Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №228აპ-16 ქ. თბილისი

კ-ე დ. 228აპ-16 28 სექტემბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დავით სიმონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 ივლისის განაჩენით:

დ. კ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 24,341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს გირაოს გადახდის უზრუნველყოფის მიზნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით ზ. კ-ს (პ/ნ…..) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მისამართი: ….. რაიონი, სოფელი ….. ფართობი - 1206 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 168,80 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლი, საკადასტრო კოდი -…..) დადებული ყადაღა.

მ. ლ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

მ. ლ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდა და გირაოს გადახდილი თანხა - 7000 ლარი სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.

მ. ლ-სა და დ. კ-ს განემარტათ, რომ უფლება აქვთ მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დავით სიმონიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი