¹ას-650-872-08 22 იანვარი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ე.-ა” (მოსარჩელე)
დავის საგანი – დავალიანების გადახდევინება
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „ს.-ის“ მიერ 2006 წლის 13 მარტს გორის რაიონულ სასამართლოში შეტანილ იქნა განცხადება გორის ... ბატალიონის მიმართ გადახდის ბრძანების მიღების შესახებ. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სს „ს.-ის“ მიერ გორის ... ბატალიონს მიეწოდება ელექტროენერგია. ამ უკანასკნელმა ჯეროვნად არ შეასრულა მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდის ვალდებულება და სს „ს.-ის“ მიმართ გააჩნია დავალიანება 17 964 ლარისა და 23 თეთრის ოდენობით. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად განმცხადებელმა მიუთითა 2005 წლის 1 ოქტომბრის ორმხრივი შედარების აქტზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მარტის გადახდის ბრძანებით დაკმაყოფილდა სს „ს.-ის“ გენერალური დირექტორის განცხადება გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონის მიმართ დავალიანების გადახდის ვალდებულების შესახებ, გორის ... ბატალიონს დაეკისრა სს „ს.-ის“ სასარგებლოდ 17 964,23 ლარის გადახდა.
2006 წლის 10 აპრილს მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი, რის საფუძველზეც მიღებულ იქნა განჩინება გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სასარჩელო წარმოების წესით განხილვის თაობაზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის განჩინებით სს „ს.-ის“ სარჩელი დავალიანების გადახდის შესახებ იმ გარემოების გამო, რომ მოცემულ დავაში სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით, განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 მაისის განჩინებით, სს „ს.-ის“ სარჩელის განხილვის მიზნით, დაინიშნა მთავარი სხდომა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, სს „ს.-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სასამართლოში საჩივარი წარადგინა სს „ს.-მ. საჩივრის ავტორმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით სს „ს.-ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ე.-ა“. ამავე სხდომაზე მიღებული საოქმო განჩინებით სს „ს.-ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა და განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ს.-ის“ უფლებამონაცვლე სს „ე.-აის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 17 964 ლარისა და 23 თეთრის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების მოსარჩელისათვის გადაუხდელობის გამო, დავალიანების არსებობა საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 1 ოქტომბრის შედარების აქტის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, კანონიერად გააუქმა მოცემულ საქმეზე ამავე სასამართლოს მიერ მიღებული 2007 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დადგენილად მიიჩნია, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება მხარეთა შორის არ დადებულა. საქმეში არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება მხარეებს შორის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ და სხვა აუცილებელი მტკიცებულებები, რაც სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას დაადასტურებდა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ვალის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა დასტურდებოდეს თავდაცვის მინისტრის ხელმოწერით, რადგან, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის ¹119 ბრძანებულების თანახმად, ის წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს და შესაბამის უფლებამოსილ პირს.
კასატორის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არის უკანონო. მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლომ მოსარჩელე მხარე სასამართლოში საქმის განხილვის დროის თაობაზე არ გააფრთხილა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 78-ე მუხლით დადგენილი წესით, არასწორია.
კასატორი ასევე უთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 პუნქტი – არ იმსჯელა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს “ე.-ს” (რომელიც წარმოადგენს სს “ს.-ის” უფლებამონაცვლეს) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებობდა ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის მოსარჩელისათვის გადაუხდელობის გამო დავალიანების არსებობა. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა საქმეში არსებული 2005 წლის 1 ოქტომბრის შედარების აქტის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის 2007 წლის 5 სექტემბრის ¹9/2713 წერილისა და 2007 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების საფუძველზე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება მხარეთა შორის არ დადებულა. ამასთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე მიუთითებს ელექტროენერგიის მიწოდებისა და, შესაბამისად, მისი მოხმარების ფაქტი, რომელსაც კასატორი ვერ აქარწყლებს.
ასევე არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არის უკანონო.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული საქმის განხილვა 2007 წლის 12 ივლისს დანიშნულ სხომაზე, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო 2007 წლის 6 სექტემბერს, 11 საათზე, რის შესახებაც სასამართლოს მიერ გაფრთხილებულ იქნა მხოლოდ მხარეთა წარმომადგენლები, ხოლო უშუალოდ მხარეებს შეტყობინა სასამართლოში საქმის განხილვის დროის თაობაზე არ გაეგზავნა.
ამასთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, იმ დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენდა, რომ სასამართლო შეტყობინება სასამართლოს უნდა გაეგზავნა არა მარტო წარმომადგენლისათვის, არამედ ასევე უშუალოდ მხარესათვისაც. აღნიშნული ნორმის იმპერატიული დანაწესის სხვაგვარი განმარტება დაუშვებელია. კასატორი არ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება სამოქალაქო საპროცესო ნორმის დარღვევა.
კასატორი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა სწორად შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ იქნა სწორად შეფასებული 2005 წლის 1 ოქტომბრის შედარების აქტი, რადგან კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული აქტი არ არის ვალის აღიარება.
კასატორი ასევე უთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე.
აღნიშნული გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე¹” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, კერძოდ, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლო არ მსჯელობს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, არ იკვლევს და არ ადგენს ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც განისაზღვრება მოთხოვნის ხანდაზმულობის სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შეუძლებელია მოთხოვნის ხანდაზმულობაზე ან ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კანონიერების შემოწმება.
ამასთან ერთად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა მის მიერ შეფასებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები მიუთითებენ თუ არა საქართველოს დავდაცვის სამინისტროს მიერ მომავალში ვალდებულების შესრულებაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. კანონის აღნიშნული დანაწესი მიუთითებს იმაზე, რომ მტკიცებულებების შეფასება უნდა მოხდეს ერთობლიობაში, მხოლოდ მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა წარმოადგენს მათი სწორი შეფასების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ხანდაზმულია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა და სამართლებრივად სწორად შეაფასოს საქმეში არსებული მასალები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.