ას-652-1029-06 14 მარტი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ კ. ძ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ბ. ძ-ი; გ. ძ-ი (მოპასუხე)
კასატორის მოთხოვნა ---თბილისის სააპელაციო სასამარტლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა და მისი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 14 დეკემბერს მცხეთის რაიონელ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოპასუხე კ. ძ-მა, მოპასუხედ კი დაასახელა ბ. და გ. ძ-ები და მოითხოვა უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა და მისი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
კ. და ბ. ძ-ები არიან ძმები. გ. ძ-ი ბ. ძ-ის შვილია. კ. და ბ. ძ-ების დედის, ს. ძ-ის სახელზე ირიცხებოდა მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლი, აშენებული 1959 წელს, 32,8 კვ.მ საცხოვრებელი ფართით და სარდაფ სართულით. ს. ძ-ი გარდაიცვალა 1995 წლის 27 იანვარს. 2004 წლის 14 დეკემბერს ს. ძ-ის შვილმა კ. ძ-მა სარჩელი აღძრა თავისი ძმის ბ-ისა და ძმისშვილ გ. ძ-ის მიმართ, მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად დედის დანაშთ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა, ვინაიდან ფაქტობრივად მიღებული ჰქონდა დედის სამკვიდრო. ასევე მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ბ. და გ. ძ-ების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილიყო ზემოთ მითითებული ქონება.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 17 მაისს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ძ-ის სარჩელს ეთქვა უარი. სარჩელზე უარის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ არ დგინდებოდა თუ რას წარმოადგენდა ს. ძ-ის სამკვიდრო ქონება და შესაბამისად ვერ დადასტურდა გარემოება კ. ძ-ის მიერ სამკვიდროს დაუფლების თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ძ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება. სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ იგი 1985 წლიდან ცხოვრობდა ს. ძ-ის სახლში. დედის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდროს, მაგრამ სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მისი ეს არგუმენტი და უსაფუძვლოდ უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2006 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი. კ. ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორადაა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში წარმოდგენილია მცხეთის რაიონის ... სოფლის საკრებულოს გამგეობის მიერ გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ. 49). იმის თაობაზე, რომ 1999 წლის 29 ნოემბერს დაიწვა სოფ. ... ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსებული იყო საკრებულოს და ... მეურნეობის სააქტივო მასალები და დაიწვა 1983-1999 წლის ყველა სახის დოკუმენტი. ამდენად, სოფლის საკრებულოდან ვერ იქნა წარდგენილი საკომლო ჩანაწერები, რითაც დადასტურდებოდა თუ რას წარმოადგენდა ს. ძ-ის კომლის ქონება და ვინ იყო კომლში რეგისტრირებული. აღნიშნული ცნობით დასტურდება, რომ 1986-95 წლებში ს. ძ-ის კომლში რეგისტრირებული იყვნენ შემდეგი პირები: თავად ს. ძ-ი და მისი შვილები: გ. და კ. ძ-ები. ამდენად უნდა დაეყრდნონ მცხეთის რაიონული სახელმწიფო არქივის მიერ გაცემულ ცნობას. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ს. ძ-ის გარდაცვალებისას 1995 წლის 25 იანვარს მის კომლში სამკვიდრო არ გახსნილა, ვინაიდან იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 569-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლში მემკვიდრეობა იხსნებოდა კომლის უკანასკნელი წევრის გარდაცვალებისას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ძ-მა.
კასატორის აზრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება უკანონოა. ვინაიდან გადაწყვეტილებაში არ ფიგურირებს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტრბი: კერძოდ 1950 წლით დათარიღებული ქონების გაყოფის აქტი. კასატორის განმარტებით ასევე არ იქნა გამორკვეული სასამართლოს მიერ თუ რის საფუძველზეა რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი მოპასუხის სახელზე, როდესაც ისინი სხვა კომლს შეადგენდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე კ. ძ-მა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ს. ძ-ის ოჯახი წარმოადგენდა კომლს და ეწეოდა საკომლო მეურნეობას.
საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი სამართლებრივი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრუწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და იქმნებოდა მუშა-მოსამსახურის ოჯახი, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხოლებში აღნიშნული წესებით.
ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნით.
„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 22.09.92 წ. ¹949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.93წ. ¹29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებასთან დაკავშირებით, არსებობას წყვეტს საკოლმეურნეო კომლიც. საკომლო მეურნეობა, საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავებით წარმოადგენს ფერმულ მეურნეობას, საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავებით მის ძირითად დანიშნულებას შეადგენს არა დამხმარე მეურნეობის, არამედ მთლიანად სასოფლო-სამეურნეო წარმოების წარმართვა. ფერმერული მეურნეობა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ 22.03.96წ. კანონის მე-4 მუხლის თანახმად შეიძლება არსებობდეს საკომლო (გლეხური, ფერმერული) მეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო იურიდიული პირის სახით. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იყოს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული. კანონის აღნიშნული ნორმა გაუქმდა 14.06.2000წ. კანონით. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მეორე ნაწილი უთითებს, რომ ურთიერთობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. აღნიშნული იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და საადგილმამულო მეურნეობაზე კომლის წევრთა თანასაკუთრების არსებობა მოწესრიგდეს სამოქალაქო კანონმდებლობის (1323-ე, 1463-ე, 1514-ე მუხ.) შესაბამისად. საადგილმამულო წიგნში რეგისტრაცია, საფუძველი იქნება სოფლად მცხოვრები ოჯახის (რომელიც ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და ამ მიწაზე ეწევა საერთო საქმიანობას) კომლად მიჩნევისა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ:
საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანს, საკოლმეურნეო კომლის ქონებაში თანაბარი წილი ეკუთვნოდა.
მას შემდეგ, რაც კომლის არსებობას აღარ აქვს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, კომლი წყვეტს არსებობას და კომლის ქონება გარდაიქმნება კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულს თანაბარი წილი ეკუთვნის.
სააპელაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს კომლის არსებობის შეწყვეტის მომენტი და ამ მომენტისათვის კომლის წევრთა რაოდენობა. შესაბამისად, კომლის ყოფილ წევრთა წილები სადავო ქონებაში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გარკვევით, სააპელაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს მოდავე მხარეების უფლებრივი დამოკიდებულება სადავო ქონებასთან მიმართებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ. ძ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების და და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.