გაჩენაში არ დგინდება, ვინაიდან ხანძრის გაჩენის დროს, რომლის გამომწვევ მიზეზად სავარაუდოდ დადგენილია ელ.ხაზების აგდატვირთვა, ნ. ი-ული აღნიშნულ ბინაში არ ცხოვრობდა, შესაბამისად, ხანძრის გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე, ბრალეული პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ბინით მოსარგებლე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თუ სააპელაციო სასამართლო ჩათვლიდა, რომ ნ.ი-ულს არ მიუძღოდა ბრალი ხანძრის გაჩენაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით უნდა დაესაბუთებინა, რა მოსაზრებით უარყო მოცემულ საქმეზე დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჩამრთველების, გამომრთველების და შემაერთებლების ხის საყრდენზე ყოველგვარი ნორმებისა და წესების დარღვევით დამაგრებაში, ასევე გარე ელექტროგაყვანილობაზე დაფიქსირებულ უწესრიგობაში, ბრალი არ მიუძღვოდა ნ.ი-ულს, როგორც სახლის მესაკუთრეს. ასევე არ გამოარკვია, ვინი იყო პასუხისმგებელი ყოველივე ზემოაღნიშნულის გამართულ მდგომარეობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა დაედგინა ნ.ი-ულის ბრალეულობის საკითხი და აღნიშნულის შესაბამისად უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 1001-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად ხანძრის ჩაქრობის, მეზობელ ბინებსა და ნაგებობებზე მისი გავრცელების თავიდან აცილების დროს სხვა პირებისათვის მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს იმ პირმა, რომელმაც ბრალი მიუძღვის ხანძრის გაჩენაში.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. და მ. ჩ-იანების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.