ას-652-982-07 29 ნოემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. რ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე – დ. რ-ი (მოპასუხე)
დავის საგანი - მემკვიდრედ ცნობა, მამკვიდრებლის ქონების მიკუთვნება და სამკვიდრო ქონების გადაცემა
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. რ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ. რ-ს მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილი გ. მ-ის დანაშთი ქონების, როგორც მეორე რიგის კანონით მემკვიდრისთვის მიკუთვნება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. რ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მ. რ- ცნობილი იქნა მემკვიდრედ და მესაკუთრედ გ. მ-ის დანაშთ ქონებაზე ქ.მცხეთაში, ... ქ. ¹66-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/3 წილზე.
ი. მ-მა 2006 წლის 4 სექტემბერს განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა იმავე სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 იანვრის განჩინებით ი. მ-ს განცხადება მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ი. მ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინებით ი. მ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 იანვრის განჩინება და ი. მ-ს განცხადება მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
მ. რ-ს წარმომადგენელმა ა. ჩ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მ. რ-ს წარმომადგენელს ა. ჩ-ს დაევალა ხარვეზის შესავსებად ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დავის საგნის დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე დავის საგნის ღირებულების 5%-ის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა; ა. ჩ-ს დაევალა ასევე ზემოაღნიშნულ ვადაში წარმოადგინოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მის სახელზე გაცემული საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი სპეციალური მინდობილობა.
მ. რ-ს წარმომადგენელმა ა. ჩ-მა 2007 წლის 4 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების მიზნით ვადის გაგრძელება, ვინაიდან მ. რ-ი საპატიმროში იმყოფება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მ. რ-ს წარმომადგენელს ა. ჩ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა. მას დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დავის საგნის დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე დავის საგნის ღირებულების 5%-ის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებლად; ასევე ა. ჩ-ს დაეკისრა ზემოაღნიშნულ ვადაში წარმოადგინოს მის სახელზე გაცემული საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი სპეციალური მინდობილობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. რ-ს წარმომადგენელი ა.ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მ. რ-ს წარმომდაგენელს ა. ჩ-ს დაევალა ხარვეზის შესავსებად ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დავის საგნის დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე დავის საგნის ღირებულების 5%-ის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა; ა. ჩ-ს დაევალა ასევე ზემოაღნიშნულ ვადაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის სახელზე გაცემული საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი სპეციალური მინდობილობის წარმოდგენა (ს.ფ. 106-108).
ამავე პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მ. რ-ს წარმომადგენელს ა. ჩ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა. მას დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის, სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 5%-ის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა; ასევე ა. ჩ-ს დაეკისრა ზემოაღნიშნულ ვადაში მის სახელზე გაცემული საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი სპეციალური მინდობილობის წარმოდგენა.
მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 115-117).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა მ. რ-ს წარმომადგენელს ა. ჩ-ს სამუშაო ადგილზე, ასევე საცხოვრებელ მისამართზე, რომელიც 2007 წლის 18 ოქტომბერს ჩაბარდა ა.ჩ-ის მეუღლეს თ. დ-ს (ს.ფ. 119), ხოლო მ. რ-ს სახელზე გაგზავნილი ხარვეზის შევსების განჩინება ჩაბარდა მის შვილს 2007 წლის 29 ოქტომბერს (ს.ფ. 122). ზემოაღნიშნული განჩინება მ. რ-ს გაეგზავნა სასჯელაღსრულების დაწესებულების ¹... კოლონიაშიც, რომელიც კანცელარიას ჩაბარდა 2007 წლის 13 ნოემბერს (ს.ფ. 124).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით; მაგრამ მ. რ-ს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ვინაიდან მ. რ-მა სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზები და არ წარმოადგინა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და საკასაციო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. რ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.