Facebook Twitter

¹ას-649-1026-06 22 იანვარი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ჯ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე – ჯ. გ-ის სარჩელის გამო მოპასუხე სს “ .. .. ..” მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ჯ. გ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს სს „ .. .. ..“ მიმართ და მიუთითა, რომ 1969 წლიდან მუშაობდა სს „ .. .. ..“ მებიგედ, იმ პერიოდში საწარმოო გაერთიანება იყო ს. ო-ის, ამჟამად კი ა. წ-ის სახელობის .... სამმართველო. 1985 წლის 8 მარტს, სამუშაოზე მუშაობის პერიოდში, მიიღო საწარმოო ტრავმა, რაზედაც შედგა შესაბამისი საწარმოო და სამედიცინო შემოწმების აქტები, მიეკუთვნა ინვალიდობის მე-3 ჯგუფი და დაენიშნა საწარმოო პენსია, რომელსაც ამჟამად ღებულობს, მაგრამ ასაღები აქვს 1990 წლიდან 2000 წლამდე პერიოდის თანხა - 1014 ლარი. მიუხედავად მისი მრავალგზის მოთხოვნისა, სს „ .. .. ..“ ხელმძღვანელობა არ უხდის დავალიანებას და არც აძლევს ოფიციალურ ცნობას დავალიანების შესახებ, თუმცა არ უარყოფს, რომ მოსარჩელის მიმართ მართლაც აქვს ვალი გადასახელი. ამასთან სიტყვიერად განმარტავს, რომ სს „ .. .. ..“ მიმართ გახსნილია გაკოტრების საქმის წარმოება და იგი სხვა კრედიტორებთან ერთად დავალიანებას მიიღებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა სს „ .. .. ..“ მის სასარგებლოდ დაეკისროს მისი კუთვნილი საპენსიო დავალიანება 1014 ლარის გადახდა და სს „ .. .. ..“ ბრალით გამოწვეული თანხის გადაუხდელობით საპროცენტო კომპენსაციის ანაზღაურება არსებული საბანკო პრაქტიკის გათვალისწინებით 1710 ლარი, სულ 2724 ლარი.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 აპრილის განჩინებით ჯ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ჯ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე სს „ .. .. .. “ წარმომადგენელმა ლ. ს-მა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება. მისი მითითებით, საწარმოში შედგენილია გაკოტრების ტაბულა და ჯ. გ-ი თავის კუთვნილ საპენსიო დავალიანებას მიიღებს აღნიშნულ ტაბულაში მითითებული რიგითობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ჯ. გ-სათვის თანხის გაცემისა და სს .. .. ..” რაიმე კომპენსაციის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაწესებულია საგაკოტრებო შეზღუდვები, რომლის თანახმადაც გაკოტრების საქმის გახსნისთანავე ძალას კარგავს ვალაუვალი მოვალის წინააღმდეგ ცალკეულ კრედიტორთა სასარგებლოდ დაწყებული, მაგრამ დაუსრულებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები. ამასთან, მიუთითა, რომ ჯ. გ-ის საკასაციო საჩივარი მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ჯ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.