¹ას-646-953-09 12 ნოებერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ხ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს თბილაბრეშუმ “ცისარტყელა” (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება.
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო ნაგებობის დემონტაჟი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „თბილაბრეშუმი ცისარტყელას“ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „თბილაბრეშუმი ცისარტყელამ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს თბილაბრეშუმი „ცისარტყელა“ წარმოადგენდა თბილისი, გურამიშვილის გამზირი ¹64 მისამართზე მდებარე, 72331 (სამოცდათორმეტი ათას სამასოცდათერთმეტი) მ2 დაზუსტებული ფართის მქონე ¹05/045 მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეს.
საქართველოს სსრ თბილისის სახალხო დეპუტატთა სახალხო საბჭოს აღმასკომის ქალაქის დიზაინისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 1989 წლის 30 ოქტომბრის ¹10 შეთანხმებით დადასტურდა, რომ შეთანხმებულად ჩაითვალა ქ.თბილისში ლენინის რაიონში ... ქუჩაზე აბრეშუმის ფაბრიკის შესასვლელის მიმდებარედ, საყარაულო ჯიხურის გასწვრივ ინდივიდუალური ფეხსაცმელების შემკეთებელი სახელოსნოს განთავსება სამმართველოში წარდგენილი და შეთანხმებული პროექტის მიხედვით ზომით 3X4 მ. კაპიტალური. აღნიშნული ასევე დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი სქემატური ნახაზითაც.
ფეხსაცმელების შემკეთებელი სახელოსნო ა. ხ-ძის მიერ აიგო 1990 წელს, ხოლო მოგვიანებით ამ სახელოსნოს მან უნებართვოდ მიაშენა ვულკანიზაციისათვის განკუთვნილი ფართი.
საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერითა და საკადასტრო აზომვითი ნახაზით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო ნაგებობები იმ დროს არსებული მდგომარეობით მოქცეული იყო სს თბილაბრეშუმი „ცისარტყელას“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში და აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება ა. ხ-ძეს არ წარმოუდგენია.
ამავე დროს, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მისი უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც სადავო ნაგებობა იყო განთავსებული.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნაგებობა განლაგებული იყო იმ მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რომელზეც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მოსარჩელე სს თბირლაბრეშუმი „ცისარტყელას“ საკუთრების უფლება.
პალატამ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მშენებლობის პროექტის შეთანხმება (სადავო ნაგებობის ნაწილზე), რომელიც გაცემული იყო საქართველოს სსრ თბილისის სახალხო დეპუტატთა სახალხო საბჭოს აღმასკომის ქალაქის დიზაინისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ, არ წარმოშობდა უძრავ ნივთზე რაიმე უფლებებს. სანივთო უფლების წრმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია; შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ა. ხ-ძე სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მესაკუთრე უფლებამოსილი იყო, გამოეთხოვა თავისი ნივთი მოპასუხის მფლობელობიდან მასზე განთავსებული უკანონო ნაგებობის დემონტაჟის გზით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დააკმაყოფილა სს თბილაბრეშუმი “ცისარტყელას” საჩივარი და მოპასუხე ა. ხ-ძეს დაავალა მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე აშენებული ფეხსაცმელების ატელიესა და ვულკანიზაციის შენობების დემონტაჟი.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა. ხ-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ხ-ძის მიერ აგებული ნაგებობები მდებარეობს სს „თბილაბრეშუმი „ცისარტყელას“ საკუთრებაში. არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში და მიიჩნია, რომ ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა სადავო ნაგებობის დემონტაჟი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს დასკვნა დაუსაბუთებელია.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლოს უნდა დაედგინა ჰქონდა თუ არა ა. ხ-ძეს სადავო ქონების მფლობელობის უფლება, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. აღნიშნული ფაქტის დასადგენად სასამართლოს უნდა შეეფასებინა თბილისის სახალხო საბჭოს აღმასკომის ქალაქის დაზიანებისა და კეთილმოწყობის სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვები. სასამართლო უთითებს, რომ ეს დოკუმენტები არ წარმოშობის სანივთო უფლებას, რადგან ასეთი უფლება წარმოიშობა მხოლოდ გარიგების დადებითა და ამ გარიგების რეგისტრაციით საჯარო რეესტრში. აღნიშნული დათქმა მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლში. მაგრამ მითითებული ნორმის თანახმად გარიგების დადება და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში აუცილებელია უძრავი ნივთის შესაძენად. მოცემულ შემთხვევაში კი დავა გამომდინარეობს არა საკუთრების, არამედ მფლობელობის უფლებიდან. ამდენად აღნიშნული ნორმის შინაარსი არასწორადაა მითითებული საააპელაციო სასამართლოს მიერ.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ სადავო ნაგებობა აშენებულია 1990 წელს ანუ მიწის ნაკვეთის მოსარჩელის საკუთრებაში გადასვლამდე. ამასთან, ა. ხ-ძის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული ორგანოს ნებართვები გაუქმეული არ არის, აღნიშნულს კი სასამართლოს მიერ მიეცა არასწორი შეფასება, უფრო მეტიც, აღნიშნული მტკიცებულებების დაყრდნობით სასამართლოს არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, თუ რა ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და არსებობს თუ არა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის გამოყენების საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება არასრულია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს არის თუ არა ა. ხ-ძე სადავო ნაგებობს მართლზომიერი მფლობელი და უფლებამოსილია თუ არა მოსარჩელე განახორციელოს ნაგებობის დემონტაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ხ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.