¹ას-644-866-08 26 ნოემბერი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ბ. ბ-ური
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ური
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
ბ. ბ-ურმა სარჩელი აღძრა ნ. ბ-ურის მიმართ მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობის აღკვეთის, მოპასუხის მხრიდან მიწის ნაკვეთის გამიჯვნისა და სასაზღვრო მიჯნის აღმართვის შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2003 წლის 8 აპრილს დედის _ ა. ბ-ურის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო მისი საცხოვრებელი სახლი და 1762 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე ბორჯომის რაიონის დაბა ........ , რაც დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში 2003 წლის 11 აპრილს. მოპასუხე ცხოვრობს მის მეზობლად მისი მეუღლის მიერ 1981 წელს შეძენილ საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს 500 კვ.მ მიწაზე. აღნიშნულ სახლზე 1990 წელს გაცემული ტექპასპორტით საცხოვრებელი სახლი აშენებულია 617 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ხოლო საკადასტრო მონაცემებით მის საკუთრებაში აღრიცხული საკარმიდამო მიწა შეადგენს 630 კვ.მ-ს. მოსარჩელე ბ. ბ-ურის საკუთრებაში არსებული 1762 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან იგი სარგებლობს მხოლოდ 1663, 3 კვ.მ-ით. დარჩენილი 98,5 კვ.მ-ით კი სარგებლობს მოპასუხე.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ბ-ურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბ. ბ-ურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ. ბ-ურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ბ. ბ-ურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის განჩინებით ბ. ბ-ურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლო 17 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ბ. ბ-ურმა. მან მიუთითა, რომ სასამართლო პროცესის თაობაზე მისთვის და მისი წარმომადგენლისათვის ცნობილი იყო, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. სასამართლო პროცესზე იგი ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო, ხოლო მის წარმომადგენელს ახლო ნათესავი გარდაეცვალა. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ არ ჩათვალა აღნიშნული გარემოებები საპატიოდ და არასწორად გამოიტანა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ბ. ბ-ურის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დადგენილია, რომ მოცემული საქმის განხილვა დაინიშნა 2008 წლის 17 მარტს. მხარეები გაფრთხილებულ იქნენ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტი ბ. ბ-ური, ასევე არ გამოცხადდდა მისი წარმომადგენელი კ. ნ-შვილი, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ.129). აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ბ. ბ-ურმა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ საპატიო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, კერძოდ, აპელანტის _ ბ. ბ-ურის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო მისი ავადმყოფობით, ხოლო წარმომადგენლის კ. ნ-შვილის გამოუცხადებლობა, ახლო ნათესავის გარდაცვალებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება საპატიოდ, თუ მისი ავადმყოფობა დადასტურებული იქნება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ უნდა უთითებდეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი აუცილებელ პირობად მიიჩნევს ავადმყოფობის დამადასტურებელ დოკუმენტზე სამედიცინო ხელმძღვანელის ხელმოწერას და ამ დოკუმენტში იმაზე მითითებას, რომ მხარეს სასამართლო პროცესზე გამოცხადება არ შეეძლო.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ბაკურიანის საავადმყოფოს დირექტორის მიერ 2008 წლის 19 მარტს გაცემული ცნობით, ვერ დასტურდება, რომ აპელანტ ბ. ბ-ურს, სწორედ სხდომის დღეს, 2008 წლის 17 მარტს, არ შეეძლო გადაადგილება და სასამართლო პროცესზე გამოცხადება.
ბ. ბ-ურის წარმომადგენელ კახაბერ ნარიაშვილს არ წარმოუდგენია პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის მტკიცებულება.
პალატა განმარტავს, რომ, საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აპელანტის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მის მიმართ მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ. ბ-ური სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ბ-ურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.